ამ წუთებში, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოდის, იგი გამოეხმაურა სასამართლო რეფორმის პროცესებს.
'მინდა შევეხო სასამართლო რეფორმის პროცესს. ამ რეფორმამ ბოლო წლებში ოთხი უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა.
ზოგი სამართლიანი და ზოგიც - პოლიტიკურად მოტივირებული კრიტიკის მიუხედავად, პროგრესი უდავოა.'
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ადამიანის უფლებების სასამართლოში მკვეთრად შემცირებულია საქართველოდან მიმართვიანობა, რომელიც წარმოადგენს სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ერთ-ერთ - თუ არა ერთადერთ - ობიექტურ კრიტერიუმს.
'ასევე უდავოა, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა ჯერ ვერ შეედრება ევროპის საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებულ და დახვეწილ სასამართლო სისტემას. ეს, ალბათ, გასაკვირიც არ უნდა იყოს, თუ გავიხსენებთ, საიდან მოვდივართ და რა წნეხი მოახდინა საბჭოთა რეჟიმმა. ამიტომ მოსამართლის დამოუკიდებლობა და სასამართლო სისტემის საზოგადოებრივი ნდობის გაზრდა ქვეყნისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება. ამ კუთხით იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის სწრაფი და სრული იმპლემენტაცია გვისახავს გზას მომავლისკენ'