ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს თავმჯდომარე, ქვეყნის არაფორმალური მმართველის ტანაკურსელი დავით დარჩია მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბს მიმდინარე წლის შემოდგომაზე გასამართ საპარლამენტო არჩევნებში უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ "გურიის მოამბეს" "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციიდან აცნობეს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დავით დარჩიას შტაბის უფროსად დანიშვნა მმართველ პარტიაში ადგილზე არსებულმა დაპირისპირებამ გამოიწვია.
გავრცელებული ინფორმაციით "ოცნება" ოზურგეთში სამ ნაწილადაა გაყოფილი, ერთ ფრთას ყოფილი გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე ხელმძღვანელობს, მეორეს ოზურგეთის ყოფილი მერი ბეგი სიორიძე და მესამეს ოზურგეთის მოქმედი მერი კოტე შარაშენიძე.
სამივე მათგანს ერთმანეთში უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ.
დავით დარჩიას კანდიდატურა კი ერთგვარი შუალედური არჩევანია.
საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს, სავარაუდოდ 120 (პროპორციული) -30 (მაჟორიტარული) ზე პრინციპით.
თუმცა პარლამენტში ჯერ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა არ დაწყებულა.
ოპოზიცია და საერთაშორისო თანამეგობრობა 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულებას იტხოვს, რაც ოქრუაშვილისა და უგულავას შემდეგ გიორგი რურუას განთავისუფლებას ითვალისწინებს, ხელისუფლება კი ამ საკითხზე ჯერჯერობით დუმს.