შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სადგერში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას აპროტესტებენ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 21 იანვარი 2020
სადგერში ამბობენ, რომ „ენერგო–პრო ჯორჯიამ“ სოფლის მიმდებარედ არსებული ანძების შეცვლა, გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. მათი თქმით, კომპანია ძველის ნაცვლად ახალ ანძებს ამონტაჟებს, შესაბამისად იზრდება სიმძლავრეც. სამუშაოები კი ისე დაიწყეს, რომ მოსახლეობა არ გააფრთხილეს.„სამომავლოდ, როგორც კურორტი სადგერი, ტბა და ლიბანი ფაქტობრივად კვდება და განადგურდება. ეს ანძები იმისთვის კეთდება, რომ 35 000 ნაცვლად 110 000 კილოვატმა გაიაროს. ეს კი მოსახლეობას დააზარალებს“, – ამბობს სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა ლურსმანაშვილი.ადგილობრივები ამბობენ, რომ ანძებში მაღალი ძაბვის გასვლის შემდეგ, ნაკვეთებს ვეღარ გამოიყენებენ, სამომავლოდ კი აქ სახლები უნდა ააშენონ.„მე არ მსურს მაღალი ძაბვის სადენები ჩემს ნაკვეთში და არ ჩავადგმევინებ. ისედაც მცირემიწიანი სოფელია არაფერი გაგვაჩნია ამის მეტი. თუ მაღალი ძაბვა გაივლის ფაქტობრივად, 36 მეასედს დავკარგავ“,–ამბობს სოფელ სადგერში მცხოვრები ნათელა ტაბატაძე.სადგერში ამბობენ, რომ მათი პროტესტის შემდეგ, „ენერგო–პრო ჯორჯიამ“ სამუშაოები შეაჩერა და სხვა ლოკაციაზე გადავიდა.„რამდენჯერმე იყვნენ „ენერგო–პრო ჯორჯიადან“ მოსულები მოლაპარაკებაზე ვერ შევთანხმდით, ჩვენი სათქმელი ვუთხარით და წავიდნენ“, – ამბობს ადგილობრივი ჯემალი შოთაშვილი.მოსახელეობაში გავრცელებულ ინფორმაციას „ენერგო პრო ჯორჯიაში“ უარყოფენ. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ ელექტროგადამცემი ხაზის სიმძლავრე არ იზრდება.„ცემი 1–ის“ ხაზის გაორჯაჭვიანება ხდება. ეს არ გულისხმობს სიმძლავრის მომატებას. რეაბილიტაცია საჭირო გახდა იმიტომ, რომ ეს ხაზი ამარაგებს ბაკურიანსაც და როგორც იცით 2023 წლისთვის ოლიმპიადაც იგეგმება კურორტზე, ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ვანახლებთ ხაზებს, უფრო გამძლე და ხარისხიანი რომ იყოს, რათა პრობლემა არ შეიქმნას ტურისტულ ზონაში“, – ამბობს „ენეგრო–პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ავთანდილ დვალიშვილი.დღეს, 21 იანვარს სოფლის მოსახლეობას კომპანიის თანამშრომლები შეხვდნენ. ადგილობრივებმა „ენერგო–პრო ჯორჯიას“ თავიანთი მოთხოვნები წაუყენეს – გადაუხადონ კონპენსაცია, ან სხვა ადგილზე გადაიტანონ ანძები.„ჩვენთან ნაკვეთები ძვირია, ვუთხარით 1კვ. მეტრი 30 დოლარი ღირს და თქვენ 20 მაინც გადაგვიხადეთო. სხვა პირობებს ჩვენ არ დავთანხმდებით. არ მივცემთ სამუშაოების გაგრძელების უფლებას“, – აცხადებენ ადგილობრივები.სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ კომპანიას სიცრუეში შეჰყავს მოსახლეობა.„ენერგო–პრო ჯორჯია ახლა იძახის, რომ არ გაიზრდება და 35 000 დარჩება სიმძლავრე, მაგრამ სამომავლოდ 110 000–მდე უნდა გაზარდონ, იმიტომ დაიწყეს ყველაფრის შეცვლა, რომ ბაკურიანს არ ყოფნის მიწოდებული სიმძლავრე. ისევ ის სიმძლავრე, რომ დატოვონ მოსახლეობას პრობლემა არ ექნება“, – განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა.ავთანდილ დვალიშვილი ამბობს, რომ ეს პროექტი ქვეყნისთვის და ტურიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „კერძო კომპანიამ გამოყო თანხა, იმისთვის, რომ შიცვალოს ახლით. ეს ქვეყნისთვის და ტურიზმისთვის არის მნიშვნელოვანი. ჩვენ მივალთ და იმდენჯერ ავუხსნით მოსახლეობას, რამდენჯერაც საჭირო იქნება. ეს პროექტი მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს“, – ამბობს ავთანდილ დვალიშვილი.მისი თქმით, „ენერგო–პრო ჯორჯიამ“ 3 500 000 ლარი გამოყო ელექტროგადამცემი ხაზების „ცემი 1“–ის, „ცემი 2“–ის, და „ცემი 3“–ის რეკონსტრუქცია–რეაბილიტაციისთვის.კომპანიაში განმარტავენ, რომ „ცემი 1“–ის რეკონსტრუქცია 2020 წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც დაიწყება „ცემი 2“–ის სამუშაოები.ადგილობრივები აცხადებენ, რომ თუ შეთანხმება არ მოხდება, სამუშაოების გაგრძელების უფლებას არ მისცემენ.[ნუკა სტეფნაძე, ბორჯომი]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია