შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 01 აპრილი 2020

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო.

ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმის ძირითად მიმართულებებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის კი, მთავრობის მეთაურის განცხადებით, კრიზისულ ბიუჯეტში 351 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, უკვე დღეის მდგომარეობით გამოიყო 2 მილიარდი ლარი ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით. ეს გახლავთ ის დახმარება, რომელიც მიმართული იქნება სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, ასევე კომპანიების შესანარჩუნებლად, კომპანიების მიმდინარე წარმოებების, მიმდინარე ბიზნესების შესანარჩუნებლად. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რამეთუ კრიზისის ფაზის დაძლევისთანავე ქართული ეკონომიკა იყოს მზად სწრაფად განვითარდეს და აღადგინოს ის სასტარტო პოზიციები, რომელიც ჩვენს ეკონომიკას ჰქონდა წლის დასაწყისში. ამ მიმართულებით ერთმნიშვნელოვნად ჩვენი გადაწვეტილება გახლავთ ის, რომ ჩვენ მაქსიმალურს გავაკეთებთ ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვის პირობებში შევინარჩუნოთ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები ისევე, როგორც მხარი დავუჭიროთ და მივცეთ საშუალება სისტემურ წარმოებებს გააგრძელონ მუშაობა და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ეკონომიკის სისტემურ დარგებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ 2 მილიარდ ლარში არ შედის ის თანხა, რომელიც მთავრობამ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყო. პრემიერის ინფორმაციით, ამ მიმართულებით ცალკეა გამოყოფილი 351 მილიონი ლარი.

„ამ მიმართულებით ჩვენ მოვახდინეთ დღეის მდგომარეობით ბიუჯეტში 2 მილიარდი ლარის მობილიზება. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი და ეს არის პირველი ეტაპი იმ ცოდნებით, იმ მონაცემებით რომელიც გაგვაჩნია დღეს. ჩვენ გვესმის, რომ გარკვეულ ეტაპზე გარკვეული დროის შემდეგ ჩვენ აღმოვჩნდეთ ისეთი გამოწვევების წინაშე, რომ ეს დახმარება იყოს კიდევ უფრო გასაზრდელი. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ეს თანხა არ მოიცავს ჯანდაცვის თვალსაზრისით ბიუჯეტიდან პირდაპირ მიმართულ თანხებს COVID 19-თან ბრძოლისთვის. ეს ცალკე თანხაა, რომელიც გახლავთ 351 მილიონი ლარის ოდენობით. ეს არის ის თანხა, რომელიც კრიზისულ ბიუჯეტში არის დღეის მდგომარეობით რეზერვირებული იმისთვის, რომ ჩვენ ვიბრძოლოთ ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობისთვის და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ხელი შევუშალოთ ინფექციის როგორც მასშტაბის, ასევე გეოგრაფიული გავრცელების სწრაფ ზრდას. ეს თანხა უნდა იყოს უაღრესად რაციონალურად გამოყენებული“, - განაცხადა გახარიამ.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია