კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

პირველი ქორეოგრაფი გურჯაანში -კაცი, რომელიც ცეკვით არ დაღლილა

კულტურა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 24 ივნისი 2020
ავთანდილ თუნიაშვილი დღემდე ინახავს გასული საუკუნის 50-იანი წლების სიგელებსა და აფიშებს. მისი თქმით, ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ გურჯაანში ქართული ქორეოგრაფიის ფუძემდებელი შოთა თუნიაშვილია, რომლის დამსახურებაცაა რაიონში პირველი ქორეოგრაფიული ანსამბლის დაარსება.
გამოზარდა მოცეკვავეების არაერთი თაობა.

„მამაჩემისთვის ცეკვა ხელოვნება იყო და არა ფულის შოვნის საშუალება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გვიჭირდა და ხანდახან მხოლოდ თუთა და პური გვიჭამია, სცენაზე ფულის გამო არ გამოვიდოდა. მისი მოტივაცია ამ საქმის დიდი სიყვარული იყო. მახსენდება, ერთხელ კონცერტის ჩასატარებლად ახალსოფელში წასულან, ბევრი ხალხი იყო შეკრებილი, კონცერტს ელოდებოდნენ, თუმცა, ბილეთის ფული არ ჰქონიათ. მამაჩემს მეგობრებისთვის უთქვამს, აქ ჩამოსულები, ისე ხომ არ წავალთ, რომ ეს ხალხი არ გავაოცოთო?! ჩაიცვით ფორმები და მოემზადეთო. ისეთი ცეცხლი დაუნთიათ სცენაზე, როგორც ეს ქართულ ცეკვას ეკადრება, ხალხიც კმაყოფილი დარჩენილა და კარგადაც უქეიფებიათ“ - იხსენებს შოთა თუნიაშვილის შვილი, ავთანდილ თუნიაშვილი.

მისივე ნაამბობის მიხედვით, თავდაპირველად 1919 წელს, ლოტბარ ლევან მუღალაშვილის ხელმძღვანელობით გურჯაანში სიმღერის ანსამბლი დაარსებულა.
ერთ-ერთ ფესტივალზე ჟიურის წევრს უთქვამს, სირცხვილია, ამ ანსამბლს სახელმწიფო ანსამბლის სტატუსი არ მივანიჭოთ, ისე კარგად მღერიანო. ასე ჩამოყალიბებულა სახელმწიფო ანსამბლი გურჯაანში.

ამ პერიოდში, შოთა თუნიაშვილს ქუთაისში სამხედრო რეზერვში უმსახურია, მისთვის ცეკვა ბუხუტი დარახველიძეს უსწავლებია და ქუთაისის ანსამბლშიც მიუღიათ. ამ ხნის მანძილზე, ომიც დამთავრებულა და გურჯაანში დაბრუნებულა. რკინიგზის კლუბში მისთვის ცეკვის წრის გახსნა შეუთავაზებიათ, რომელიც ზემოთ ხსენებულ სიმღერის სახელმწიფო ანსამბლთან გაერთიანდებოდა.

„მამას ყველა ცეკვა თითქმის ერთნაირად უყვარდა, თუმცა მაინც „ქართულს“ გამოარჩევდა. ის იყო თავის პროფესიაზე შეყვარებული ადამიანი, რომელიც ცეკვით არასდროს დაღლილა...“- გვიყვება ავთანდილ თუნიაშვილი.

იმდენად იყო პროფესიაზე შეყვარებული, რომ ოჯახისთვის ნაკლები დრო რჩებოდა, სწორედ ამ მუხლჩაუხრელი შრომის შედეგი იყო არაერთი წარმატება და ჯილდო.

„გურჯაანში პირველმა ქორეოგრაფმა შოთა თუნიაშვილმა დაამკვიდრა ცეკვის ხელოვნება, პირველად მან ჩაიცვა ჩოხა, მისმა დაარსებულმა ანსამბლმა მიაღწია არაერთ წარმატებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. თუ ვინმეს, გურჯაანში დღეს ცეკვის ანსამბლი აქვს, თითქმის ყველა მამაჩემის გამოზრდილია, მის ანსამბლში მეც ვცეკვავდი, ბევრი საპატიო სიგელი და დიპლომი გვაქვს მიღებული. ფესტივალებიდან ყოველთვის გამარჯვებულები და ამაყები ვბრუნდებოდით.“

ავთანდილ თუნიაშვილი მიიჩნევს, რომ იმ ღვაწლისთვის, რაც შოთა თუნიაშვილს ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში მიუძღვის, მეტ ყურადღებასა და დაფასებას იმსახურებს. მისი სურვილია, მამამისის უკვდავსაყოფად, გურჯაანში რომელიმე ქუჩას შოთა თუნიაშვილის სახელი ეწოდოს.




ფოტოზეა შოთა თუნიაშვილის ვაჟი, ავთანდილ თუნიაშვილი





დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია