გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ზურა შევარდნაძის „არაფრისგან შექმნილი ყველაფერი“

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 25 ივლისი 2020

ზურა შევარდნაძეს, მებაღეს, რომელსაც მთელი საქართველო იცნობს, ახლახან 40 წელი შეუსრულდა. მისთვის ეს ასაკი გარდამტეხი აღმოჩნდა და დიდი ცვლილებების მოლოდინშია, თუმცა ზურა ის ადამიანია, რომელიც მხოლოდ ლოდინის რეჟიმში არასდროსაა, ის მუდამ მოქმედებს და ქმნის...




ასე შექმნა „გარდენია შევარდნაძე“, ულამაზესი ადგილი ხუდადოვზე, სადაც შესვლა ყველასთვის დიდი სიამოვნებაა, ზურა შევარდნაძეს კი იქიდან გამოსვლა აღარ უნდა... 

40 წლის ასაკში, შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე...

პირობითადაც ასეა და რეალურადაც ასეა. მართლა შემოღობილში ვცხოვრობ. მოვიწყვე პატარა სამყარო, სადაც ადამიანები აქეთ მოდიან. წლები გადის, სტუმრად ვერ მივდივარ, რადგან სულ იქით მსტუმრობენ. ეს გზა თავად მოვძებნე და ავირჩიე. ბევრმა გარემოებაც შემიწყო ხელი, ზოგი ძალიან ცდილობს და არ გამოსდის - მე ის შემთხვევა ვარ, როცა შევეცადე და გამომივიდა. 

- იქ, ქვემოთ, რა ხდება?

- ქვემოთ ადამიანებს ერთმანეთისთვის დრო არ აქვთ. გურიაში ძალიან ლაღად გავიზარდე, დიდ ოჯახად ვცხოვრობდით. ზოგჯერ 20-ნი ვისხედით დიდ სუფრასთან. სუფრა ყოველთვის ისე იშლებოდა, რომ იგულისხმებოდა, „დეიძახებს ვინცხა“, ანუ შემოგვესწრებოდა ვინმე. მას მერე ასეთი სუფრა არსად მინახავს, ახლა მე ვშლი „გარდენიაში“.

სადილი მხოლოდ სადილი ხომ არ იყო? ეს იყო შეხვედრის ადგილი, სადაც ერთმანეთს ვუზიარებდით, ვინ რა შეძლო, ვინ რა შედეგით დაასრულა ესა თუ ის საქმე. ახლა შეიძლება, ერთ სახლში ცხოვრობდნენ ადამიანები და ერთმანეთთან არ ურთიერთობდნენ. დღეს შეგიძლია, მხოლოდ შენთვის იცხოვრო. რაც მიდის, ისაა, რომ მე ვცხოვრობ პასუხისმგებლობებით სხვების წინაშე. მე მარტო არ ვარ, ვარ ჩემი თანმხლებებით. ამას უარყოფითი ნაწილიც აქვს და რთულია. ბევრად მარტივია, იყო ჩაფლული ინტერნეტში და იყო პასუხისმგებელი მხოლოდ საკუთარ თავზე. ზოგჯერ ჩემი ლაპარაკი ჩანს, რომ ამას მივტირი. არ მივტირი, უბრალოდ, ვცდილობ ამ ემოციების აღწერას...

- 40 წლის ასაკში სადაც ხართ, კმაყოფილების შეგრძნება გეუფლებათ?

- რა თქმა უნდა, არა. მადლიერი ვარ იმის, რაც შევძელი, არაფრისგან შევძელი ყველაფერი. გურიიდან წამოსული ერთი მეოცნებე ბიჭისთვის რაღაცები გამომივიდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამით დასრულდა...

40 წელი უბრალოდ არაა 40 წელი. ამის შემდეგ ადამიანი უნდა შეიცვალოს. ახლა ისეთ რამეებზე მეფიქრება, რაზეც აქამდე არ მიფიქრია. უნდა ვასწავლო რაც შეიძლება ბევრს. მიღებული გამოცდილება სხვებს უნდა გავუნაწილო. 

განებივრებული თავისუფლებით

ბავშვობაში გამანებივრეს თავისუფლებით. ამაში დიდ როლს თამაშობდა ჩემი ბებია. მისთვის ვიყავი მისაღები ისეთი, როგორიც ვიყავი. დამაჯერეს, რომ სკოლაში მიღებული სამიანითაც შეიძლება იყო კარგად და მომცეს უფლება, რომ საზომების გარეშე მეცხოვრა. 

იმ დროისთვის გურიაში არაპოპულარული საქმე მომწონდა, არასდროს ვინტერესდებოდი იმ თემებით, რაც ჩემს კლასელ ბიჭებს აინტერესებდათ - ვამრავლებდი მცენარეებს, კურდღლებს, თევზები მყავდა, ბოსტანი მქონდა. ეს ხომ არ არის ტიპური ინტერესები გურიაში პატარა ბავშვისთვის? ბაბუა მეხმარებოდა ამ საქმეებში. სულ ცდასა და ძიებაში ვიყავი. 

ადამიანები ცხოვრების გზაზე

„გთხოვთ, მიუჩინოთ ერთი კუთხე“, ასეთი წერილით გამომიშვეს თბილისში, ჩემს დეიდებთან, მელიქიშვილის 7 ნომერში. ამ სახლს სულ სამი კუთხე ჰქონდა... 

რომ არა ეს ეზო, თბილისში ვერ შევძლებდი დარჩენას. თბილისში ჩემთვის ყველაფერი უცხო და უცნაური იყო. ამ ეზოში ცხოვრობდა გულნარა კიკნაძე, თბილისში ჩემი ბიოლოგიის პირველი მასწავლებელი. მეზობლებმა დამითმეს სარაია, დავარქვი ჩემი ოფისი და მოვიწყვე სახელოსნო, სადაც გვირგვინებს ვაკეთებდი. გადაჭრილი მანქანებით დარბოდა მთელი ვერა. ის ბიჭებიც, რომლებიც მთლად წესიერი ცხოვრებით არ ცხოვრობდნენ, ხელს მიწყობდნენ. არასდროს დამკარგვია ერთი ფოთოლიც კი. 

ერთხელ გაიღო ეზოს კარი და ამ ბიჭებმა გადაჭრილი „ვილისით“ შეშა მომიტანეს. შეიძლება, თავისი ოჯახისთვის არ ჰქონდათ, მაგრამ მე მომიტანეს. ამას მეგობრობა არა, პატრონობა ერქვა. როგორც ჩანს, მიფასებდნენ ჩემს დამოკიდებულებას, შრომისმოყვარეობას. ჩემ მიმართ იყვნენ განწყობილი პატივისცემით, ამას ვერ ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი. 

როგორ აარჩია საქმე

ხუთი წლისამ უკვე ვიცოდი, რომ მინდოდა, მებაღე ვყოფილიყავი. ამ სიტყვის მნიშვნელობაც არ ვიცოდი. ვუყურებდი აგრონომ ნიკო ბიძიას, რომელიც ბოისტანში საქმიანობდა და ძალიან მომწონდა. რომ გავიზარდე, გადავწყვიტე, ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩამებარებინა.  ეს ამბავი ბევრმა სოფელში ვერ გაიგო. ჩემები აგრძელებდნენ ჩემს მხარდაჭერას. ორი თხა გვყავდა და თბილისში რომ მოვდიოდი, ბებიამ ორივე გაყიდა, რომ ჩემთვის გამოსამგზავრებელი ფული, 56 მანეთი მოეცა. 

უნივერსიტეტში ჩაბარებიდან მალევე დავიწყე მუშაობა ბოტანიკურ ბაღში. 1999 წელს იქ დიდი სიმპოზიუმი ჩატარდა, სადაც გერმანელი მეცნიერები იყვნენ ჩამოსული, მათ შორის იყვნენ ვოლფრამ ლობინი და ანდრიას გროგერი, მიუნხენის და ბონის ბოტანიკური ბაღების დირექტორები. წასვლის წინ მითხრეს, რომ თუკი გერმანულს კარგად ვისწავლიდი, წამიყვანდნენ და პროფესიაში დამახელოვნებდნენ. მათ ოჯახებში ვცხოვრობდი და მათგან ვისწავლე მებაღეობა. მათ განსაზღვრეს ბევრი რამ ჩემს ცხოვრებაში. 

„გარდენია“

ამასობაში ბოტანიკური ბაღიდან გამომაგდეს... მითხრეს, უნდა წახვიდე, შენი ადგილი აქ არ არისო. შენ ხარ არასწორი კაცი და აჟიტირებული ადამიანი, ქურდი, რომელიც მცენარეებს იპარავსო, არადა, პირიქით, ორანჟერეა მე გავაკეთე, თუმცა ეს სხვა ამბავია... სამი დღე ფერებს ვერ აღვიქვამდი. ყველაფერს შავ-თეთრად ვხედავდი. შემდეგ ერთმა ნევროპათოლოგმა მითხრა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი რეაქცია დიდ ნერვიულობაზე. სამი დღის შემდეგ ისევ დავინახე ფერები და მას მერე სულ ვხედავ. 

ამ გამოგდებამ დიდი სტიმული მომცა, ნელ-ნელა დავიწყე „გარდენიას“ მშენებლობა. სამგლოვიარო გვირგვინებს ვაკეთებდი, ეს იყო ჩემი შემოსავალი. მერე დავიწყე ეზოების დაგეგმარება და მოვლა. მაშინ პირველი მდიდრები გამოჩნდნენ, გაჩნდა პირველი სახლები წყნეთში, საგურამოში. ბევრმა ადამიანმა მოინდომა, რომ მე მოვმსახურებოდი. ახლა ვფიქრობ, იმდენი ფიზიკური ძალა აღარ მაქვს. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი, არც დღე მეძინა, არც ღამე. 


PHOTO: SHOTIE BLACKMORE

სულ მინდოდა, ჩემი ბაღი მქონოდა, ჩემი სათბური და მცენარეები. პირველი ნაკვეთი ვიყიდე ვალით. 80 000 ლარი გადავიხადე.  არასდროს არავისთვის ფული არ გამომირთმევია. შრომის მთავარი შედეგი ესაა, რომ ადამიანი შენი თავით ამაყი იყო. 

მე მივყვები ჩემი სათაყვანებელი მაგალითის, მიშა მამულაშვილის გზას. ის იყო უბრალო მებაღე, რომელმაც ცარიელ ადგილას შეძლო ემოციების დაგროვება. თუკი შევძლებ, 20 წლის შემდეგ, ვთქვა, რომ ბევრ ადამიანს მივანიჭე სიამოვნება, გავუღვივე სილამაზის შეგრძნების მარცვალი, გამოვზარდე ახალგაზრდები მებაღეობაში, ამ დიდებულ, კეთილშობილ საქმეში, თუ შევძლებ იმას, რომ ბევრი ადამიანი იტყვის სიამაყით, - „მე ვარ მებაღე!“, მერე ჩავთვლი, რომ მთაზე ავედი. ჯერ კი შუა გზაზე ვარ... კლდეზე ცოცვის შემდეგ, მთიდან გადმოხედვა კიდევ სხვა სიამოვნებაა. 

ინტერვიუ: ნინო მურღულია

nargismagazine.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია