შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბახმაროსნაირი ჰაერია დღეს თბილისში"- კახი კალაძე

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 23 აპრილი 2020

კახა კალაძემ Facebook გვერდზე გავრცელებულ Live მიმართვაში საქართველოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეზღუდვების დაწესების შემდეგ, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი თბილისსა და მთელ საქართველოში მკვეთრადაა შემცირებული. შემდეგ, საზოგადობას კითხვით მიმართა, ამ მაჩვენებლის შესანარჩუნებლად, დაუჭერენ თუ არა მხარს, რომ კვირაში 2 დღე კერძო ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვა ძალაში დარჩეს - დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ.

"უკვე დროა, დავფიქრდეთ, რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რომ ჩვენი პლანეტა და, შესაბამისად, გარემო, სადაც ვცხოვრობთ, იყოს ეკოლოგიურად უფრო სუფთა. ეს ყველაფერი, რაზეც მე ვისაუბრე, არის ინიციატივის დონეზე და საზოგადოებამ გადაწყვიტოს, იმსჯელოს, თუ როგორ გვინდა, საერთოდ, გვინდა თუ არ გვინდა, რა ფორმით უნდა განხორციელდეს, კვირაში თუ თვეში ორი დღით უნდა იყოს.

ჩვენ ახალ ველოსიპედს ნამდვილად ვერ გამოვიგონებთ. შეგვიძლია, სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო მაგალითები გადმოვიტანოთ, მივაწოდოთ ეს ინფორმაციის სახით საზოგადოებას და საზოგადოებამ იმსჯელოს.

ჩვენ შევადარეთ 2019 წლის მარტის თვის მონაცემები დღევანდელს, თუ რა მდგომარეობა იყო და დღეს რა სურათი გვაქვს. როგორც ცა და დედამიწა, ისეთი განსხვავებაა 2019 წლის მარტსა და 2020 წლის მარტის მონაცემებს შორის.

როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, როგორც ბახმაროში, ისეთი ჰაერია დღეს თბილისში. ამას შენარჩუნება და გაფრთხილება სჭირდება. თუ ამას შევინარჩუნებთ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომავალი თაობისთვის, ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის.

ვიმეორებ, ეს ინიციატივაა და არა გადაწყვეტილება. ჩვენ საზოგადოებას მივეცით კონკრეტული თემა სამსჯელოდ. ბევრი მიესალმა იდეას, წამოვიდა მოსაზრებები, როგორ ჯობია, როგორ დავაწესოთ ქალაქიდან გასვლა-შემოსვლის საათები. ეს ყველაფერი დასახვეწია სამომავლოდ. თუმცა ჩვენ ამ თემას დავუბრუნდებით მას შემდეგ, რაც დავუბრუნდებით ნორმალური ცხოვრების რიტმს."

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია