გურიის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოქმედებს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები, რაც პაციენტებისთვის მაქსიმალურად დაცულ გარემოს ქმნის.
ჩოხატაურისა და ოზურგეთის „მედალფას“ სამედიცინო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე პრეტრიაჟისთვის სპეციალური კარავი/ შენობა მოეწყო, სადაც პაციენტთა პრეტრიაჟი - კითხვარების შევსება მოხდება, რომლის საშუალებითაც მოხდება რისკის შემცველი პაციენტების იდენტიფიცირება. თუ ასეთი პაციენტი არსებობს, ის აღარ ერევა არსებულ ნაკადში და იზოლირებულ ბოქსში გადადის. 24 საათის განმავლობაში იქნება ექიმი ინფექციონისტი, ყველა სათანადო აღჭურვილობით და თითოეულ პაციენტს ადგილზე გაუწევს კონსულტაციას.
რაც შეეხება, ვირუსზე არასაეჭვო პირებს, ისინი კლინიკაში შესვლას პრეტრიაჟის გავლის შემდეგ სპეციალური საშვით შეძლებენ და მოხდება მათი გადამისამართება კლინიკის ამბულატორიულ და სტაციონარულ სექტორებში.
გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, პირველ მოადგილე აკაკი შენგელიასთან და ჩოხატაურის მერთან ირაკლი კუჭავასთან ერთად, „მედალფას“ კლინიკებში იმყოფებოდა, სადაც მუშაობის პრინციპებს გაეცნო. ასევე, არსებული ვითარების შესახებ სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელებისგან ინფორმაცია მიიღო.