სამცხე-ჯავახეთი
GDI: ხელისუფლება ცდილობს შეამციროს გამოხატვის თავისუფლება და კრიტიკული აზრის არსებობა
პოლიტიკა
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
31 იანვარი 2020
„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“ (GDI) ანგარიშის „გამოხატვის თავისუფლება საქართველოში“ პრეზენტაცია დღეს, 31 იანვარს გამართა.ანგარიშში წერია ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების კუთხით ბოლო პერიოდში არსებული მდგომარეობის ანალიზი.„2019 წლის 20 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის და დაკავებების, 2019 წლის 18 და 26 ნოემბრის აქციების დაშლის და დაკავებების, ასევე 2019 წლის 30-31 დეკემბერს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვების აშლის და ადმინისტრაციული დაკავებების ანალიზი ცხადყოფს, რომ ხელისუფლება სამართლებრივი ჩარჩოს უგულებელყოფით ზღუდავს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. ხშირ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები შერჩევითი სამართლიანობის პრინციპით რეაგირებენ მანიფესტანტთა ქმედებებზე. სამართალდამცავები განსაკუთრებით მკაცრი მიდგომით ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აზრის გამომხატველი მანიფესტაციის მიმართ გამოირჩევიან. მსგავსი მიდგომა კი ცხადყოფს, რომ სამართალდამცავთა ქცევა არა სამართალდარღვევაზე რეაგირებას, არამედ გამოხატვის შინაარსის შეზღუდვის მიზანს ემსახურება", – ვკითხულობთ ანგარიშში.„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივის“ განმარტებით, “ღირსების მარშის”, ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების ირგვლივ განვითარებული მოვლენების ანალიზი ცხადყოფს, რომ ხელისუფლება არაჯეროვნად ასრულებს მასზე დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებას და არ იღებს ადეკვატურ ზომებს პირთა მიერ შეკრება-მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის უზრუნველსაყოფად - მესამე პირების მხრიდან გაუმართლებელი ჩარევის აღსაკვეთად. არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სავალალოა ხელისუფლების პოლიტიკა დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის მიმართ.„ნიკა გვარამიას, ავთანდილ წერეთელის სისხლისსამართლებრივი დევნის, ზურაბ გუმბარიძის გამოკითხვების, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის ირგვლივ განვითარებული მოვლენების, ტვ კავკასია, ტვ პირველის მიმართ წარმოებული შერჩევითი საგადასახადო პოლიტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას შერჩევითი სამართლიანობის პრინციპით პირდაპირი იერიში მიაქვს დამოუკიდებელ და თავისუფალ მედიაზე.შემაშფოთებელია მმართველ წრეებში გამოვლენილი ტენდენცია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის აღკვეთის მოტივით გამოხატვის თავისუფლების მზღუდავი რეგულირებების დაწესებასთან დაკავშირებით. ფაქტია, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის კუთხით ყველა მიმართულებით მნიშვნელოვან პრობლემებს ვაწყდებით ქვეყანაში. ტენდეცია აჩვენებს, რომ ხელისუფლების ყველა შტო ერთობლივად ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს გამოხატვის თავისუფლების ფარგლები და მოთოკოს მისდამი კრიტიკული აზრის არსებობა საკანონმდებლო ჩარჩოს გამკაცრებით, ადმინისტრაციული პრაქტიკისა თუ, სასამართლოს გადაწყვეტილებების გზით, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის გაუარესებასთან“.[sknews.ge]