ბოლო 24 სააათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ეს იმითაა განპირობებული, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი აგრესიული კვლევა ჩატარდა.
"გუშინ ჩატარდა ძალიან დიდი რაოდენობით კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა. ერთდროულად იყო ჩატარებული ტესტის მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით და ეს 25 ახალი შემთხვევა ამ ჯამური მონაცემის შედეგია. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება”, - განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე განცხადებით, გამოჯანმრთელებულის რაოდენობაც ასევე დიდია - 18 ახალი გამოჯანმრთელებულია და ამ ეტაპზე ჯამში - 132.
ეზუგბაია ამბობს, რომ კლინიკებში ერთად 323 პაციენტი მკურნალობს.