შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი შესაძლოა, 14 დღეზე მეტი იყოს - „დოიჩე ველე“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 მარტი 2020

კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი შესაძლოა, 14 დღეზე მეტი იყოს, – ამის შესახებ „დოიჩე ველეს“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამია. როგორც გამოცემა იუწყება, „კოვიდ-19“-ის საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობის საკითხი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში შეშფოთებას იწვევს. სტატიაში მოყვანილია წამყვანი ჩინელი ეპიდემიოლოგისჯუნ ნანიშანის კვლევა, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის პირველი სიმპტომები ინფიცირებიდან სამ დღეში ჩნდება. ნანიშანის გუნდმა კორონავირუსით ინფიცირების 1099 შემთხვევა, ჩინეთის 552 კლინიკაში შეისწავლა.

ამავე კვლევაში ნათქვამია, რომ იშვიათ შემთხვევაში კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი 24 დღე იყო.

„დოიჩე ველე“ ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩინეთის პროვინცია ხუბეიში 70 წლის მამაკაცს ვირუსის ნიშნები ინფიცირებიდან 27 დღის შემდეგ გამოუვლინდა. მიუხედავად ამისა, გერმანელი სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მსგავსი შემთხვევები გამონაკლისს წარმოადგენს და საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობის გადახედვა ამ ეტაპზე საჭირო არ არის. თუმცა, მათივე თქმით, იმის გამო, რომ კაცობრიობისთვის „კოვიდ-19“-ი ახალი ტიპის ვირუსია, შესაძლოა, დაკვირვების შემდეგ რეკომენდაციების გადახედვა გახდეს საჭირო.

აღსანიშნავია ისიც, რომ იაპონიის ჯანდაცვის მინისტრმა უკვე მოუწოდა საკრუიზო ხომალდ „დაიმონდ პრინცესზე“ ინფიცირებულ მგზავრებს, თვითიზოლაციაში 28 დღე გაატარონ. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ასევე აშფოთებთ ის ფაქტებიც, რომ კორონავირუსით ინფიცირების ზოგიერთ შემთხვევაში, მკაფიო ეპიდემიოლოგიური კავშირების დადგენა შეუძლებელია. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა განაცხადა, ზოგიერთი ადამიანი ისე გახდა ავად, რომ ჩინეთში არ ყოფილა და მას არ ჰქონია კონტაქტი ინფიცირებულებთან.

„ეს ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ „კოვიდ-19“-ის გავრცელება შეუძლიათ იმ ადამიანებსაც, ვისაც ვირუსის სიმპტომები საერთოდ არ აქვთ“, – წერს „დოიჩე ველე“.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია