სამცხე-ჯავახეთი
ახალციხეში საქართველოს გასაბჭოების დღე გაიხსენეს
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
25 თებერვალი 2020
ახალციხეში საქართველოს გასაბჭოების დღე გაიხსენეს
მთავარი → სიახლე, საზოგადოება 25.02.2020
ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ახალგაზრდებმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ქრონოლოგია და მებრძოლი იუნკერები გაიხსენეს. ასევე ისაუბრეს გასაბჭოების შემდგომ მოვლენებზე.
„წინა თაობებს ასწავლიდნენ რომ ყველა, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა დამნაშავე იყო და მოღალატედ ითვლებოდა. მთელი 70 წელი ამ მოდელირებულ რეალობაში ცხოვრობდა ქვეყანა. ისტორიაში ხშირად ბუმერანგივით ბრუნდება ყველაფერი. ჩვენს თაობას კი, განსაკუთრებით იმიტომ უნდა ახსოვდეს ეს მოვლენები, რომ აღარასდროს და აღარანაირი ფორმით არ დავბრუნდეთ უკან, ვერავინ შეძლოს ჩვენი მოტყუება“ - ამბობს მოსწავლე ლანა ტაბატაძე.25 თებერვალი რომ საქართელოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მტკივნეული თარღია, მერის პირველმა მოადგილემ, გურამ მელიქიძემაც აღნიშნა. „ეს ყველაფერი [საბჭოთა კავშირი] ჩვენდა საბედნიეროდ დასრულდა. ახალგაზრდები, რომლებიც დამოიკიდებელ ქვეყანაში დაიბადნენ, უფრო დიდ დასაბამს მისცემენ ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებას“ - აღნიშნა მელიქიძემ.ღონისძიება მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. რუსეთის წითელი არმია საქართველოში 12 თებერვალს შემოიჭრა. რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან აღუდგნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა.მე-11 არმიის იუნკერებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. მტრის მოგერიების შემდეგ, წითელი არმიის განახლებული შეტაკებების შედეგად იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა. თბილისის მისადგომებთან ბრძოლაში მოხალისედ წასული, პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილიც დაიღუპა. 23 თებერვალს კოჯრისა და ტაბახმელას ტერიტორიაზე ბრძოლები შეწყდა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმია თბილისში უბრძოლველად შევიდა.ქვეყანამ ვერ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა რუსეთის არმიას, რომელმაც დაიკავა საქართველოს დედაქალაქი და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. ქვეყანამ სუვერენიტეტი დაკარგა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა ბათუმში გადავიდა, ხოლო იმავე წლის მარტში დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა. მებრძოლ იუნკერებს სამშობლო არასოდეს დაუტოვებიათ.საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, ყოველი წლის 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს ოკუპაციის ასეულათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება. [რობი ზარიძე, ახალციხე]