გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

წილოსანი: ბავშვი, რომელიც სათანადო კვებას ვერ იღებს, თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 04 თებერვალი 2020

ქართული ოცნების დეპუტატის ნინო წილოსანის თქმით, მისთვის "ძალიან მძიმე გასაცნობიერებელია, რომ არიან ბავშვები, ვინც სათანადო კვებას ვერ იღებენ". მანვე აღნიშნა, რომ ყველა სახელმწიფო პროგრამა მიმართულია იმისკენ, რომ მოსახლეობა "მაქსიმალურად ამოვიდეს სიღარიბიდან". ტაბულასთან საუბარში წილოსანმა კომენტარი არ გააკეთა რევაზ არველაძის განცხადებაზე, რომელსაც არ სჯერა საქართველოში ბავშვების შიმშილობის.

 

"ყველაფერი კეთდება ჩემი აზრით [სიღარიბის დასაძლევად], თუმცა ფაქტია, რომ ეს საკმარისი არ არის და უფრო მეტი ძალისხმევაა იმისთვის საჭირო, რომ ქვეყანაში არც ერთი ბავშვი არ იყოს ისეთი, რომელიც სათანადო კვებას ან განათლებას ვერ იღებს, ან არ აქვს ელემენტარული საარსებო საშუალებები" - ამბობს დეპუტატი.

რაც შეეხება მისი კოლეგის განცხადებას, ნინო წილოსანის თქმით, მას გაუჭირდება "ბატონი რევაზ არველაძის კომენტარზე რამე კომენტარის გაკეთება", რადგან არ უნახავს დეტალურად - რა კონტექსტში თქვა უმრავლესობის წევრმა, რომ არ სჯერა საქართველოში ბავშვების შიმშილობის.

"ამიტომ, ჩემი ნებისმიერი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, ალბათ არ იქნება სწორი" - ამბობს წილოსანი.

კითხვაზე, გრძნობს თუ არა ხელისუფლების პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ბავშვები შიმშილობენ, ქართული ოცნების დეპუტატი პასუხობს, რომ ბავშვი, რომელიც სათანადო კვებას ვერ იღებს, "თითოეული ჩვენგანის" ტრაგედიაა.

"თითოეულმა ჩვენგანმა, არამარტო ხელისუფლებამ, მათ შორის ოპოზიციამაც, რომელიც არც ერთი კანონპროექტის განხილვაზე არ მოდის და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით შემოიფარგლება, როგორც ზარმაცი სკოლის მოსწავლეები, ასევე საზოგადოების თოთოეული წევრის პასუხისმგებლობაა და ჩვენი ყველას ერთობლივი ძალისხმევა უნდა იყოს, რომ ეს ბავშვებნი და მოსახლეობის ეს კატეგორია, რომელიც სიღარიბეში ცხოვრობს, მაქსიმალურად ამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან" - ამბობს წილოსანი.

გაეროს ბავშვთა ფონდის 2017 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ბავშვების 6.8% ცხოვრობს (უკიდურესი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია $1.25 დღეში). 

UNICEF-ის კვლევით, 2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ბავშვების მონაცემები 4.3%-ით გაიზარდა. 

ამასთან, კვლევის მიხედვით, 2015 წლიდან 2017 წლამდე საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა (საარსებო მინიმუმად დადგენილია თვეში 148.3 ლარი).

კვლევის მონაცემებით, საქართველოში ყოველი მე-5 ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებული არ არის.

ამავე კვლევის მიხედვით, ბავშვების 22.1% საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. 2015-დან 2017 წლამდე საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 6.5%-ით გაიზარდა.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია