შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ვიზიტორების გარეშე დარჩენილი აგროტურისტული ცენტრები გურჯაანში

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ივლისი 2020

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოქმედი ბიზნესები, საოჯახო მარნები, სასტუმროები, მუზეუმები, აგროტურისტული ცენტრები და სხვა დაწესებულებები ტურისტების გარეშე არიან დარჩენილები.

აღნიშნული დაწესებულებების წარმომადგენლების განმარტებით, მათ მუშაობის შეჩერებით ფინანსური ზარალი მიიღეს.

სოფელ ვაჩნაძიანში მოქმედი საოჯახო მარნის ,,იბეროს“ დამფუძნებელი შოთა ნატროშვილი განმარტავს, რომ პანდემიამ მათ საქმიანობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, რითაც დიდი ფინანსური ზარალი მიადგათ.

მისივე თქმით, პანდემიის მერე მათ ვიზიტორი არ მიუღიათ და ამ დროისთვის მუშაობა გაჩერებული აქვთ.

,,4 წლის წინ გავაკეთეთ ეს საოჯახო მარანი. თავიდან ნაკლები ტურისტი იყო. შემდეგ წლებში მათმა რიცხვმა მოიმატა. ძირითადად ინტერნეტის საშუალებით მოდიოდნენ ჩვენთან. უცხოელებს ძალიან მოსწონთ ამ რეგიონში დამზადებული ღვინოები. ძირითადად კი მშრალი ღვინოებით ინტერესდებიან. ამ დროისთვის ვაწარმოებთ 3 სახეობის მშრალ ღვინოს: საფერავს, რქაწითელს და ხიხვს. ასევე მცირე რაოდენობით თეთრს და წითელ პორტვეინს.

გვაქვას ჩვენი ჭაჭა, რომელიც ხუთი წლის დაძველებითაა. ჩვენი ვენახებიდან საერთო ჯამში წელიწადში 25 ტონამდე მოსავალს ვამუშავებთ. გასულ წელს ლონდონში გავაგზავნეთ ჩვენი ღვინოები: რქაწითელი, ხიხვი და საფერავი, თითოეული სახეობის 300-300 ბოთლის ოდენობით. პანდემიამ ჩვენს საქმიანობაზე უარყოფითად იმოქმედა, ფაქტობრივად პარალიზებული ვართ.

ჩვენც და ის მაღაზიებიც, სადაც ღვინოები შეგვქონდა, ტუირიტებზე ვიყავით აქცენტრებული და შემოსავალიც აქედან გვქონდა. პანდემიის შემდეგ ჩვენთან ტურისტი არ შემისულა. დიდი ფინანსური ზარალი ვნახეთ’’,–განუცხადა Knews.ge-ს შოთა ნატროშვილმა.

პანდემიიდან გამომდინარე, ვიზიტორების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა ასევე კურორტ ,,ახტალაზეც”. კურორტის დირექტორის გიორგი უტიაშვილის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ საკურორტო სეზონი დაიწყო, კურორტი პირველი მაისის ნაცვლად 17 ივნისიდან გაიხსნა. დამთვალიერებელთა რაოდენობა კი ყოველდღიურად კლებულობს.

,,კორონავირუსის გამო გვიან გაიხსნა საკურორტო სეზონი. გახსნისნამდე შევიძინეთ ყველა ის ინვენტარი და ხსნარები, რაც რეგულაციებით იყო გათვალისწინებული. სწორედ ამის შემდეგ განვაახლეთ მუშაობა.

დამსვენებელთა რაოდენობა გასულ წლებთან შედარებით საგრძნობლად შემცირებულია. გახსნის მომენტში ვიზიტორების მეტი რაოდენობა იყო, შემდეგ კი მოიკლო და დღეში შეიძლება ორი სამი პაციენტი შემოვიდეს. მიუხედავად ამისა, მაინც ვაგრძელებთ მუშაობას. გვაქვს ასევე შეკვეთები. ,,ახტალაზე” მოსულ დამსვენებლებს ტალახის აბაზანებით, სამკურნალო ვარჯიშებით, მასაჟით, ფიზიოთერაპიული საშუალებებით და ელექტროტალახით მკურნალობით შეუძლიათ ისარგებლონ.

უახლოეს პერიოდში დაიწყება კურორტის რეაბილიტაცია, რაც ითვალისწინებს ახალი სანატორიუმების, სასტუმროების და სააბაზანო განყოფილების მშენებლობას, რისთვისაც ,,ახტალის” ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ძველი შენობა დაინგრა და მომზადდა ადგილი მშენებლობისთვის”,– განუცხადა Knews.ge-ს გიორგი უტიაშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის საერთაშორისო პროექტების მართვისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსი ნინო ნინოშვილი განმარტავს, რომ კორონავირუსმა და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა ეკონომიკასა და ტურიზმზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.

მისივე თქმით, ვიზიტორების სიმცირის გამო, საოჯახო მარნების და აგროტურისტული ცენტრების უმეტესობას მუშაობა შეჩერებული აქვს.

,,პანდემიამ უარყოფითი გავლენა მოახდინა ეკონომიკაზე და განსაკუთრებით ტურიზმზე. გურჯაანში ძირითადად ღვინის ტურიზმია განვითარებული და საოჯახო მარნები ფუნქციონირებს.

მათ აღარ ყავთ მომხმარებელი და ტურისტების გარეშე არიან დარჩენილი. ამიტომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ აქცენტი კეთდება ადგილობრივ ტურისტებზე, თუმცა მათი რაოდენობა ვერ ახდენს კომპენსირებას. მერია ხელს უწყობდა და ავითარებდა სახელმწიფო გრანტების მეშვეობით სექტორს, ხდებოდა ახალი ბიზნესობიექტების და აგროტურისტული ცენტრების გახსნა.

ტურიზმის განვითარებისთვის ,,აწარმოე საქართველოში“ დაფინანსებით, იმედი გვაქვს შემოდგომაზე ახალი პროექტები განხორციელდება. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებისთვის დაგეგმილია სოფელ ველისციხის ნაწილის რეაბილიტაცია.

პროექტირების ეტაპი დასრულებულია და ტენდერი შემოდგომაზე გამოცხადდება. ჩვენ ასევე DMO-სთან ერთად ვმუშაობთ ღვინის და ტურისტული ობიექტების რუკების შექმნაზე. იმედი გვაქვს, რომ შემოდგომაზე საიმიჯო კლიპთან ერთად ყველაფერი მზად იქნება’’,– განუცხადა Knews.ge-ს ნინო ნინოშვილმა.

 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია