შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც პარლამენტში არ შეუშვეს, შეუძლოდ გახდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 იანვარი 2020

სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი დაცვამ პარლამენტში არ შეუშვა, რა დროსაც ის შეუძლოდ გახდა. მაჩალიკაშვილი პარლამენტში შესვლას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ თინა ბოკუჩავასთან ერთად ცდილობდა, თუმცა დაცვა მხოლოდ დეპუტატის შეშვებას დათანხმდა.

მაჩალიკაშვილი ცდილობდა განემარტა, რომ შესვლის უფლება აქვს, რადგან მასზე საშვია დაშვებული. საუბრისას ის შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.

მაჩალიკაშვილი და ბოკუჩავა აპირებდნენ ბირფინგის გამართვას, რომ პანკისის სპეცოპერაციის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა მოეთხოვათ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მაჩალიკაშვილი და ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ.

გუშინ, 28 იანვარს პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება შეწყვიტა. პროკურატურის საბოლოო ვერსიით, პანკისის სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელს, ეჩვენებინა ხელები. უწყება ამტკიცებს, რომ ჩხრეკისას ამოღებულია ხელყუმბარა და ამას ეთანხმება გარდაცვლილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილიც.

გამოძიების მტკიცებით, ოპერაციაში მონაწილე ყველა პირს ჩატარებული ჰქონდა შესაბამისი ინსტრუქტაჟი, თითოეულ მათგანს გააჩნდა მრავალწლიანი გამოცდილება და გავლილი ჰქონდათ საცეცხლე მომზადების არაერთი კურსი.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის განხილვა ევროპულმა სასამართლომ უკვე დაიწყო. მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლების ცენტრი (EMC) და მისი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაცია — ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) იცავს.

2017 წლის 21-22 ნოემბრის ისნის სპეცოპერაციის შედეგად სუს-მა დააკავა დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი პირი და სამი წევრის ლიკვიდირება მოახდინა. რამდენიმე კვირის შემდეგ, 26 დეკემბერს, პანკისში ახმედ ჩატაევთან და მის თანამზრახველებთან კავშირის ბრალდებით რუსლან ალდამოვთან ერთად ოთხი პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილმა დაკავებისას წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის გამოყენება სცადა, რის გამოც სპეცრაზმელებმა მას ესროლეს. მაჩალიკაშვილმა სასიკვდილო დაზიანება თავის არეში მიიღო.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია