კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის გამო საქართველო ჩინეთთან პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას დროებით წყვეტს. ამის შესახებ განცხადება სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. მათივე თქმით, ფრენების შეწყვეტის შესახებ ჩინეთსა და ავიაკომპანიებს უკვე აცნობეს. შეწღუდვა 2020 წლის 29 მარტამდე იმოქმედებს.
"პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება შესაძლებელია გადახედილ იქნეს ჩინეთში შექმნილ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით. ამასთან, ამავე პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში ოპერირების განმახორციელებელი ყველა ავიაკომპანიის მიერ, ხდება შესაბამისი უწყებების ინფორმირება ტრანზიტული მგზავრების შესახებ, რომელთა პირველადი გამომგზავრების ადგილი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა", — აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
გუშინ, 28 იანვარს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება. ვირუსის კერად ჩინეთის ქალაქი უხანი ითვლება, სადაც საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება.
ჩინეთში ახალი კორონავირუსით უკვე 100-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებულთა რიცხვი კი 4,500-ს აჭარბებს. ჩინეთმა კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით 13 ქალაქში გადაადგილება 36 მილიონ ადამიანს შეუზღუდა.
კორონავირუსის შემთხვევა 10-ზე მეტ ქვეყანაში გამოვლინდა, მათ შორის: სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ტაილანდში, მალაიზიაში, ნეპალში, ვიეტნამში, აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიაში, ავსტრალიაში, კანადასა და შრილანკაში.