გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კვლევა: მოსწავლეთა შედეგები რეგიონებსა და გაჭირვებულ ოჯახებში მნიშვნელოვნად დაბალია

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 29 ივლისი 2020

საერთაშორისო საინვესტიციო და კვლევითი ორგანიზაცია Galt and Tagart საქართველოს საგანმანათლებლო სექტორის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევაში საგანმანათლებლო სექტორის მრავალი მიმართულებაა მიმოხილული, მათ შორის საშუალო და უმაღლესი განათლების სექტორები. 

 

კვლევის ავტორები წერენ, რომ „საქართველოს განათლების სისტემა ვერ პასუხობს სამუშაო ბაზრის მოთხოვნებს". 

მათი თქმით, საქართველოში საშუალო განათლების ხარისხი კვლავ გამოწვევად რჩება. 

ვინაიდან საქართველოში არ არსებობს განათლების ხარისხის შეფასებისთვის შესაბამისი სტრუქტურა, Galt and Tagart განათლების ხარისხის შეფასების საერთაშორისო პროგრამებს ეყრდნობა.

ერთ-ერთი ასეთი პროგრამაა PISA (საერთაშორისო სტუდენტების შეფასების პროგრამა), რომლის მიხედვითაც 78 ქვეყნიდან ქართველი სტუდენტები მათემატიკის ნაწილში 67- ე ადგილზე, კითხვაში 71-ზე, ხოლო მეცნიერებაში 74-ე ადგილზე არიან, რაც, კვლევის მიხედვით, თანაბარი განვითარების თითქმის ყველა ქვეყნის მაჩვენებელზე დაბალია. 

კვლევის მიხედვით, აღნიშნულ დარგებში საქართველოს შედეგი 2015-18 წლებში გაუარესებულია. საჯარო სკოლის მოსწავლეები კი კერძო სკოლის მოსწავლეებზე დაბალი შედეგებით ხასიათდებიან. 

„ქართველი სტუდენტების შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება საცხოვრებელი ადგილისა და ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით, რაც საგანმანათლებლო რესურსებთან წვდომის თვალსაზრისით უთანასწორობაზე მიუთითებს", - წერია კვლევაში. 

კვლევაში ასევე მიმოხილულია მასწავლებელთა ანაზღაურების პრობლემა. კვლევის მიხედვით, მასწავლებელთა დაბალი ანაზღაურება, რომელიც საშუალო ანაზღარურებას საქართველოში 45%-ით ჩამოუვარდება, განიზიდავს ახალგაზრდა კვალიფიციურ კადრებს საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებისგან. 

„დაბალი ხელფასები სამასწავლებლო საქმიანობას განსაკუთრებით არამიმზიდველად აქცევს ქართველი ახალგაზრდებისთვის. შედეგად, საქართველოში ბევრად მაღალი ასაკის მასწავლებლები არიან, მაღალანაზღაურებად ქვეყნებთან და რეგიონის განვითარებად ქვეყნებთან შედარებით. 2011-დან 2018 წლამდე 50 წელს ზემოთ მყოფი მასწავლებლების რაოდენობა საქართველოში 48,5%-მდე გაიზარდა. 

მასწავლებლები დაბალი ანაზღაურების კომპენსირებას არაფორმალური კერძო რეპეტიტორობით ცდილობენ, რაც საქართველოში გავრცელებული პრაქტიკაა. შესაბამისად, განათლების სფეროზე ჩრდილოვანი ეკონომიკის 17,8% მოდის. ამასობაში მოსწავლეები მაღალი საგანმანათლებლო ხარისხის კომპენსირებას კერძო რეპეტიტორების აყვანით ცდილობენ", - ვკითხულობთ კვლევაში. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია