სამცხე-ჯავახეთი
როდის დაიწყება მესხეთის თეატრის რეაბილიტაცია
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
29 იანვარი 2020
თეატრის რეაბილიტაციისთვის საპროექტო დოკუმენტები, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „დემარკმა“ 2019 წლის ზაფხულში, 343 700 ლარად მოამზადა.თეატრის დირექტორი, ირაკლი ათუნაშვილი ამბობს, რომ ახლა კულტურის სამინისტროსგან ელოდებიან თანხას და ნებართვას.„ჯერ–ჯერობით შეჩერებულია. პროექტი გაკეთდა, მაქვს მეც და სამინისტროსაც“, - ამბობს ათუნაშვილი.როდის გამოცხადდება ტენდერი სარსაბილიტაციო სამუშაოებზე, არ იციან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროშიც.„ჩვენთვის ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა. აუცილებლად განვახორციელებთ, უბრალოდ კონკრეტული თარიღისგან თავს ვიკავებთ. 2020 წელს იქნება თუ 2021 წელს ეს ზუსტად არ ვიცით“, - გვითხრეს სამინისტროში.უწყებაში არც ის იციან, დაახლოებით რამდენი ლარი დასჭირდება თეატრის შენობის რეაბილიტაციას.მესხეთის თეატრს რეაბილიტაცია 2015 წელს ჩაუტარდა, შენობას გამოუცვალეს სახურავი და გაკეთდა ახალი სცენაც.მაშინ თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის კულტურის სამინისტრომ 140 ათასი ლარი გამოყო. სამუშაოებს შპს „ქრისტინე სარაშვილი“ ასრულებდა, იმის გამო, რომ აღნიშნულმა შპს–მ სცენაზე ხარისხიანი მასალა ვერ დააგო და სამუშაოები დროში გაიწელა, კომპანია დაჯარიმდა და ხელშეკრულებაც შეუწყდა. თეატრის ადმინისტრაციას იატაკის მოსაწყობად ტენდერის გამოცხადება სამჯერ მოუწია.საბოლოოდ მესამედ გამოცხადებულ ტენდერში შპს „ორიენტირი 2012“–მა გაიმარჯვა და მან დაასრულა სამუშაოებიც.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]