გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურიაში სადაც "კალანდას" "სიმწრით" ხვდებიან მიიჩნევენ რომ "პენსიის 20 ლარით მომატება არის დაცინვა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 11 იანვარი 2020

"პენსიის 20 ლარით მომატება არის დაცინვა, კალანდას კი ვხვდებით სიმწრით“- როგორ ხვდებიან გურულები კალანდას და რას ფიქრობენ მომატებულ პენსიაზე

მაშინ როდესაც საახალწლო განწყობა ჯერ კიდევ ატყვია ქალაქს, განათებულია ვიტრინები და თავს იწონებენ ბაღებსა და სკვერებში განთავსებული მორთულ-მოკაზმული ნაძვის ხეები, ჩვეულებრივი გურულები უკვე იმას ფიქრობენ, საახალწლოდ სუფრის გასაწყობად და შვილების საჩუქრისთვის აღებულ ვალს, როდის და როგორ დააბრუნებენ.

გაძვირებული ცხოვრება სადღესასწაულო განწყობას და ოჯახის მენიუსაც დაეტყო, წინა წლებთან შედარებით, უფრო გაღარიბდა გურული კაცის სუფრა. აღარც ღორები იკვლება ყველა ოჯახში კალანდას,როგორც ეს ოდითგანვე ტრადიციულად ხდებოდა.

ამასობაში მთავრობამ, იანვრიდან პენსიები და სოციალური პაკეტი 20 ლარით გაზარდა.გაძვირებული ცხოვრების ხარჯზე კი ეს თანხა დიდად არც დაეტყობა ოჯახების ბიუჯეტს.

რა განწყობით, როგორი იმედებით შეხვდნენ შობა-ახალ წელს გურულები, რას ფიქრობენ 20 ლარით გაზრდილ პენსიასა და სოციალურ დახმარებაზე, როგორ დაეტყობა მათ ოჯახებს ეს თანხა და რის გამოსწორებაზე ოცნებობენ ,"გურიის მოამბემ " ქუჩის გამოკითხვა გააკეთა და რამოდენიმე ადგილობრივის აზრი მოისმინა:

გოგუაძე - ახალ წელს კი შევხვდით, მაგრამ მინდა  კარგი განწყობით რო შევხვედრილიყავი.  არა მარტო მე ყველა ისეა, რომ  ახალი  წლის მოსვლა არ იგრძნობა. განწყობაც რა თქმა უნდა არაა.  დაძაბული მდგომარეობის გამო, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება.  განუკითხაობაა, უსამართლობაა. ეს ყველაფერი „მთავარი არხით“-აც აისახება, თუ ვინმეს სწამს ამ არხის, ერთადერთი არხია,  რომელიც  სრულ სიმართლეს გადმოსცემს. მე პირადად, ვეთაყვანები ამ არხს. ქვეყანაში ძალიან გაჭირვებაა  და კარგი განწყობაც ნაკლებია.  წინა წლებში გაცილებით უფრო მეტი ხალხი დადიოდა  ქალაქში და ემზადებოიდა ახალი წლისთვის, ვიდრე  წელს. მე  ყოველდღე  ვუყურებ ამ მდგომარეობას. ვერ ყიდულობს ხალხი საარსებო  წყაროს. რაც შეეხება პენსიის 20 ლარით მომატებას, მაგი არის ხალხის აგდება. 20 ლარი არის ერთი დღის საკვები, რომ გახვიდე ბაზარში  და იყიდო. 20 ლარი დღეს უდრის  ==  არაფერს. უშუქობის და უგაზობის პერიოდი  იყო და არც დოლარი  ავარდნილა  ამხელაზე და  არც ლარის  კურსი  გაუფასურებულა.   ეს ვაჟბატონი ივანიშვილი კი, გამოდის და  ამბობს მაგარი ქვეყანა ვართ და  წინ ვართო. წინ მაგენია,  თორე ჩვენ რაში ვარ წინ,   ყველანაირად გაგვანადგურა. არც საკალანდო განწყობა მაქვს. ვმუშაობ,  ხელფასი მაქვს, მაგრამ ოთხი ბანკის ვალი  მაქვს  და 4-ჯერ  მეტი  მაქვს გადასახდელი. ბანკისთვის ვარსებობ ასე გამოდის  და საჭმელი რითი ვიყიდო.   ეს მე ვარ  ასე, რომელიც ვმუშაობ და  მაინც მიჭირს და ვინც არ მუსაობს იგენმა რა უნდა ქნას.  საცოდავი პენსიონერები ამ ოცი ლარით რას იზამს. 20 ლარით კი არა, 500 ლარით უნდა გაზრდილიყო პენსია.  წამალს ვინც ყიდულობს,  იმას შეიძლება არც მაგდენი არ ეყოს  და მითუმეტეს  20 ლარი რაა??  ეს არის ხალხის აგდება და თუ ჩემს სიტყვებს არ ადასტურებენ, მაშინ 220 ლარით იცხოვრონ პარლამენტის თითოეულმა  წევრმა და ნახოს რაფერ იარსებებენ.

