შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

6 მსახიობი, რომლებმაც ივანიშვილის “მოწყალებაზე“ უარი თქვა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 18 იანვარი 2020

ბიძინა ივანიშვილს, „მოწყალებაზე“ უარი მარჯანიშვილის თეატრის ექვსმა მსახიობმა უთხრა. ამის შესახებ „2020NEWS“-ს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა, ირაკლი ჩოლოყაშვილმა განუცხადა.

მსხიობის თქმით, ამ შემთხვევაში უმადურობა არაფერ შუაში არაა. სანამ ივანიშვილი მეცენატი იყო, მისგან დახმარების მიღებაზე უარს არ ამბობდა, მაგრამ შემდეგ, როდესაც მან პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტა, მსახიობებმა ვალდებულებების აღებაზე უარი თქვეს.

„ბიძინა ივანიშვილის დახმარებაზე 2012 წელს ვთქვი უარი. მანამდე მეცენატი იყო და მის დახმარებაზე უარი არ გვითქვამს. ახლა მისგან „შემწეობის“ მიღება, სწორი არ არის. ჩემს გარდა, მარჯანიშვილის თეატრში კიდევ რამდენიმე მსახიობმა თქვა უარი დახმარების მიღებაზე. მათ შორის არიან დიმიტრი ტატიშვილი, ბაია დვალიშვილი, მანანა კოზაკოვა, აკაკი ხიდაშელი და ქეთი ცხაკაია“, – განუცხადა „2020NEWS“-ს ჩოლოყაშვილმა.

– ბიძინა ივანიშვილის „შემწეობა“ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სხვასასხვა რაოდენობის იყო.

– არ ვიცი დეტალები. უფროსი ასაკის მსახიობებს მეტი ჰქონდათ (პერსონალური) დახმარება. მათ მგონი, 5 000 ლარს უხდიდნენ.

– თუ საიდუმლო არ არის, თქვენ რამდენი გქონდათ?

– მე 200 დოლარი.

– ამ თანხაზე უარის თქმა ალბათ არ იყო ადვილი…

– პირიქით, გავთავისუფლდი ვალდებულებისგან.

– ბევრს იცნობთ, ვინც დღემდე იღებს დახმარებას?

– მარჯანიშვილის თეატრში ყველა მსახიობი იღებს დახმარებას, ვინც გითხარით მათი გამოკლებით. თეატრში კი, თუ სწორად მახსოვს 60 მსახიობია.

როგორც ცნობილია, ფონდი „ქართუ“ წლების განმავლობაში ყოველთვიურად ეხმარება საზოგადო მოღვაწეებს, მათ შორის მსახიობებსა და სპორტსმენებს. თანხა განსხვავებულია, რაც ხშირ შემთხვევაში, ზოგიეთი მათგანის განაწყენებას იწვევს.

„2020NEWS“ შეეცადა გაერკვია, რამდენი ადამიანი იღებს დღემდე დახმარებას და როგორ და რა ნიშნით ნაწილდება მილიარდერის წყალობა. სამწუხაროდ, ფონდ „ქართუსგან“ ინფორმაცია ჯერჯერობით ვერ მივიღეთ.

„2020NEWS“ პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას, რა ღირს ამ ქვეყანაში ივანიშვილის მადლიერება, ვინ იმსახურებს „მოწყალებას“ და რა უჯდება ქვეყნის ფაქტობრივ მმართველს „გამორჩეულთა“ კეთილგანწყობა და დუმილი.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია