როდესაც 45 მილიონიანი ქვეყნის რეფორმირების ბედს მოგანდობენ, ეს იმ რეფორმების აღიარებას ნიშნავს, რომელიც შენს ქვეყანაში გაქვს გატარებული - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
მან მიხეილ სააკაშვილს უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნა მიულოცა.
ნიკა მელიას თქმით, დასავლეთი და ზელენსკი სააკაშვილს უკრაინელი ოლიგარქების საპირწონედ განიხილავს და ამ თანამდებობაზე მისი დანიშვნა გაჩერებული უკრაინის ამოძრავებას შეუწყობს ხელს.
"ზელენსკიმ ქვეყნის მთავარ რეფორმატორად ოფიციალურად დანიშნა მიხეილ სააკაშვილი.
დასამალი არაა რომ მ. სააკაშვილის დანიშვნის მთელი ეს პროცესი უკრაინაში მძაფრი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, მაგრამ ხშირად წინააღმდეგობა გაცილებით უფრო მკაფიოდ უსვამს ხაზს პერსონის მნიშვნელობას, ვიდრე მხოლოდ მხარდაჭერა.
ამ გადამწყვეტი ნაბიჯით, არა მარტო ზელესნკიმ, არამედ დასავლეთმა ამამოძრავებელი ძრავი ჩაუდგა სტაგნაციაში მყოფ, ფაქტობრივად გაჩერებულ უკრაიანას. ქვეყანას, რომელსაც კორუფციის მარწუხებში ამყოფებენ და განვითარების საშუალებას არ აძლევენ ადგილობრივი ოლიგარქები. სწორედ მათ საპირწონედ განიხილავს დასავლეთიც და ქვეყნის პრეზიდენტი ზელესნკიც მ.სააკაშვილს.
როდესაც მოგანდობენ 45 მილიონიანი ქვეყნის რეფორმირების ბედს, ეს სულ მინიმუმ ნიშნავს, როგორც შენი, როგორც პოლიტიკური მოღვაწის როლისა და ძალის, ისე იმ რეფორმების კიდევ ერთხელ უპირობო აღიარებას, რომელიც შენს ქვეყანაში გაქვს გატარებული.
წარმატები მიხეილ სააკაშვილს ამ რთულ და მნიშვნელოვან გზაზე!" - წერს ნიკა მელია