შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘ქოჩარი’ - უძველესი ცეკვა ყველასთვის [ფოტო/ვიდეო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 იანვარი 2020
„ქოჩარი“, რაც სომხურად მამაც ადამიანს ნიშნავს, თავდაპირველად საბრძოლო ცეკვა ყოფილა და ჯერ კიდევ იმ დროს შექმნილა, ადამიანები მზეს, ბუნებასა და ცხოველებს რომ ეთაყვანებოდნენ. სომხური წყაროების მიხედვით, ამ ცეკვას ორი ათას წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს და ის თავის ფესვებს უძველესი ანატოლიის იმ რეგიონებიდან იღებს, რომლებიც დღეს თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაა. 1945 წელს, სომხებს „ქოჩარი“ ბერლინში, რაიხსტაგის კედლებთან უცეკვიათ. 2017 წელს კი ეს უძველესი ფოლკლორული ცეკვა იუნესკომ არამატერიალური კულტურული ძეგლების სიაში შეიტანა.„ქოჩარი“ უცვლელი ნომერია „ახალციხის ცეკვის ანსამბლის“ კონცერტებზე. ანსამბლი, 2017 წლის ოქტომბერში, ახალციხის სომხური სამოციქულო ეკლესიის წინამძღვრის, მამა ჰაკობის მხარდაჭერით შეიქმა. გუნდი, რომელშიც დღეისთვის 20 მოცეკვავეა, დაფინანსების ნაწილს სულიერი ხელმძღვანელისგან, ნაწილს ახალციხის სომხური თემისგან, ნაწილს კი სხვა შემომწირველებისგან იღებს. ანსამბლი ყოველ წელს გალა კონცერტს მართავს ახალციხის თეატრში. შარშან კი პირველად მიიღეს მოწვევა ევროპიდან – პოლონეთში ვარშავაში გამართულ ფესტივალზე იცეკვეს. შემდეგ, ოთხი დღით სომხეთშიც გაემგზავრნენ. წელსაც აქვთ ახალი შემოთავაზებები, იდეები, თუმცა მათი განხორციელება ისევ და ისევ ფინანსებზეა დამოკიდებული.„ვცეკვავთ ეროვნულ ცეკვებს, ძირითადად „კარნო“ ცეკვის ტიპს. ვცდილობთ ასევე შევიტანოთ ახალი ელემენტები, მაგრამ არ გვინდა ხალხურის დაკარგვა. ამისათვის ჩვენს ყოველ კონცერტზე „ქოჩარი“ არის და იქნება. „ქოჩ“ „გოჩ“ „ღოჩ“ ფესვი უძველესი დროიდან მომდინარეობს და უკავშირდება ვერძის ბრძოლას. ქოჩარის სახეობის რაოდენობრივი განსაზღვრა არ არსებობს. სომხეთის თითოეულ რეგიონს და პროვინციას აქვს თავისი ტანსაცმელი და ცეკვები. ცეკვა გამოხატავს სხვადასხვა ტერიტორიული უბნის ცხოვრების, ადათების, კულტურული ფასეულობებისა და ტრადიციების მახასიათებლებს. ყოველ ნაბიჯს, ყოველ ხმას აქვს გარკვეული მნიშვნელობა და ასახავს სომხეთის ისტორიას. ჩვენს რეგიონში ძირითადად გავრცელებულია „კარნო კოჩარი“, „გიოვნდ ვერვერი“, „ფაფური“ და „იარხუშტა““, – გვიყვება ცეკვის მასწავლებელი, ვერონიკა ჰამბარიანი.ცეკვა, რომელიც ველური ვერძის სხეულის მოძრაობებს იმეორებს, დრამის, ზურნის და დუდუკის თანხლებით სრულდება. „ქოჩარს“ ძირითადად საყოველთაო ზეიმების, ოჯახური დღესასწაულებისა და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებების დროს ცეკვავენ. წრეში მდგარი მოცეკვავეები ან ხელს სჭიდებენ, ან მკლავებს ჰხვევენ ერთმანეთს ისე, რომ ერთმანეთის მხარს ეხებოდნენ. როდესაც ცეკვის ელემენტები იცვლება, ამას მოცეკვავეებს შარფის ფრიალითა და შეძახილით ლიდერი ანიშნებს. სომხურ თემში „ქოჩარს“ აუცილებლად „ტარაზით“ ცეკვავენ. „ტარაზი“ სომხური ეროვნული სამოსია და მისი თითოეული დეტალი, ფერი თუ ნაქარგი სომხურ ტრადიციებსა და კულტურას უკავშირდება.„ქოჩარი“ ოდესღაც ხანშიშესული კაცების ცეკვა ყოფილა, თუმცა უკვე დიდი ხანია მას გენდერული და ასაკობრივი შეზღუდვა აღარ აქვს. „ქოჩარი“, რომელიც დღეს ყველაზე უკეთ სომხეთის მაღალმთიანეთმა შემოინახა, ყველასია – მას ქალი, კაცი, დიდი თუ პატარა ერთად ცეკვავს.[რიმა სარუხანიან, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია