საქართველოს რეგიონებში 27 აპრილამდე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელებისათვის მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება გარკვეულ დროებში იქნება შესაძლებელი. გამონაკლისი დაიშვება დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე.
ინფორმაცია ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნინო ფოფხაძემ გაავრცელა.
თელავისა და გურჯაანის მერიების ინფორმაციით, 27 აპრილამდე, საქართველოს რეგიონებში დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, რაც, მათი შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის.
"აუცილებელი პირობაა, რომ გადაადგილების დროს დაცული იყოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი მსუბუქი ავტომობილით მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხოების წესები (ავტომობილში პირბადეებით იმყოფება არაუმეტეს 3 პირი)", - აღნიშნულია ორივე განცხადებაში.
როგორც ტაბულას მთავრობის პრესსამსახურში უთხრეს, აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საბჭო გააკეთებს განცხადებას.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობა 22 მაისამდე გახანგრძლივდება, ხოლო მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა - 27 აპრილამდე.