სამცხე-ჯავახეთი
ახალციხის კლინიკებში გრიპის სიმპტომებით პაციენტების მიმართვიანობა გაიზარდა
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
11 იანვარი 2020
ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალსა და კლინიკა „იმედში“ ბოლო პერიოდში ვირუსული ინფექციებით ბვერი პაციენტი მიდის. ვირუსი ძირითადად 0–დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებშია გავრცელებული.ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის ბავშვთა განყოფილებაში დღეში მინიმუმ 18-20 პაციენტი შედის. კლინიკის მენეჯერის რევაზ კუჭუხიძის თქმით, პაციენტებს ძირითადად ზედა სასუნთქი გზების ინფექცია და პნევმონია აქვთ.„0–დან 7 წლამდე ბავშვები არიან. 20 პაციენტი მაინც გვყავს ხოლმე, თუმცა ეს რიცხვიც ცვალებადია, სეზონური ვირუსია“, - ამბობს კუჭუხიძე.პაციენტებით სავსეა კლინიკა „იმედიც“, აქ მნახველების შესვლა შეზღუდულია და კლინიკის ბავშვთა განყოფილების შესასვლელს „კარანტინი“ აწერია.ექიმები გრიპის ვაქცინის გაკეთებას, ჰიგიენის დაცვასა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მორიდებას გვირჩევენ.„ცხელება რამდენიმე დღის განმავლობაში, საერთო სისუსტე, სითხისა და საკვების მიუღებლობა, ღებინება ეს ის ნიშნებია, რის გამოც უნდა მიაკითხოთ ექიმს. ჩვენთან პაციენტები ძირითადად 0–დან ხუთ წლამდე ბავშვები არიან, ასევე არიან მოზრდილებიც. მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა, მოერიდნონ თავშეყრის ადგილებს და მიიღონ ვიტამინები. ასევე აუცილებელია ჯანსაღი კვება და გრიპის ვაქცინაცია“, - ამბობს პედიატრი გულიკო თათეშვილი.ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში გვითხრეს, რომ გრიპის ვირუსით დაავადებულთა პიკი მიმდინარე წლის იანვრის პირველი კვირა იყო. „ამბულატორიული მკურნალობის 55 შემთხვევა დავაფიქსირეთ, ხოლო ჰოსპიტალიზაციის – 33. წინა წელთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველი კვირის ჩათვლით მიმართვიანობა მომატებულია“, - ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი ფატი ხაბულიანი.მისი თქმით, გრიპის ვაქცინის გაკეთება მნიშვნელოვანია: „უპირველესია ვაქცინაცია, სახელმწიფომ შეიძინა ვაქცინა და გარკვეულ რისკჯგუფების წარმომადგენლები უფასოდ აცრა. წელს ბევრი მსურველიც იყო ამ ვაქცინაციის, ვიდრე გასულ წელს. რისკჯგუფები თითქმის 100 პროცენტით აიცრა“.ვირუსების კიდევ ერთ „ტალღას“ თებერვალში ელოდებიან. ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ორსულებისა და სოციალურად დაუცველებისთვის ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“, უფასოდ გაიცემა.„2019 წლის 31 დეკემბრიდან ჩვენთან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან გაიცემა „ტამიფლუ“ უსასყიდლოდ, ორსულებზე და სოციალურად დაუცველებზე, ვისი სარეიტინგო ქულა 100 000 ქვემოთაა. მათ უნდა წარმოადგინონ ფორმა ასი, რეცეპტი და პირადობა“, - განმარტავენ ცენტრში.ქვეყანაში ამ ეტაპზე ძირითადად ბე ტიპის ვირუსი ცირკულირებს.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]