 

იური ზაქარიაძე - ყველაფერი გაძვირებულია და არაფერი არაა ეს 20 ლარი დამატება. 50 ლარი რომ დაემატებიათ კიდო რაცხა იქნებოდა  და 20 ლარი არის მოტყუება.  მაგაზე  მეტი  პროდუქტებს დაემატა. ყველაფერი  გაძვირებულია.

ტრაპაიძე - დასაცინია  პენსიონერებისთვის მაგი, აბუჩად აგდებაა. რა არის ოცი ლარი სამარცხვინო ამბავია. არანაირი განსხვავება  კალანდისთვის შესახვედრად,  როგორც ჩვეულებრივი რიგითი დღე,  ისე ვხვდებით  ძველით ახალ წელს, კალანდას, არანაირი საშუალება. არ გვაქვს საახალწლო განწყობა --უიმედობაა ხალხში.

თემური - მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან კარგად ვხვდები კალანდას. განწყობაც საუკეთესოა. პატარა გაჭირვება კია მარა, უარესიც ყოფილა.  20 ლარი დანამატი რა თქმა უნდა პატარაა, მაგარამ მაგაზეც მადლობელი ვარ.კარგი იქნება ამ წელს თუ გადახედავენ და უფრო მეტ სიკეტეებს გაითვალისწინებენ ხალხისთვის.ყველაფერი გაძვირებულია და 20 ლარის მომატება არა მთლად კარგი,მაგრამ სულ არაობას კი სჯობს.

მ.ფ. - კალანდას შევხდვები დიდი ღორის თავით. მშიერი ხალხის პირობაზე, სუპერ განწყობით ვხვდებით კალანდას. დანამატი 20 ლარი ძალიან ცოტაა. ნული მიუწერონ (20(0))  და ეს იქნება  კარგი. უფრო მეტად და სერიოზულად უნად ამოძრავდეს მთავრობა ხალხისთვის. სადისტი მთავრობა  არაა, მაგრამ სადისტობაა თუ მშიერი იქნება ხალხი. ჩიხში ყოველთვისაა ჩვენი მთავრობა, იმიტომ რომ ხალხი ვართ ასეთი. მასე კი არ უნდა, არამედ უნდა დავეხმაროთ. თორე სკამების  გულისთვის ვიღაცამ ვიღაცა მიიმწყვდიოს ჩიხში,  მასე ქვეყანა არ აშენდება.  ხალხისთვის უნდა მოქონდეს სარგებელი, ისეთი მთავრობა უნდა ყავდეს ქვეყანას  და არა საკუთარ ჯიბეების სარგებლისათვის.

ნანა ლ - მაგენს ქონდეს მაგი ოცი ლარი და  თუ ეყოფათ ნახონ და არ მიაღწიონ   პენსიამდე.  ვინცხამ დააწესა აი კანონი მთავრობაში იმას ეკუთვნის აგი წყევლა. კალანდას ვხვდები  სიმწრით, თუ არ გამევედი ქუჩაში და არ ვივაჭრე, ისე არაფერი არაა. განწყობაც  სიმწრის მაქვს.

ქეთევანი - იმხელა დანამატია,რომ სად დავხარჯოთ არ ვიცით. არაა საკმარისი მარა, როგორც მყოფნის ისე ვანაწილებ. ძირითადად წამალი მჭირდება. ძაან ცოტაა,  მარა ვინ დაგვიმატებს. ალბათ, ჩვენ მთავრობას არც რესურსი აქვთ და არც სურვილი რომ დაგვიმატონ და  ვიყოთ  ნორმალურად.  შესაცვალია მაი მთავრობა.  ახალი წლისთვის, ალბათ, არცა არაფერი არ ექნებოდა ხალხს სუფრაზე, რომ არა  ოჯახის ერთი წევრი მაინც  საზღვარგარეთ არ ყავდეს და ის არ უგზავნიდეს.

 

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია