ევროპარლამენტში სახალხო პარტიის წევრი, რასა იუკნევიჩიანე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის რეზოლუციის პროექტზე ვერშეთანხმების გამო ამბობს, რომ "ძალიან გაბრაზებულია. მისი თქმით, რეზოლუციის პროექტი ძალიან სუსტი იყო და არ ასახავდა არსებულ ვითარებას. ევროპარლამენტარის კომენტარს იმედინიუსი ავრცელებს.
როგორც იუკნევიჩიანე ამბობს, ამ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.
"ჩვენ წარმოვადგინეთ ცვლილებები და გვსურდა დაბალანსებული ტექსტი. უმრავლესობის წევრებმა თითქმის ყველა ცვლილება ჩააგდეს. ძალიან გაბრაზებული ვარ. ამდენი შეხვედრა და კონსულტაცია გავმართეთ და მგონი, ვერაფერი გაიგეს.ახლა ქართულმა ოცნებამ კარგად უნდა გააანალიზოს არსებული სიტუაცია და შეცვალოს გარკვეული პოზიციები. ჩემი გზავნილია ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომ ის არის სიტუაციაზე პასუხისმგებელი და სამწუხაროდ, ის აზიანებს საქართველოს ევროპულ კურსს", — განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.
დღეს, 13 თებერვალს ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთობლივი რეზოლუცია ჩავარდა. საბოლოო ვერსიის მხარდასაჭერად ევროპარლამენტისა და საქართველოს პარლამენტის დეპუტატების უმრავლესობის მხარდაჭერა იყო საჭირო.
ევროპული საქართველოს დეპუტატი, ოთო კახიძე ამბობს, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა და ბიძინა ივანიშვილისთვის კიდევ ერთი გაფრთხილება იქნება. დეპუტატის განმარტებით, ქართული ოცნების მიერ შემუშავებულ ტექსტს ოპოზიციის კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც მათ ცვლილებების პროექტი მოამზადეს.
ქართული ოცნების დეპუტატი, ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი საუბარში ამბობს, რომ ეს ძალიან ცუდი შედეგია.
"მინდა აღვნიშნო, რომ ის ძალისხმევა, რასაც ოპოზიცია ხარჯავს ქვეყნის უარყოფით ნაწილზე და ქვეყნის გაშავებაზე, ის რომ ქვეყნის განვითარებისკენ მიმართოს ბევრად უკეთესი იქნება. სამწუხაროდ, ის პროცესები რასაც თვითონ აკეთებენ სასირცხვილოა, ეს არის ძალინ ცუდი შედეგი", — განაცხადა დავით სონღულაშვილი.