კახეთი
თუშეთში მუდმივ მცხოვრებლებს სურსათი გადასცეს
საზოგადოება
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
11 აპრილი 2020
თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას სააღდგომო სასურსათო კალათები
ჩაუტანეს. ისინი დღეს კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი
ქადაგიშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, იოსებ ქარუმაშვილმა
მოინახულეს.
"თუშეთი თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ზამთრის პერიოდში ისედაც
თვითიზოლაციაშია მოქცეული. აქ მყოფი ადამიანების ფიქრი და გულისყური
ახლა ბარისკენ არის მიმართული. წელს, თუშეთში, ისევე როგორც მთელ
მსოფლიოში ტურისტული სეზონი სავარაუდოდ არ იქნება აქტიური. თუმცა ეს
პერიოდი ინფრასტრუქტურის განახლებასა და თუშეთის შემდეგი ტურისტული
სეზონებისთვის მზაობის პროცესს მომხმარდება" -აღნიშნა ირაკლი
ქადაგიშვილმა. "
როგორც იოსებ ქარუმაშვილმა განაცხადა, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის
სოციალური პროგრამით გათვალისწინებული სასურსათო კალათები თუშეთის
მუდმივ მცხოვრებლებს წელიწადში ორჯერ გადაეცემათ. მისივე თქმით,
მოზამთრეებს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 11 დასახელების
პროდუქტსგან შემდგარი 25 სასურსათო კალათა ჩაუტანეს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, თუშეთის მიმართულებით ფრენა რეგულარულად
სრულდება და მოზამთრეების გადაყვანას, ასევე მათთვის საჭირო საკვების
გადატანას სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი უზრუნველყოფს.
ფოტო: კახეთის მხარის რწმუნებულის
ადმინისტრაცია