შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მუნიციპალიტეტის საკრებულოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლებამოსილება ექნებათ

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 იანვარი 2020

საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების უფლებამოსილება თბილისის მუნიციპალიტეტის მსგავსად, სხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოებსაც ექნებათ.

შესაბამისი ცვლილებები „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა.

,,ცვლილებებით მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილება მიენიჭება, საკუთარი უფლებამოსილებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი დააფუძნოს – მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ დასახლებაში/დასახლების ნაწილსა და დასახლებათა ერთობლიობაში, რომლის უფლებამოსილება იქნება, შესაბამის ტერიტორიაზე შემდეგი უფლებების განხორციელება: მოსაკრებლების ამოღება, ტერიტორიის კეთილმოწყობის და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარება, ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების დასუფთავება, მუნიციპალური ნარჩენების მართვა, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვა, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფა, მშენებლობის ნებართვის გაცემის, მშენებლობაზე საჯარო ზედამხედველობის განხორციელების, გარე რეკლამის განთავსების რეგულირება.

ზემოაღნიშნული უფლებამოსილებების გარდა, შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიენიჭება უფლება, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აგრეთვე, მიანიჭოს შემდეგი უფლებამოსილებები: გარე განათების უზრუნველყოფა, ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე საგზაო მოძრაობის ორგანიზება, მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება, გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირება, ქუჩების, პარკების, სკვერებისა და სხვა საჯარო ადგილების გამწვანება, უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, ადგილობრივი მნიშვნელობის ობიექტებზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, ბავშვებისა და მოხუცებისათვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარება, მათ შორის, საჯარო თავშეყრის ადგილებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის სათანადოდ ადაპტირებისა და აღჭურვის უზრუნველყოფა.

კანონპროექტით დგინდება ისიც, რომ დასახლებას/დასახლების ნაწილსა და დასახლებათა ერთობლიობას, მუნიციპალიტეტთან შეთანხმებით, განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, მუნიციპალიტეტთან შეთანხმებული ერთობლიობის ფარგლებში კი, საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების საკითხს მუნიციპალიტეტი დამოუკიდებლად გადაწყვეტს.

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული რეგულირება იმოქმედებს 2030 წლამდე პერიოდში, როგორც დროებითი მექანიზმი. აღნიშნულ პერიოდში შესაძლებელი იქნება უზრუნველყოფილ იქნეს მართვის ეფექტიანობის ამაღლება და გამოცდილების დაგროვება, რაც მუნიციპალიტეტს ნებისმიერი სახის არეალზე მისი უფლებამოსილებების ჯეროვნად, სათანადო დონეზე განხორციელების და ამ უფლებამოსილებების ფარგლებში გათვალისწინებული სერვისების მოსახლეობისთვის შეუფერხებლად მიწოდების შესაძლებლობას მისცემს”,– ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია