შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

‘მე ვერავის მოვუწოდებ სახლში დარჩეს’ - მიტროპოლიტი თეოდორე [ვიდეო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 აპრილი 2020
‘მე ვერავის მოვუწოდებ სახლში დარჩეს’ - მიტროპოლიტი თეოდორე [ვიდეო] მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 12.04.2020 ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე, ამბობს, რომ ტაძრებში მსახურებისას ყველა რეკომენდაცია მკაცრად დაცულია და მას არ შეუძლია მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდოს. რაც შეეხება ერთი კოვზით ზიარებას, სასულიერო პირის თქმით, "ქრისტეს სისხლი და ხორცი ინფექციის მატარებელი ვერ იქნება". 12 აპრილს, ბზობის დღესასწაულზე, ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მიტროპოლიტმა მედიასთან რამდენიმე საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, ბზობა, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული მრევლმა აუცილებლად უნდა აღნიშნოს:„მე არ ვიცი ტაძარში კიდევ რა უნდა გავამკაცროთ, ამ სიცივეში ტაძარში არ ვუშვებთ და გარეთ იყინება ხალხი. არ არის ადვილი ამისი გაკეთება. ეს ადამიანები მოდიან, მათი ერთაერთი ნუგეში ტაძარში არის და დღეს რომ ტაძრის კარი დავუკეტოთ ადამიანებს, არაფრით შეიძლება. ეს არის დიდი დღესასწაული, რომელიც არსია მთელი ჩვენი ცხოვრებისა და ეს რომ არ ვიზეიმოთ, არ შეიძლება, მაგრამ უნდა ვიზეიმოთ ისე, რომ დავიცვათ რეკომენდაციები, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს დავიცვათ საკუთარი თავი და დავიცვათ ერთმანეთი“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა. მისივე თქმით, ჯერ უცნობია როგორ აღევლინება სააღდგომო ლიტურგია: „სააღდგომო ლიტურგია როგორი იქნება, ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი. ჩვენ გვექნება მოლაპარაკებები მთავრობასთან და ამის შემდეგ, გამოვაცხადებთ ჩვენს მიმართულებას“. „სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვაზე, თუკი რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდება, შეიძლება თუ არა, ამ დროს მაინც, მოუწოდონ სასულიერო პირებმა მრევლს სახლში დარჩენა, მიტროპოლიტმა უპასუხა: „მე ვერავის მოვუწოდებ რომ სახლში დარჩეს. ადამიანს თუ ღმერთთან მისვლა სჭირდება, ის უნდა მივიდეს ღმერთთან. ჩვენ ვერ გავაჩერებთ ადამიანებს, შეგვიძლია მოვუწოდოთ, რომ მათ დაიცვან რეკომენდაციები“. მისივე თქმით, ინფექციისგან დაცული არავინ არსად არის, მათ შორის, არც ეკლესიაში, თუმცა ზიარების ერთი კოვზით გადაცემით, მრევლს დაინფიცირება არ ემუქრება:„ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ზიარებით არავის არ გადაედება. იმიტომ, რომ ეს არის სისხლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. სისხლი და ხორცი არ შეიძლება იყოს ინფექციის მატარებელი. უფალი არ შეიძლება იყოს ინფექციის მატარებელი. ჩვენ ვცდილობთ დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, დავიცვათ დისტანცია, ადამიანებთან ურთიერთობისას“. რაც შეეხება სასულიერო პირების ტესტირებას, მიტროპოლიტი ამბობს, რომ ეკლესია ამისი წინააღმდეგი არ არის: „ ჩვენ არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს ამასთან დაკავშირებით, ძალიან კარგია თუ გავესინჯებით და დარწმუნებული ვიქნებით, რომ ჩვენ არ ვიყოთ მატარებელი ამ გადამდები ვირუსისა, მაგრამ ასევე კარგი იქნება, რომ გამყიდველებს, ბანკის თანამშრომლებს და სხვადასხვა მომსახურე პერსონალს ჩაუტარდეთ პირველ რიგში“.სასულიერო პირი მიიჩნევს, რომ ადამიანების ჯანმრთელობის მიმართ პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება: „პასუხისმგებლობა არის თითეოული ჩვენგანის, დაწყებული პატრიარქიდან, პრემიერ-მინისტრიდან და გაგრძელებული მინისტრებით, მღვდელმთავრებით, სასულიერო პირებით, ჩვეულბრივი ადამიანებით, ყველამ უნდა ვიგრძნოთ პასუხისნმგებლობა, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. სამწუხარო რეალობა გვაქვს და ეს რეალობა არ დამთავრდება ერთ და ორ კვირაში. ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს და ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ რელობაში ცხოვრება. არ შეიძლება ცხოვრება გავაჩეროთ, გადაიკეტოს ყველაფერი და მსოფლიო გაჩერდეს“, - ამბობს მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე.დღეს, 12 აპრილს მან ბზობის სადღესასწაულო წირვა აღავლინა. რაბათის წმ, მარინეს სახელობის ტაძარში მრევლი შეუზღუდავი რაოდენობით მივიდა. ლიტურგია ეზოში აღევლინა, რომლის დროსაც, ერთი კოვზით ზიარება მიიღო ათობის ადამიანმა, მათ შორის მცირეწლოვნებმაც.[თიკო ზაზაძე, თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია