მოქალაქეების ვალების ჩამოწერა, შესაძლოა, წლის ბოლომდე ვერ მოესწროს. დროულად ვერც ვებ-გვერდის შექმნა მოხერხდა, რომელშიც პროექტის მონაწილე გადახდისუუნარო მსესხებლების სია უნდა განთავსდეს. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ეს იქნება დახურული პროცესი და ინფორმაციაც მაქსიმალურად შეიზღუდება. ნაწილი იმაზეც საუბრობს, რომ ვალების განულება 600 000 მოქალაქეს არ შეეხება და სინამდვილეში მათი რიცხვი ნაკლები იქნება.
მიზეზი, თუ რატომაც ვერ მოხერხდა ვებ-გვერდის შექმნა, ჯერჯერობით არ კონკრეტდება. ფინანსთა მინისტრმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ერთიანი ბაზა გაკეთდება და 3 დეკემბრიდან უკვე მზად იქნებოდა ვებ-გვერდი, სადაც თითოეულ ადამიანს ექნებოდა შესაძლებლობა თავისი მონაცემები შეეყვანა და ენახა მოხვდა თუ არა დავალიანების ჩამოწერის პროგრამაში.
ახლა კი ფინანსთა სამინისტროში "რეზონანსს" განუცხადეს, რომ ვებ-გვერდის შექმნა მათი კომპეტენცია არ არის და ამ პროცესში მთლიანად "ქართუ ფონდი" არის ჩართული. იქ კი ამბობენ, რომ შესაძლოა, ვებ-გვერდი 3 დეკემბრამდე მზად არ იყოს. ფონდში ადასტურებენ, რომ პლატფორმა ჯერ არ შექმნილა, რადგან სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციებისგან კონკრეტული მევალეების სია ჯერ არ მიუღიათ.
„ვებ-გვერდს ვამზადებთ, თუმცა, მისი შინაარსით შევსება დამოკიდებულია კომპანიებზე, რომლებმაც უნდა მოგვაწოდონ კონკრეტული სიები და ველოდებით. მთავარია, კონტენტი მივიღოთ, რის შემდეგაც საიტს ძალიან მალე გავააქტიურებთ", - განუცხადეს "ბიპიენს" ფონდში.
ჯერ კიდევ არ არის ცნობილი შეეხება თუ არა ვალების განულების ეს აქცია "ვივუსის" მსესხებლებს. როგორც ცნობილია, ამ ორგანიზაციასთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომ ფონდ "ქართუს" სასესხო დავალიანები მათგანაც შეესყიდა, თუმცა, როგორც ფონდში ამბობენ, "ვივუსთან" შეთანხმება ჯერ კიდევ არ მომხდარა.
სპეციალისტების ნაწილი ამბობს, რომ ვებ-გვერდის შექმნა შეგნებულად გადავადდა. ნაწილი კი ამაში პრობლემას ვერ ხედავს და დარწმუნებულია, რომ მთავრობა პირობას შეასრულებს.
ანალიტიკოსი ზვიად ხორგუაშვილი იმასაც ვარაუდობს, რომ ვალები მსესხებლების ძალიან მცირე ნაწილს ჩამოეწერება და სისტემც მაქსიმალურად გაუმჭვირვალედ იმუშავებს.
"ვალების ჩამოწერასთან დაკავშირებით დაპირება ნაჩქარევი და წინასაარჩევნოდ გათვლილი იყო. არანაირ 600 000 ადამიანზე საუბარი არ მიდის. მოვალეთა რეესტრში რომ ვნახოთ, ამ რაოდენობაზე ცოტათი მეტია მათი რიცხვი, რომლებსაც ვალი აქვთ. უბრალოდ, რიცხვით მანიპულირებენ და რეალურად ვალების ჩამოწერა გაცილებით ნაკლებ ადამიანს შეეხება. გადავადების მიზეზიც ეს არის - კარგად ხვდებიან, რომ დაპირება იყო ფუჭი და ეს გაირკვევა.
ვვარაუდობ, რომ ვებ-გვერდი იმუშავებს დახურულად, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ პირადი ნომერი ჩაწერონ და გაიგონ, არიან თუ არა სიაში. მხოლოდ ასე მიიღებენ ინფორმაციას, ცხადია, რომ ეს არ იქნება გამჭვირვალე პროცესი. ალბათ ამაზე მუშაობენ და რეალურად არც ტექნიკური ხარვეზია, ეს გადაჭარბებული ნათქვამია. იმდენად დიდი რესურსი აქვს "ქართუს", რომ ამ შემთხვევაში ტექნიკური ხარვეზი წარმოუდგენლადაც მიმაჩნია, რაღაც მაქინაციებს აქვს ადგილი", - ამბობს ხორგუაშვილი და დასძენს, რომ პირობა შეიძლება ნაწილობრივ შესრულდეს.
,,შესრულდება პირობა, მაგრამ რეალურად ძალიან ცოტას შეეხება. შემდეგ ეს ხალხი შეიძლება ტელევიზიითაც გამოიყვანონ და ალაპარაკონ, რომ ისარგებლეს პროგრამით და ვალი ჩამოეწერათ. ეს ხდებოდა ლარიზაციის შემთხვევაშიც, როცა 65 მლნ ლარი გამოყვეს, რითაც, წესით, 35 ათას ადამიანს უნდა ესარგებლა, მაგრამ სინამდვილეში 14%-მა ისარგებლა. დაახლოებით იგივე ვითარებას ველოდები.
ამ ეტაპზე შეუძლებელია ვიცოდეთ, რამდენს ჩამოეწერება ვალი, მაგრამ ცხადია, რომ მათი რიცხვი იქნება ძალიან მცირე. მოგვიანებით, ალბათ, ინფორმაციის გამოთხოვება მოგვიწევს, მაგრამ "ქართუ", როგორც დახურული ორგანიზაცია ამ სტატისტიკას არ დადებს ან არასწორ რიცხვს გამოაქვეყნებს, არც ამისგან ვართ დაზღვეული", - ამბობს ხორგუაშვილი.
განსხვავებული პოზიცია აქვს ანალიტიკოს მერაბ ჯანიაშვილს, რომლის შეფასებითაც, პირობის შეუსრულებლობა მთავრობის და პირადად ივანიშვილის იმიჯზე იმოქმედებს.
"არ ვიცი, რატომ ვერ ესწრება ვებ-გვერდის შექმნა, ძალიან გამიჭირდება ვარაუდი, რადგან ინფორმაცია არ მაქვს. ვერ ვიმარჩიელებ, რა შეიძლება მოხდეს. რეალურად ამაზე ნამუშევარი აქვს მთავრობას, პრემიერ-მინისტრმა განცხადება გააკეთა და შედეგს დაველოდოთ. არ გამოვრიცხავ, წლის ბოლომდე მოესწროს. არ ვიცი, რა საქმე ჭიანურდება და რა შეიძლება ვერ მოესწროს. ყველა დეტალი გაირკვევა და თუ რამე დაპირებისამებრ ვერ შესრულდა, მთავრობის და პირადად ბიძინა ივანიშვილის იმიჯზე აისახება~, - ამბობს "რეზონანსთან" ჯანიაშვილი.