„ქართული ოცნება“ ადგილზე მარტივ მამრავლებად იშლება, ნასარაია, ჭანუყვაძე შარაშენიძე - ვისზე გააკეთებს არჩევანს თბილისი
“ნიახური ხომ არა ხარ მეორედ მოხვიდე“ - ცნობილი ქართული მულტფილმის ეს ფრაზა გამახსენდა, როცა გურიის გუბერნიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია წავიკითხე, თუ როგორი „გულმოწყალე“ და „ქველმოქმედი“ „ბიზნესმენები“ ყოლია ოზურგეთს და ამის ავანგარდში „ნიახურს“ რომ მახსენებს მუდამ - ბეგლარ სიორიძე დგას.
გუბერნატორის პრესსამსახური - კრინტს რომ არ ძრავს ოზურგეთელი ბიზნესმენების მართლა ალალად გაწეულ დახმარებებზე ამ ძნელბედობის ჟამს - მაგალითად ირაკლი სირაძე და „ჩემი მარკეტი“, თუნდაც ავადსახსენებელი ავთო ღლონტი და მისი „ავტოსადგური“ და მრავალი სხვა; გუბერნია, რომელიც არაფერს ამბობს ადგილობრივი ბიზნესის მიზანმიმართულ დევნაზე - მაგალითად სუპერმარკეტ „მოდერნის“ უსაფუძვლოდ და უკანონოდ ათეულ ათასობით ლარის დაჯარიმებაზე, ადგილობრივი მოქალაქეების დევნა შევიწროებაზე პატრულის მიერ , პირდაპირ „ქუხს“ კორუფციაში ბრალდებულის - ოზურგეთის ყოფილი მერის „მამაცობაზე“, რომელიც „ნიახური იქეთ იყოს“ და ... მესამედ მოსვლის გზას შემდგარა...
ის რომ ხელისუფლება „კორონავირუსს“ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის იყენებს - არახალია.
ის რომ ხელისუფლების მთავარი მიზანი ოპოზიციის ლოკალიზება და განადგურებაა ,ესეც ცნობილია.
ამ ყველაფრის საბოლოო მიზანი რომ კიდევ 4 წლით ხელისუფლების შენარჩუნებაა -ასევე ცხადია.
ამის შანსი ამ ხელისუფლებას ერთი შეხედვით „კორონავირუსმა“ მისცა - თუმცა რას ვიზამთ? , როგორ მივალთ და რა იქნება შემოდგომაზე? - ეს არავინ იცის.
ამ ვირუსის დროს ხელისუფლება ნაცვლად მასთან და მის მიერ მოტანილ შედეგებთან ბრძოლისა, ხელისუფლების შენარჩუნებისა და ამ შენარჩუნებისათვის აუცილებელი სვლებისთვის ფიქრობს დღე და ღამ.
სწორედ ამ კუთხით და კარსმომდგარი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში შესაძლოა განვიხილოთ გურიის გუბერნატორისა და ყოფილი ქალაქის თავის დაძმობილება, რაც ნათლად მიუთითებს გურიაში მოსალოდნელ გადანაცვლებებზე.
რატომ უნდა დასჭირვებოდა ნასარაიას უწყებას ისეთ ოდიოზურ ადამიანთან ერთად საზოგადოების წინაშე წარდგომა ,როგორიც სიორიძეა - ადამიანი ვისი სახელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს საკუთარი გავლენით ასეულობით მოქალაქეებისათვის ქონების წართმევასთან ასოცირდება, „ქართული ოცნების“ დროს ოზურგეთის მერობისას კი უამრავ უკანონოდ მითვისებულ ქონებასთან და ადგილობრივი მოსახლეობის, ბიზნესისა და მედიის დევნასთან, რომ აღარაფერი ვთქვათ, გავრცელებული ინფორმაციით, ყველა დროში სახელმწიფოდან მიღებული შეღავათიანი სესხებისა და სუფსიდირებების ,,შეჭმასა“ და ამათუიმ ფონდებიდან ინვესტირებული ბიზნესების სრულ გაპარტახებაზე
(თვალსაჩინოებისთვის იხილეთ, გურიანთის სასათბურე მეურნეობა, ზვანში თხილის საექსპორტო კომბინატი).
მთლიანობაში ბეგლარ სიორიძე ოზურგეთელი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის დამარცხებისა და წარუმატებლობის სიმბოლოა როგორც არჩევნების, ისე ბიზნესის მხრივ და ეს ფაქტობრივი მოცემულობაა, რომელსაც ვერავინ აუვლის გვერდს, მათ შორის ვერც ნასარაია.
როგორ შეიძლება ბიზნესმენი უწოდო ადამიანს რომელმაც „ნაციონალების“ დროს 400-მდე მეპაიეს, რომელთა უკანაც 400 ოჯახი დგას, მათივე განცხადებებით, წაართვა ქონება, მაშინდელი ხელისუფლების გულგრილობით, 2008 წელს როცა საქართველო რუსეთთან ომში იყო ჩართული, ამით ისარგებლა და ოკუპანტების მიერ გაჩაღებული ხოცვა -ჟლეტის პარალელურად ხელში ჩაიგდო ე.წ. „რაიკავშირის“ შენობა კაპიკებად,შემდეგ კი ასეულ ათასობით დოლარად გაყიდა ნაწილ- ნაწილ, მთავარი კი მან დაიტოვა სარიტუალო სახლ „ელეგანტისა“ და რესტორან „ქალაქურის“ სახით, მეტიც მას რაღაც იდიოტობა მიაშენა და უფრო მეტიც, მიმდებარე სივრცეც უკანონოდ აითვისა და ოზურგეთის ეს ნაწილი „ბუტკებად“ გადააქცია.
მისი მერობისას მიიტაცა მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია, სანაგვეში გადაყარა იქ არსებული ე.წ. „მეორე სამამულო ომის გმირთა მემორიალი“ და იქაც „ბუტკების ოაზისი“ შექმნა.
რაც ყველაზე მეტად აღმაშფოთებელია, მიიტაცა მუზეუმში ასასვლელი კიბეც და იქ არსებული საზოგადოებრივი ტუალეტიც კი შესასვლელი გზის გარეშე დატოვა.
უკანონოდ მიითვისა ყოფილი „აბრეშუმის ფაბრკის შენობა“ და ჰექტრობით მისი მიმდებარე მიწა. უკანონოდ მიითვისა ოზურგეთის ბაზარი და მას ხელისუფლებასთან, რომელსაც თვითონ წარმოადგენდა ,გააფორმებინა ადგილობრივი თვითმმართველობისათვის კაბალური ხელშეკრულება.
მიიტაცა „სანეპიდსაგურის შენობა“ სადაც სასტუმრო „ააშენა“ და მოაწყო „აბრეშუმის ფაბრიკის“ ეზოში უკანონოდ და ვანდალურად მოჭრილი ასწლოვანი უნიკალური ხეების განადგურების ხარჯზე.
„ააშენა“ ბრჭყალებში“ იმიტომ, რომ როგორ შეიძლება „ბიზნესმენი“ ერქვას ადამიანს რომლის დეკლარაციაც წლობის განმავლობაში ნულოვანია, ხოლო სასტუმრო, რომელსაც მანვე 4 ვარსკვლავი უბოძა, მუზეუმთან მიმდებარე, მიტაცებული ტერიტორიის იპოთეკით დატვირთვის ხარჯზეა აშენებული.
ესეც ბიზნესი „ოცნებურად“.
ცხადია რომ გუბერნატორისა და ბეგი სიორიძის დაახლოება მომავალ არჩევნებს უკავშირდება.
როგორც ერთი, ისე მეორე - „ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას“ ცდილობს - ანუ ოზურგეთში „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ლიდერის, მერაბ ჭანუყვაძისა და ოზურგეთის არჩეული მერის, კოტე შარაშენიძის დაპირისპირების ფონზე, ნასარაია -სიორიძის ტანდემი, როგორც ერთი, ასევე მეორე ჯგუფის უგულველებელყოფას და ახალი სამთავრობო ცენტრის შექმნას ცდილობენ.
ვრცელდება ხმები, რომ გურიის გუბერნატორი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობას ესწრაფვის, თავისთავად გურიაში „ქართული ოცნებიდან“, იგივე სურვილი აქვს მერაბ ჭანუყვაძეს, რომელიც მიუხედავად განვლილი პერიოდისა, პარტიაზე კონტროლს არ კარგავს. თავისთავად ამ თამაშში სხვა გზით მიდის მოქმედი მერიც, რომელიც კარგ გუნებაზე - თამაშში ყოფილი მერის შემოსვლით - „ბედნიერი არ იქნება“.
ეს„შემოსვლა“ მას ავტომატურად გუბერნატორის წრეს აშორებს და დამოუკიდებელი თამაშის „მორალურ შესაძლებლობას“ აძლევს - ამ მიმართულებით კი მას ბევრი ფავორიტი ეყოლება - თუნდაც ზურაბ ჩხაიძე - „ასკანელი ძმებიდან“.
რაც შეეხება ბეგი სიორიძეს, სავარაუდოდ, მისი მთავარი მიზანი ნასარაიას წრეში კარგად მოთავსება და მისი არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მის სავარძელზე „მოჯდომა“ იქნება, რადგან მანაც კარგად იცის რომ „ნიახური არაა“ და მეორედ მერად ვერ მოვა.
მოკლედ „ქართული ოცნება“ ადგილზე მარტივ მამრავლებად იშლება, ნასარაია, ჭანუყვაძე შარაშენიძე - ვისზე გააკეთებს არჩევანს თბილისი, ამას მომავალი გვიჩვენებს ... და საერთოდ „თბილისი“ ფიქრობს კი არჩევნებზე?