გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზურაბ გურული: უსაშველოდ შეურაცხმყოფელია ამდენი ღალატის და სიბინძურის ხილვა

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 დეკემბერი 2019

სახელმწიფო შაგრენის ტყავივით ქრება, რაც დარჩა იხრწნება, ბეჩავდება და კვდება  — წერს სოციალურ ქსელში  აშშ-ის მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზიისა და ქირურგიის დეპარტამენტების დირექტორი, ასევე მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური ანესთეზიოლოგიის პროფესორი ზურაბ გურული.

პოსტს “გურიის მოამბე“ უცვლელად გთავაზობთ:

ძალიან მიჭირს საქართველოს უახლესი და გასული საუკუნის ისტორიული, დოკუმენტური ფილმების ნახვა. თან უსაშველოდ შეურაცხმყოფელია ამდენი ღალატის და სიბინძურის ხილვა, თან სასოწარკვეთა მიპყრობს უსაშველობის გამო და თანაც ბრაზი და სიძულვილი, რადგან უამრავი დიდი და მცირე ღალატის შემოქმედნი მეტნაკლებად მშვიდად შემორჩნენ ისტორიას; უფრო მეტიც, მათმა შთამომავლობამ მოახერხა და ხშირად თავს იწონებს კიდეც წინაპრებით.

ამ დღეებში ალბათ ყველამ უყურა 1924 წლის აჯანყების მასალებზე შექმნილ დოკუმენტურ ფილმს. რა შანსი ჰქონდა მაშინ საქართველოს ამდენი ქართველი ბოლშევიკის და მათ გულშემატკივართა ხელში? - ნოლი!

თავადაზნაურობისა და არისტოკრატიის მიმართ პლებეების სიძულვილი უნივერსალურია და დასავლური ლიტერატურაც საკმარისად აღწერს, მაგრამ რუსეთის იმპერია ერთადერთი სივრცე იყო, სადაც პლებეებმა ამ სიძულვილზე სახელმწიფო შექმნეს, ბოროტების იმპერია.

ქართველი პლებეებიც ამ იმპერიის ორგანულ ნაწილად იქცნენ და სწორედ აქედან მიეცა დასაბამი თანამედროვე საქართველოს ყველა უბედურებასაც, რაც დღეს განსხეულებულია ფსევდორელიგიურ და ფსევდოპატრიოტულ ფანატიზმში, გაუნათლებლობა-სიძულვილში, მოქალაქეობრივ-სახელმწიფოებრივ უთავმოყვარეობაში და უსასრულო ბოღმაში.

მასიური ლუსტრაცია და არქივების ბოლომდე გახსნა თეორიულ შანსს მაინც იძლეოდა ეროვნული კათარზისისათვის, მაგრამ მაშინ, როდესაც 1990 იანი წლების ისტორიაც კი უპრობლემოდ ყალბდება თანამედროვეთა თვალწინ, ე.წ. ქართული ხათრიჯამობის გამო, ალბათ ეგ კათარზისიც მხოლოდ თეორიულადაა შესაძლებელი.

ვისაც სასოწარკვეთა იპყრობს 24 წლის აჯანყების ისტორიის გაცნობისას, შევახსენებ, რომ დე ფაქტო ანალოგიური სიტუაციაა საქართველოში ამჟამად.

სახელმწიფო შაგრენის ტყავივით ქრება, რაც დარჩა იხრწნება, ბეჩავდება და კვდება; სამაგიეროდ პლებეები ბედნიერნი არიან რომ ყველა ერთად ვართ ჯოჯოხეთში, ისევე როგორც ბედნიერნი იყვნენ სსრკ-ში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია