შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ნაზის საოჯახო სასტუმრო – აგროტურისტული ცენტრი რომელიც პანკისის პოპულარიზაციას უწყობს ხელს

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 ივნისი 2020

პანკისის ხეობაში, სოფელ ჯოყოლოში 15 სტუმარზე გათვლილი „ნაზის საოჯახო სასტუმრო“ შიდა ტურიზმის ამოქმედებას მომზადებული ხვდება.

სასტუმროს მეპატრონე ნაზი დაქიშვილის განცხადებით ხეობის ტურისტული პოტენციალი უცხოელებისთვის მიმზიდველია,
ნაზის საოჯახო სასტუმრო, რომელიც 2013 წელს დაარსდა და მსურველებს სათავგადასავლო ტურებს და სხვადასხვა აქტივობებს სთავაზობს.

,,შიდა ტურიზმის კუთხით დავიწყეთ ისეთი მასტერკლასების და გასტრონომიული ტურების შეთავაზება ადგილობრივებისთვის, როგორებიცაა ჩეჩნური სამზარეული, ფშავური, სვანური, თუშური კერძები, ჩვენ ვცდილობთ ამ მხარის უნიკალურობა ყველას გავაცნოთ.
წინა წლებში სასტუმრო მთლიანად დატვირთული იყო, ერთი დღეც კი არ ყოფილა ტურისტის გარეშე. პანდემიის შემდეგ, 17 ივნისს გავიხსენით, ვუმასპინძლეთ ქართველების ერთ ჯგუფს. რაც შეეხება სამომავლო ჯავშნებს, სექტემბრამდე უცხოელი ტურისტები არ გეგმავენ ჩვენთან სტუმრობას, თუმცა იმედი აქვთ რომ საქართველოში მალე იმოგზაურებენ,“— განმარტავს ნაზი დაქიშვილი.

სასტუმროს მფლობელი განმარტავს, რომ მათ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები გაითვალისწინეს და თითქმის ოთხთვიანი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლეს.

,,ნაზის საოჯახო სასტუმრომ” 2020 წლის 18 ივნისს გაიარა საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემოწმება და უსაფრთხოების სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. ჩვენი სასტუმრო არის პირველი პანკისის ხეობაში, რომელმაც შემოწმება გაიარა და გახსნის უფლება მიიღო.
პანდემიიდან გამომდინარე ჩვენი, სტუმრების და საზოგადოების უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დასაცავად მოგვიწია საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული სტანდარტების დანერგვა, რაც ბუნებრივია ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს აუცლებელი იყო”,– განუცხადა knews.ge-ს ნაზი დაქიშვილმა.

მისივე თქმით, სასტუმრო ვიზიტორებს განახლებულ სერვისებს, მრავალფეროვან აქტივობებს, ტურებს და ლაშქრობებს სთავაზობს.

,,სასტუმრო ტურისტებს ღამისთევისა და კვების გარდა სთავაზობდა კულტურულ, საცხენოსნო , საფეხმავლო, სამთო ველო-ტურებს, კულინარიის და თექის მასტერკლასებს. ასევე დატვირთვით მუშაობდა საკონფერენციო დარბაზი, თუმცა პანდემიის გამო ვერ ვამუშავებთ. ფაქტობრივად 4 თვე ვერ ვიმუშავეთ.
რადგან 15 ივნისიდან გაიხსნა შიდა ტურიზმი და აქცენტი აღებული გვაქვს მასზე. უკვე პირველი ივლისიდან გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმიც და იმედი გვაქვს ნელ-ნელა ისევ ამუშავდება, რადგან პანკისის ხეობაში ბევრი ოჯახისთვის ტურიზმი არის ძირითადი შემოსავლის წყარო’’,– განუცხადა Knews.ge-ს ნაზი დაქიშვილმა.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია