იმერეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მარტვილში მესაფლავეებმა ერთი ქოთანი ოქროს მონეტები იპოვეს და ქუთაისში ლომბარდში ჩააბარეს

სამართალი
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 10 დეკემბერი 2018

მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში მესაფლავეებმა ერთი ქოთანი ოქროს მონეტები იპოვეს, რომელიც ქუთაისში ლომბარდში 11 ათას ლარად ჩააბარეს-ინფორმაციას საინფორმაციო პორტალი “თაიმერი ავრცელებს. 

მონეტები, სავარაუდოდ, შუა საუკუნეებს განეკუთვნება და დაახლოებით მილიონ ლარამდეა მისი ღირებულება –ამის შესახებ მედიასაშუალებას  წყარომ ექსკლუზიურად აცნობა.   მეორე წყაროს ცნობით კი, სულ ნაპოვნი იყო 30 მონეტა. 

როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონულ სამმართველოში განუცხადეს  შემოვიდა შეტყობინება, რომ სოფელ ბანძაში მოქალაქეებმა საფლავის გათხრისას ოქროსა და ვერცხლის სხვადასხვა ნივთები იპოვეს. ფაქტის დასადგენად გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 177-მუხლით, რაც ნივთის ფარულად დაუფლებას გულისხმობს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 ნოემბერს ადგილობრივი გარდაცვლილი პირის დასაკრძალად საფლავის გათხრისას მოქალაქეებმა თიხის ქოთანი იპოვეს, რომელშიც მოთავსებული იყო ოქროს და ვერცხლის მონეტები. გარდაცვლილი პირის ოჯახმა, რომელსაც მპოვნელებმა ნივთების ნაწილი გადასცეს, ოქროს და ვერცხლის ნივთები ადგილობრივ მუზეუმს გადასცა, სხვა ნაპოვნი ნივთები კი ნივთების მპოვნელმა მოქალაქეებმა ქალაქ ქუთაისში კონკრეტული თანხის სანაცვლოდ ჩააბარეს ოქროს ნივთების სავაჭრო ობიექტში.

საქმეზე ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველების მიერ სრულად ამოღებულია ფულის სანაცვლოდ ჩაბარებული ოქროსა და ვერცხლის ნივთები, ასევე გამოძიების ფარგლებში ექსპერტიზის მიზნით ამოღებულია მუზეუმისთვის გადაცემული ნივთები და ყველა ნივთი ამ დროისთვის დაცულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ნივთმტკიცებებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ოთახში.

მიმდინარეობს კონსულტაციები კულტურის სამინისტროსთან, რათა სათანადო ექსპერტიზის მეშვეობით დადგინდეს რა ნაპოვნი ოქროსა და ვერცხლის ნივთების დათარიღებისა და შეფასების საკითხი. ასევე ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება აქტიურ საგამოძიებო მოქმედებები.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია