თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ თბილისში ახალი კორონავირუსის პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდაციების მიხედვით ყველაფერი კეთდება. „მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ კორონავირუსის საპროფილაქტიკოდ დედაქალაქის მერია ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, თბილსერვისის ჯგუფმა პროფილაქტიკის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები 54 მიწისქვეშა გადასასვლელში ჩაატარა და ანალოგიურად დასუფთავდება ყველა გადასასვლელი. ამას გარდა, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტი, დეზინფექცია ტარდება საჯარო ბაგა-ბაღებში, სახელოვნებო სკოლებში და თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში.
საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების 3 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. კარანტინის რეჟიმში 148 ადამიანი იმყოფება, სტაციონარულ მეთვალყურეობას გადის 27 პირი.
radiotavisupleba.ge