შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციულად ალილო გაიმართა დღეს ოზურგეთში. მსვლელობა სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო.
ალილოს მონაწილეებმა საკათედრო ტაძრიდან გამოიარეს იოანე პეტრიწის ქუჩა, შემდეგ ჭავჭავაძის პროსპექტი და ყოფილი პროკურატურის სინა მდებარე აღმართის ავლის შემდეგ ოზურგეთის ადმინისტრაციის შენობასტან გაჩერდნენ.
მეალილოეებს ადმინისტრაციის შენობასთან შეეგებნენ მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელები და მათ საშობაო ძღვენი გადასცეს.
შემდეგ კი ერისთავის ქუჩის დაღმართს დაუყვნენ და გეზი "პირველი სავაჭრო სახლის" "ჩემი მარკეტისაკენ" აიღეს... თუმცა უხვი ძღვენისა და დიდი რაოდენობით სუპერმარკეტის წინ "გამოფენილ" "ჩემი მარკეტის" თანამშრომლებმა ალილოს მთავარი ატრიბუტის - ურემში გაბმული ხარის ხილვა ვერ შეძლეს და გაკვირვებულებმა ძღვენით ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის ლევან მგელაძის კუთვნილი ჯიპი აავსეს.
მოულოდნელობა ერისთავის ქუჩის დაღმართში მოხდა, როცა ხარმა გზის გაგრძელება არ ისურვა და იქვე ტროტუართან გაჩერდა.
ბევრი ექაჩა მეპატრონემ, სასულიერო პორებმა და მედავითნეებმა, მგალობლებთან ერთად ხარს იქედან და აქედან, მაგრამ...
ბევრს ირწმუნებოდა ხარის მეპატრონე, ცხემლისხიდელი ბადრი გოგეშვილი, რომ "პრობლემას" უცებ მოაგვარებდა და სახრეს გამალებით ულაწუნებდა პირუტყვს: "დაღმართია და ეზარება უბრალოდ" -ასე ხსნიდა ის ხარის გაჩერების მიზეზს.
თუმცა მამა ბასილ კვირჩილაძემ ჩაილაპარაკა 25 წლის ყოფილა და ისე "არც აღმართში გამოიყურებოდა მედგრადო"
საბოლოოდ ხარმა თავისი გაიტანა და ის პროცესს ჩამოშორდა, მეალილოეებმა კი რიტუალი ხარის გარეშე განაგრძეს და როგორც ზემოთავღნიშნეთ - ხარს ლევან მგელაძის "ტოიოტა პაჯერო იო" ჩაენაცვლა.
ხარი ბადრი გოგეშვილისაგან სპეციალურად ამ რიტუალისათვის ოზურგეთის მერიამ იქირავა, მისი ქირავნობა ადგილობრივ ბიუჯეტს 300 ლარი დაუჯდა.
საქართველოში ალილოს ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს. დღესდღეობით ალილოს ზეიმობენ სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ. მსვლელობას სხვადსხვა ეკლესიის მრევლი უერთდება , მგალობლები ყველას ქრისტეშობას ულოცავენ. შეგროვილი შესაწირი კი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს გადაეცემა