შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური - რამდენიმე სკოლაში კანონის დარღვევით ვიდეოთვალთვალის ფაქტები გამოვლინდა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 02 აპრილი 2020

რამდენიმე საჯარო და კერძო სკოლაში კანონის დარღვევით ვიდეოთვალთვალის ფაქტები გამოვლინდა, კერძოდ, მონიტორინგი ჰიგიენისთვის განკუთვნილ ადგილებში, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ვიდეოსათვალთვალო კამერების ხედვის არეალში არ ხვდებოდა საპირფარეშო ოთახში განთავსებული კაბინების შიდა პერიმეტრი, არამედ მხოლოდ საპირფარეშო ოთახის ხელსაბანი და დერეფანი. „აღნიშნული ტერიტორია სკოლებს არ მიაჩნდათ ჰიგიენისთვის განკუთვნილ სივრცედ და ამდენად, ვიდეომონიტორინგს დარღვევად არ თვლიდნენ. ვინაიდან კანონი ჰიგიენისთვის განკუთვნილ სივრცეში გამონაკლისის სახითაც არ უშვებს მონაცემთა დამუშავებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არ გაიზიარა სკოლის არგუმენტაცია, რომ საპირფარეშოებში ვიდეოკამერების განთავსება მოსწავლეთა უსაფრთხოებასა და თამბაქოს მოხმარების კონტროლს ემსახურებოდა. ჰიგიენისთვის განკუთვნილი ადგილი განსაკუთრებული პირადი სივრცეა. ის არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ საპირფარეშო კაბინების უშუალოდ შიდა პერიმეტრით. საპირფარეშო ოთახი მთლიანად – ხელსაბანების ადგილი, დერეფანი თუ კაბინის შიდა პერიმეტრი – მისი ფუნქციური დატვირთვიდან გამომდინარე, ჰიგიენური მიზნებისთვისაა განკუთვნილი.

შესაბამისად, პირის უფლება, გარეშე პირთა დაკვირვების გარეშე, თავისუფლად ისარგებლოს აღნიშნული სივრცეებით, მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ სივრცეებში მონაცემთა სუბიექტის მონიტორინგი ნებისმიერი მიზნით გაუმართლებლად ჩაითვალა“, – აღნიშნულია ანგარიშში. ამასთან, დოკუმენტში საუბარია იმაზეც, რომ ერთ-ერთი კერძო სკოლის ადმინისტრაციამ, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის (სასამართლოს განჩინება/პროკურორის დადგენილება) წარდგენის გარეშე, პოლიციის თანამშრომლებს გადასცა ამავე სკოლის სამეთვალყურეო კამერებით გადაღებული ვიდეოჩანაწერები, რომლებიც არასრულწლოვანთა პერსონალურ მონაცემებს ასახავდა.

"პირველი არხი"

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია