შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

18 მაისიდან პრობაციონერთა დაბარება განახლდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 13 მაისი 2020
18 მაისიდან პრობაციონერთა დაბარება განახლდება მთავარი → სიახლე, საზოგადოება 13.05.2020 ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის ჩადენისათვის გასამართლებული პირობით მსჯავრდებულები და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები პრობაციის ბიუროში 18 მაისიდან გამოცხადდებიან. საქართველოს მასშტაბით, პრობაციის ბიუროებში გამოცხადების ვალდებულება 18 მაისიდან 1 499 პირს შეეხება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ იუსტიციის მინისტრის ბრძანება დღეს, 13 მაისს გამოიცა. უწყების ინფორმაციით, პრობაციის ბიუროები ოჯახურ დანაშაულში მსჯავრდებული პირების მისაღებად უკვე მზად არიან. იმისათვის, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების პრევენცია და დაცული იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, უწყებათაშორისი საბჭოს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, ყველა ბიურო აღჭურვილია დეზობარიერით, თავდაცვის ინდივიდუალური საშუალებებით. აპარატურა, რომელიც თითის ანაბეჭდის ასაღებად გამოიყენება, ყოველი მოხმარების წინ სპეციალური ხსნარით დამუშავდება.ბიუროს შიდა სივრცეში შესასვლელად პრობაციონერები ვალდებულნი იქნებიან, ატარონ დამცავი ნიღაბი. სერვისის მისაღებად შენობაში ერთდროულად დაიშვება არაუმეტეს სამი პირისა, შენობის გარეთ კი, სოციალურ დისტანციას დაცვის პოლიცია გააკონტროლებს. რაც შეეხება დანარჩენ, სხვა მუხლებით გასამართლებულ პრობაციონერებს, ისინი პრობაციის ბიუროში რეგისტრაციისა და აღრიცხვაზე აყვანის მიზნით გამოცხადების ვალდებულებისაგან გათავისუფლებულნი არიან საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ ბიუროში გამოუცხადებლობა მათ ჩაეთვლებათ საპატიოდ. პრობაციონერები ბიუროებში სავალდებულო გამოცხადებისგან იუსტიციის მინისტრის მითითებით ჯერ კიდევ 12 მარტიდან 14 აპრილის ჩათვლით გათავისუფლდნენ, იუსტიციის მინისტრის 16 აპრილის №522 ბრძანების მიხედვით კი, სავალდებულო გამოცხადებისაგან გათავისუფლების ვადა საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გახანგრძლივდა. დღეს, ამავე ბრძანებაში შესული ცვლილებების თანახმად, ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ჩადენილი ძალადობისათვის გასამართლებული პირობით მსჯავრდებულები და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები პრობაციის ბიუროში დადგენილი რეჟიმის შესაბამისად – 2020 წლის 18 მაისიდან უნდა გამოცხადდნენ.[sknews.ge]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია