სამცხე-ჯავახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საკარანტინო ზონიდან ნინოწმინდამდე 4 პირთან ერთად ვიმგზავრე – კოვიდინფიცირებული

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 05 ივნისი 2020
საკარანტინო ზონიდან ნინოწმინდამდე 4 პირთან ერთად ვიმგზავრე – კოვიდინფიცირებული მთავარი → სიახლე, საზოგადოება, კორონავირუსი 05.06.2020 44 წლის კაცი, რომელსაც საკარანტინო სივრციდან დაბრუნების შემდეგ, კორონავიურსი დაუდასტუდა, აცხადებს, რომ გუდაურიდან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმამდე, ოთხ პირთან ერთად იმგზავრა. „საკარანტინო ზონიდან წამოსვლისას მანქანაში ხუთნი ვიყავით სხვადასხვა სოფლებიდან, რადგან ვიცოდით რომ ჯანმრთელები ვიყავით, პირბადეები არ გვეკეთა“,– ამბობს 44 წლის კაცი და ამატებს, რომ ტრანსპორტში მასთან ერთად მყოფ პირებს არ იცნობდა და არც ის იცის, სად ცხოვრობენ: „პირველი მე ჩამოვედი, მანქანამ კი გზა განაგრძო“.მანქანაში მყოფი პირების ვინაობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს არც ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს ტიგრან ეგოიანსაც: „მე როგორც ვიცი მასთან ერთად სოფელში ერთი კაცი დაბრუნდა, იგი თვითიზოლაციაშია. ანალიზი ავუღეთ და გამოსაკვლევად თბილისში გავაგზავნეთ".44 წლის კაცი ამბობს, რომ კარანტინის დროს კორონავირუსზე ტესტირება ორჯერ გაუკეთეს, 16 დღის შემდეგ კი სახლში, როგორც ჯანმრთელი ისე გამოუშვეს.„რუსეთი–საქართველოს საზღვარი 15 მაისს გადმოვკვეთე და პირდაპირ გუდაურის საკარანტინო სივრცეში წამიყვანეს. კარანტინის დროს პირველი ტესტში საეჭვო რაღაც აღმოაჩინეს, მეორე ტესტიც გამიკეთეს და მითხრეს არაფერია, რაზეც ვფიქრობდით ის არ არისო და სახლში გამიშვეს. არ ვიცი რა მოხდა, სახლში ჩასვლიდან ორ დღეში დამირეკეს და წამიყვანეს, ძალიან გამიკვირდა, შევშფოთდი, ვუთხარი თავს კარგად ვგრძნობ არაფერი მჭირს–მეთქი, მაგრამ მაინც წამომიყვანეს, ახლა გორის ჰოსპიტალში ვარ“.მისი თქმით, ჰოსპიტალში მედიკამენტებით მკურნალობენ: „ორი ვიტამინია და ერთი რაღაც წამალი. თავს კარგად ვგრძნობ, სიცხე არ მაქვს“.ყაურმაში მცხოვრები 44 წლის კაცი, გუდაურის საკარანტინო სივრციდან სოფელში 31 მაისს დაბრუნდა. ორი დღის შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა, პოლიციის თანხლებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა, სადაც ჩატარებული კვლევებით კორონავირუსი დადასტურდა.ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელძღვანელი ტიგრან ეგოიანი და სოფელ ყაურმაში მერის წარმომადგენელი, ეგორ თოროიანი აცხადებენ, რომ გუდაურის საკარანტინო სივრცეში ექიმებს პაციენტების ანალიზის პასუხები აერიათ, რის გამოც ინფიცირებული ა.ა სახლში შეცდომით გამოუშვეს.ჰოსპიტალში გადაყვანამდე ინფიცირებული კაცი სოფელში ორი ადგილობრივის დაკრძალვაზე იმყოფებოდა. მანამდე მერის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ინფიცირებულს 100–მდე ადგილობრივთან ჰქონდა კონტაქტი, რის გამოც სოფლის ჩაკეტვა იგეგმებოდა.იმავე დღეს სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სოფლის ჩაკეტვის საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს, რადგან ინფიცირებულის ოჯახის წევრები საკარანტინო სივრცეში იმყოფებიან, მასთან კონტაქტში 10–მდე პირი კი თვითიზოლაციაში.მომხდართან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ნინოწმინდის სოფელ ყაურმაში მცხოვრები კაცის ანალიზები ექიმებს არ შეშლიათ და იგი მხოლოდ ერთი ტესტის საფუძველზე გაუშვეს საკარანტინო ზონიდან, მაშინ როცა მეორე ტესტი სუსტად დადებითი იყო.[რიმა სარუხანიან, ნინოწმინდა]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია