შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სიძულვილი წესების გარეშე - რისგან დაიღლა საზოგადოება?

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 თებერვალი 2020

ძალაუფლებისთვის ბრძოლა ქვეყანაში, დიდი ხანია, წესების გარეშე მიმდინარეობს. ბუნებრივია, დაპირისპირება არჩევნების მოახლოვებასთან ერთად მწვავდება. ხელისუფლება საკუთარ მიღწევებზე გველაპარაკება, ოპოზიცია კი - ხელისუფლების ტოტალურ არაპროფესიონალიზმზე და უნიათობაზე. 

ერთ ყურში წინსვლა და წარმატებები ჩაგვესმის, მეორეში - სიღარიბის, ავტორიტარიზმის  და უიმედობის არსებობა.  

ცვლილებების ქარი

კიპლინგს ერთხელ წამოსცდა: „დასავლეთი დასავლეთია, აღმოსავლეთი კი - აღმოსავლეთი და ისინი ვერ შეხვდებიან“. მას შემდეგი ბევრი რამე შეიცვალა. აღმოსავლეთიდან წამოსული ხალხი ახლა სწორედ დასავლეთის დემოკრატიულ საზოგადოებებში ცდილობს ახალი ცხოვრების დაწყებას. 

დასავლეთის ქარმა დაუბერა საქართველოშიც, რომელიც, ისტორიულად, საკუთარ თავს ევროპას მიაკუთვნებს, თუმცა, ამჟამად, ზუსტად ორ სამყაროს შორისაა მოქცეული. 

მაგალითად,  ქალების მონაწილეობა სამოქალაქო აქტივიზმში უფრო შესამჩნევი გახდა. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ვითარება ამ მხრივ საგრძნობლად შეიცვალა. 

თუმცა აქტივისტი ქალი მაინც გაცილებით მეტია, ვიდრე აქტივისტი პოლიტიკოსი. საუკეთესო მაგალითი რუსთაველის გამზირზე ბოლო ორი წლის განმავლობაში ახალგაზრდა აქტივისტების მიერ გამართული აქციებია. როგორც ტრიბუნაზე, ისე ორგანიზატორებს შორის სულ უფრო მეტ ახალგაზრდა ქალს ვხედავთ. რიტორიკაც ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად იხვეწება.

სიძულვილი წესების გარეშე 

სულ სხვა ვითარებაა პოლიტიკურ ველზე. წესების გარეშე ბრძოლა კი ცალსახად დესტრუქციულ შედეგებს იძლევა. აი, მაგალითად, NDI-ს გამოკითხვა  აჩვენებს, რომ მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით, ისევ არც ერთი პარტია აღარ სარგებლობს. 

ცხადია, საკუთრივ ბრძოლის ფაქტში ახალი არაფერია. თუმცა ფსიქოლოგიური წნეხი საკუთარ მოქალაქეებზე არც ჰუმანურია და, როგორც მისი შედეგები გვიჩვენებს, არც ეფექტური. 

სულაც არაა გამორიცხული, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილის პოლიტიკური პასიურობა სწორედ მუდმივი დაძაბულობით და ყველა საკითხის მეტისმეტი პოლიტიზებით იყოს განპირობებული. ამით მოგებულები, საბოლოო ჯამში, მხოლოდ პოლიტიკოსები რჩებიან. ასევე მათი ახლო თუ შორეული ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, კლასელები...  ესეც პოლიტიკური ბრძოლების მთავარი პოზიტიური მხარე.

ნეგატიური მხარე კი ძალიან ბევრია. მათ შორის, სიძულვილითა და აგრესიით გაჯერებული საინფორმაციო ველი.  ეს კი, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან მძიმე და დამღლელია.

უკანასკნელ ოცდაათ წელიწადს საზოგადოება მუდმივი სოციალური დეპრესიის მდგომარეობაში ატარებს. ცხოვრების ხარისხი კი, უკეთეს შემთხვევაში, კუს ნაბიჯებით უმჯობესდება. 

იქნებ, სწორედ ამიტომ ვხედავთ პოლიტიკოსებს შორის ასე ცოტა ახალგაზრდა სახეს?  

პოზიტიური მაგალითების არმქონე აქტიური ახალგაზრდები ისევ უბრალო მოქალაქეებად დარჩენას ამჯობინებენ. ალბათ იმიტომ, რომ, მორალური თვალსაზრისით, მათთვის გაცილებით რთული იქნება, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, დაპირებების შესრულება გაურკვეველი ვადით გადადონ. 

throughthenews.com

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია