სამეგრელო

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო: ვის ეკუთვნოდა მარტვილში აღმოჩენილი განძი, უცნობია

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 12 დეკემბერი 2018
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე დავით ლომიტაშვილი აცხადებს, რომ მარტვილის სოფელ ბანძაში საფლავის გათხრისას ნაპოვნი განძი სავარაუდოდ კოლექციონერს ეკუთვნის.

„ვიმყოფებოდი ბანძაში. ვფიქრობდი, რომ ხელწერილით, კანონის სრული დაცვით წამომეღო ეს ნივთები, რათა გაწმენდილიყო, თუმცა საგამოძიებო ინტერესებიდან გამომდინარე ამის საშუალება ჯერ არ მქონდა. რაც ფოტოზე ვნახე მონეტები, ყველა არის მეორადი გამოყენების. ისინი გახვრეტილია და როგორც ჩანს, თავის დროზე გულსაკიდებად იყო გამოყენებული, შემდეგ დაშლილია სამკაულები და ამან განძის სახით თავი მოიყარა ერთი ადამიანის ხელში, რომელიც დიდი ალბათობით იყო კოლექციონერი, რადგან ნაპოვნია ნივთები მე-7 საუკუნიდან დაწყებული მე-19 საუკუნის ბოლომდე“, - უთხრა „ლაივპრესს“ დავით ლომიტაშვილმა.

თუმცა ვინ იყო განძის მეპატრონე კოლექციონერი, ამაზე საუბარი ნაადრევად მიაჩნია. ის არც მარტვილის მუზეუმის დირექტორის, გივი ელიავას მოსაზრებას ეთანხმება, რომლის მიხედვით, საფლავში მონეტები სოფლის მღვდელმა ანტონ კეკელიამ კომუნისტებისგან გადამალა:

„ძალიან ბევრი ვერსია შეიძლება მოვისმინოთ, მაგრამ ნაადრევად მიმაჩნია საუბარი იმაზე, თუ საიდან მოხვდა საფლავში განძით სავსე ქოთანი. ეს ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია“.

10 დეკემბერს, შინაგან საქმეთა სამინიტრომ გაავრცელა ცნობა, რომ მარტვილის სოფელ ბანძაში გარდაცვლილის დასაკრძალად საფლავის გათხრისას აღმოაჩინეს ოქრო და ვერცხლით სავსე თიხის ქოთანი. მესაფლავეებმა ოჯახს ნივთების ნაწილი გადასცეს, ოჯახმა კი ეს ყველაფერი ადგილობრივ მუზეუმს მისცა. დანარჩენი მონეტები მპოვნელებმა ქუთაისში, თანხის სანაცვლოდ ჩააბარეს ოქროს ნივთების სავაჭრო ობიექტში. დავით ლომიტაშვილის თქმით, რამდენი მონეტა იყო ქოთანში ჯერ დაზუსტებული არ არის.

„მესაფლავეებმა მონეტების ნაწილი ქუთაისში ვიღაც გადამყიდველს ჩააბარეს, რომლისგანაც ურთიერთგამომრიცხავ ისტორიებს ვისმენთ. ერთ-ერთი ვერსიით, მან გაყიდა ეს მონეტები, მყიდველმა კი გადაადნო და აღმოჩნდა, რომ ის იყო ვერცხლი. გამოძიება დაადგენს ამ და სხვა ვერსიის ნამდვილობას და ეჭვი არ მეპარება, რომ მონეტებს იპოვიან, თუნდაც გადამდნარის სახით. ამ ეტაპზე კი მხოლოდ 16 მონეტაზე მაქვს ინფორმაცია. საუბრობენ 45 მონეტაზე, მაგრამ ეს არ არის დადასტურებული მონაცემი, ვინაიდან გამოძიება არ არის დასრულებული. ჩვენ არ ვიცით სულ რა რაოდენობის მონეტა იყო საფლავში“, - გვითხრა დავით ლომიტაშვილმა.
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია