სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გაძვირდა თუ არა სტომატოლოგიური მომსახურება ახალციხეში

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 22 მაისი 2020
გაძვირდა თუ არა სტომატოლოგიური მომსახურება ახალციხეში მთავარი → სიახლე, საზოგადოება 22.05.2020 პანდემიის გამო, ქვეყნის მასშტაბით, სტომატოლოგიური მომსახურების ღირებულება გაიზარდა. ახალციხეში არსებული კლინიკების უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ მათთან ამ ეტაპზე ძველი ფასები შენარჩუნებულია, თუმცა რა იქნება ერთი თვის შემდეგ, არ იციან. 22 მაისიდან სტომატოლოგიურ კლინიკებში გეგმური მომსახურება აღდგა. „სამხრეთის კარიბჭე“ დაინტერესდა, გაიზრდება თუ არა მომსახურების ფასები ახალციხეში. ოთხი სტომატოლოგიური კლინიკიდან, სამში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, მომსახურებაზე ძველი ფასები შეინარჩუნეს, რადგან „ჯერ-ჯერობით საჭირო მარაგი აქვთ“, თუმცა შესაძლოა ერთი თვის შემდეგ, როცა მარაგი გათავდება, შესაძლოა ღირებულებამ მოიმატოს. სტომატოლოგები ამბობენ, რომ მომსახურების საფასურის ზრდა, ძირითადად, ექიმების ეკიპირებისათვის საჭირო აღჭურვილობის გამო ხდება. მომსახურებებზე ფასები გაიზარდა არტურ ბალასანიანის სტომატოლოგიურ კლინიკაში: „ფასები გაძვირდა, ეს მხოლოდ ეკიპირების ფასი 10-15 ლარი ემატება მომსახურებას. ექვსი ლარი მხოლოდ ერთი ხალათი ღირს. მაქსიმალურად ვდილობთ, რომ პაციენტები დაბალ ფასში გამოვიყვანოთ, ეს მინიმალურია. მხოლოდ ხალათისა და ნიღბის თანხა მოემატა“,- გვითხრეს ბალასანიანის კლინიკაში.ფასების შენარჩუნებას ცდილობს სტომატოლოგი რობერტ პაპოიანი. ამბობს, რომ ძველი მარაგი კიდევ ერთ თვეს ეყოფა, რაც საშუალებას მისცემს მომსახურებაზე ძველი ღირებულება შეინარჩუნოს: „ჯერ-ჯერობით, ვცდილობთ, რომ არ მოვუმატოთ ფასებს. მაგრამ ასე თუ ერთი თვე გაგრძელდა, 10-15 პროცენტით მოვუმატებთ. წამლის ფასმაც იმატა. საქმე ეხება ასევე ეკიპირებას, ხალათები გაძვირებულია და ერთჯერადის ხმარება გვიწევს. ადრე ჩვენ ჩვეულებრივი ხალათები გვქონდა, ახლა ერთჯერადია. ასევე პირბადის, რესპირატორისა და ხელთათმანის ფასიც გაიზარდა. თუმცა რადგან ჯერ მარაგი გვაქვს, ვუძლებთ, იმედია რომ დაიკლებს ფასები“.გაზრის თუ არა მომსახურების ღირებულებას ჯერ გადაწყვატილი არ აქვს სტიმატოლოგ ლელა მერაბიშვილს: „გაძვირებას რაც შეეხება, ეგ ზომები არ მიმიღია ჯერ. უნდა გავიგო როგორ დასტაბილურდება ბაზარზე ფასები და მაგის მიხედვით ვიმოქმედებ“.მერაბიშვილის მსგავსად, ბაზარზე ფასების დარეგულირებას ელოდებიან კლინიკა „დენტალ ჰაუსშიც“: „ამ ეტაპზე, არ მოგვიმატებია ფასები, მარაგი გვაქვს და შევეცდები, რომ არ გავზარდო. შემდეგ შევხედავ, რა ფასებში მოგვაწვდიან საჭირო მასალებს და იმის მიხედვით გადავწყვეტთ“,- ამბობს სტომატოლოგი გიორგი მანველიშვილი.ჯანდაცვის უწყების მიერ გამოქვეყნებული რეგულაციების თანახმად, გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებს უნდა ჰქონდეთ:- ინდივიდუალური დაცვის საშუალებები სტომატოლოგიური პერსონალისთვის;- N95 ან უფრო მაღალი დაცვის დონის რესპირატორი; სამედიცინო ნიღაბი; თვალის დამცავი საშუალებები: სახის ფარი და დამცავი სათვალე; არასტერილური ერთჯერადი ხელთათმანები; ერთჯერადი სითხეგაუმტარი სამედიცინო ხალათი; ბახილები; ჩაჩი (სამედიცინო ქუდი);- ერთჯერადი გამოყენების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ორი კვირის სამყოფი მარაგი, სამუშაო კაბინეტების და დასაქმებული სტომატოლოგიური პერსონალის შესაბამისად.- ხელსაბანი უნდა იყოს ყველა სტომატოლოგიურ კაბინეტში; ასევე უნდა იყოს საპირფარეშო;- ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაციის სისტემა;- დარბაზულ სისტემაში მომუშავე ბორმანქანებს შორის უნდა არსებობდეს 4-მეტრიანი დისტანცია;- უნდა იყოს საკმარისი სივრცე მიმღებსა და მოსაცდელში პაციენტების სკრინინგის, უსაფრთხოდ შემოსვლის და ერთმანეთთან დისტანცირებისთვის.- პაციენტების მისაღებ სივრცეში (რესეფშენი) მომუშავე პერსონალის დაცვა აუცილებელია.- რეგისტრატურასთან უნდა იყოს მინის ან ორგანული მინის დამცავი ბარიერი, პერსონალს უნდა ეკეთოს სახის ფარი; სამედიცინო ნიღაბი, ეცვას ერთჯერადი ხალათი და ხელთათმანი.- დაწესებულებაში უნდა იყოს დეზინფექცია-სტერილიზაციის პროტოკოლი; სათავსი სასტერილიზაციოსთვის; ავტოკლავი.- გასასტერილებელი მასალა უნდა შეიფუთოს ერთჯერად პაკეტებში; უნდა არსებობდეს სტერილიზაციის კონტროლის ჟურნალი; ზედაპირების დეზინფექციის პროტოკოლი; ზედაპირების სადეზინფექციო საშუალებები და მათი მოხმარების ინსტრუქცია.- ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით კლინიკაში უნდა იყოს ხელშეკრულება ინფექციური ნარჩენების გატანასთან დაკავშირებით; ინფექციური ნარჩენების კონტეინერი სტომატოლოგიურ კაბინეტში; ბასრი ნარჩენების კონტეინერი (ძირითადად მუყაოს ტარა); ასევე არასაშიში ნარჩენების კონტეინერი.- კონტეინერები უნდა იყოს შესაბამისად ეტიკეტირებული; ნარჩენი უნდა გავიდეს კლინიკიდან ყოველდღიურად. ასევე, ინფექციების პრევენციისა და კონტროლისთვის კლინიკაში უნდა არსებობდეს ინფექციების პრევენციასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირი.[მარიამ ბარძიმაძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია