შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ფოკაში მოკლულსა და ბრალდებულს შორის ურთიერთობა სამი თვის წინ დაიძაბა. თანაკლასელები ერთმანეთს ფიზიკურად სასაფლაოზე დაუპირისპირდნენ. მაშინ გარდაცვლილი თანასოფლელზე ძალადობისთვის გაასამართლეს, ჯარიმა შეუფარდეს და გამოუშვეს.

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 დეკემბერი 2018
დღეს, ხუთ დეკემბერს ახალციხის რაიონულ სასამართლოში ფოკაში 33 წლის კაცის მკვლელობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელეს. სხდომაზე განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა ავთანდილ თელიაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივზე ისაუბრა. „ბრალდებული და მამამისი 26 სექტემბერს ფოკის სასაფლაოზე იყვნენ და რაღაც ნაწილს აკეთებდნენ. ეს გარდაცვლილი იქ მივიდა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი თავზე ტრავმა მიაყენა. ბრალდებული სასაფლაოდან სასწრაფოთი წაიყვანეს, ერთი თვე მისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას ცდილობდნენ, ბოლო თვეების განმავლოაბში კი ამბულატორიულად მკურნალობდა“, – ყვება თელიაშვილი. მისი თქმით, გარდაცვლილი ბრალდებულს, სასაფლაოზე მომხდარის შემდეგაც ემუქრებოდა: „ეუბნებოდა მოგკლავო. ამ ყველაფრის მერე გარდაცვლილი დააკავეს, მაგრამ 3 000–ლარიანი გირაოთი გამოუშვეს“. სამ დეკემბერს, მკვლელობის დღეს, ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გარდაბანში იყო: „იქ საეკლესიო ფარას მწყემსამდა. სოფელში ახალი ჩამოსული იყო, როცა გარდაცვლილს შეხვდა, იმან ისევ მუქარა დაიწყო, ამან უთხრა თავი დამანებეო, თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი ამ შედეგით დასრულდა“. თელიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, მას შემდეგ რაც თავზე ტრავმა მიიღო, სტრესულ სიტუაციებში დაუფიქრებლად მოქმედებდა: „ამიტომ თავი ვეღარ შეიკავა და თანასოფლელი მოკლა. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბრალდებული არ გაქცეულა და იმ წამსვე დარეკა 112–ში, შემდეგ კი მამამისმა ჩააბარა ის პოლიციას“. ადვოკატმა ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდება ითხოვა. პროკურორმა მამუკა ქომოშვილმა კი სასამართლოსთან პატიმრობის შეფარდებაზე იშუამდგომლა: „ბრალდებული პოლიციას არ ჩაბარებია, მან ადგილიდან გაქცევა სცადა და პოლიციამ გადევნების შემდეგ დაიჭირა. რაც შეეხება იმას, რომ გარდაცვლილი ბრალდებულს აშინებდა, ამ დრომდე ამის შესახებ პოლიციაში შეტყობინება არ შესულა“. მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკამყოფილა და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. სხდომას ბრალდებულის არცერთი ახლობელი არ დასწრებია. მომავალი პროცესი 2019 წლის 24 იანვარს გაიმართება. ნინოწმინდაში, სოფელ ფოკაში, სამ დეკემბერს 33 წლის კაცი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, თანაკლასელმა მოკლა. გარდაცვლილს სამი ტყვია მუცელში, ერთი კი თავში აქვს მორტყმული. პოლიციამ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ამავე დღეს, მომხდარიდან ერთ საათში დააკავა. პოლიცია ამ ფაქტს მკვლელობის მუხლით იძიებს. ამავე დღეს, სოფელში ბრალდებულის ორი სახლი და ოთხი მანქანა გადაწვეს. "ეს სოფლის კანონია", – ამბობენ ადგილობრივები და ამატებენ, რომ "ასეთ დროს სოფელი ერთ მუშტადაა შეკრული". ამ ფაქტს შსს სხვისი ქონების დაზიანების მუხლით იძიებს. [მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია