საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საყოველთაო-სახალხო განხილვა ოპოზიციის გარეშე ჩაივლის. მიზეზი რვა მარტის შეთანხმების შეუსრულებლობაა, რადგან გიორგი რურუა ისევ საპატიმროში რჩება.
ვიდრე „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ციხეს არ დატოვებს, ხელისუფლების ოპონენტები კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას და ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებენ.
რა ფორმატშიც არ უნდა ჩატარებულიყო აღნიშნული განხილვები, ჩვენ მონაწილეობას ვერ მივიღებდით იქიდან გამომდინარე, რომ რვა მარტის ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც ეხება პოლიტიკურ დევნას და პოლიტპატიმრებს, ბოლომდე შეთანხმებული არ არის. იმედი გვაქვს, რომ უხლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება გიორგი რურუას გათავისუფლება, რის შემდეგაც, ბუნებრივია, მონაწილეობას მივიღებთ განხილვებში, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ.
საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერას „ევროპულ საქართველოშიც“ რვა მარტის შეთანხმების სრულად შესრულების შემთხვევაში აანონსებენ.
შეთანხმების ბოლომდე შესრულება გულისხმობს პოლიტპატიმრების თემის დახურვას. განხილვები პრინციპული საკითხი არ არის იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, რაზეც არის საუბარი. აქ იყო საუბარი ტელეხიდების თუ სხვა ტიპის გზით განხილვების ჩატარებაზე, ამასთან დაკავშირებით მივიღებთ გადაწყვეტილებას. პრინციპული მომენტი არის, რომ ეს ცვლილებები შევიდეს ძალაში, - ამბობს სერგი კაპანაძე.
გიორგი რურუას გათავისუფლება რომ რვა მარტის შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია, ამაზე გაამახვილა ყურადღება „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ.
შეთანხმება, რომელსაც ხელი მოვაწერე მე პირადად, ვაპირებ შეთანხმების ყველა კომპონენტის ერთგული ვიყო და აუცილებლად შესრულდეს - ამიტომ, რურუა უნდა გათავისუფლდეს და საარჩევნო ცვლილებები უნდა მოხდეს. რაც არ უნდა იჭიდაოს „ქართულმა ოცნებამ“, კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ეს ასე მოხდება, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მმართველი გუნდი ცვლილებების მიღებას სამი მოსმენით 29 ივნისს გეგმავს. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით გამართული დიალოგი რვა მარტს შეთანხმებით დასრულდა. პროცესის ფასილიტატორების განმარტებით, მოლაპარაკება ორი ნაწილისგან შედგება – ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი, ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.