კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გიორგი ბოტკოველი შს მინისტრს – არავის უთქვამს ოპოზიციისთვის, რომ ველისციხეში გზა გადაკეტილი იქნებოდა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 17 დეკემბერი 2018

შინაგან საქმეთა მინისტრი გურჯაანის “ჯეო ჰოსპიტალში” იმყოფებოდა, სადაც გიორგი გვახარიამ სოფელ ველისციხეში დაპირისპირებისას დაზარალებული სამართალდამცავები და აქციის მონაწილეები მოინახულა.

“ნაციონალური მოძრაობის” კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბოტკოველმა მიმართა მინისტრს და აღნიშნა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას ველისციხეში გზის გადაკეტვის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და არც არავის გაუფრთხილებია წინასწარ.

„არ იყო ინფორმირებული გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლობა, არავის უთქვამს მათთვის, რომ ველისციხეში გზა იქნებოდა გადაკეტილი. ვფიქრობთ, ეს იყო ხელოვნურად შექმნილი ბარიერი იმის გამო, რომ თელავში არ შესულიყვნენ ეს ადამიანები. ყვარლის მიმართულებითაც გადაკეტილი იყო გზა. ერთი და იგივე გზა არის თითქმის, როგორც ყვარლით, ასევე ველისციხის გავლით, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში ერთნაირ პრობლემას შექმნიდა ან არ შექმნიდა. როდესაც ფაქტის წინაშე დავდექით დღეს იქ, მხოლოდ მაშინ განგვიცხადეს, რომ შერჩეული ყოფილა გვერდითი გზა“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

გიორგი ბოტკოველის პასუხად შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებს პოლიციამ ალტერნატიული გზა შესთავაზა, თუმცა მათ უარი თქვეს ყვარლის გზით შესულიყვნენ თელავში.

„როცა რაღაც არის, რასაც სახელი უნდა დავარქვათ, მოდი, მას დავარქვათ სახელი. მე როდესაც გეუბნები იმას, რომ თუ პროტესტანტი, რომელიც მანახეთ და ამბობთ, რომ იყო ნაცემი, მე გეუბნებით, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩატარდება გამოძიება, ჩვენ ერთად დავრწმუნდებით იმაში, რომ ეს გამოძიება იქნება ობიექტური. თქვენ როდესაც ამბობთ, რომ არავინ იყო ინფორმირებული, მე გეუბნებით, რომ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი, ჩემი პირველი მოადგილე პირადად დახვდა ამ ხალხს და უთხრა, მეგობრებო, იქიდან გამომდინარე, რომ გვყავს ამდენი სტუმარი, ჯობია, რომ ვიმოძრაოთ ამ გზით უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე“-, აღნიშნა გახარიამ.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების ცერემონიის პარალელურად გაერთიანებული ოპოზიცია თელავში აქციის ჩატარებას გეგმავდა, თუმცა მათ სოფელ ველისციხიდან თელავისკენ გზა ვეღარ გააგრძელეს, რომელმაც ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება გამოიწვია.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია