რუსეთმა აშშ-ს გაწეული სამედიცინო დახმარებისთვის 660 000 აშშ დოლარის ანგარიში გაუგზავნა. ინფორმაციას ABC News ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სამედიცინო დახმარება, რომელიც მოსკოვმა ვაშინგტონში გასულ თვეს გააგზავნა მოიცავდა „ომის ტიპის გაზის ნიღბებს“ და „სახლის საწმენდ ხელთათმანებს“.
მათივე ინფორმაციით, ტვირთში ასევე იყო 45 სასუნთქი აპარატი, რომელთა გამოყენებაც დროულად ვერ მოხერხდა, ძაბვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.
ცნობისთვის, რუსული მედია გასულ თვეს წერდა, რომ აშშ-ში მოსკოვმა „ჰუმანიტარული დახმარება“ გაგზავნა. 2 აპრილს, ამერიკის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს. „მე საერთოდ არ მაშფოთებს რუსული პროპაგანდა. ოდნავადაც კი. პუტინმა შემომთავაზა ბევრი სამედიცინო, მაღალი ხარისხის რაღაცეები და მე დავთანხმდი“,-აღნიშნა ტრამპმა.