შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“თუ გსურს, საკუთარ გზაზე დადგე, დარწმუნდი რომ საკუთარი კარიდან გადიხარ გზის დასაწყისში”

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 28 ივლისი 2020

ჩემი მათემატიკის მასწავლებელი მეუბნებოდა ხოლმე – სახლში დავალებად მოცემული ამოცანები იმ დღისთვის კი არ უნდა გადადო ამოსახსნელად, როცა მომდევნო მათემატიკის გაკვეთილი გიწევს, არამედ სახლში მისვლისთანავე უნდა ამოხსნაო. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ჩემი მასწავლებელი მართალი ყოფილა – ცხელ გულსა და გონებაზე უკეთ იხსნება ამოცანები. გადავწყვიტე, ეს მაგალითი ჩემს ძალიან საინტერესო ინტერვიუზეც გადმომეტანა, საიდანაც ეს ესაა დავბრუნდი და ახლა ვცდილობ, ძალიან ცხელ გულზე ჩემ მიერვე დასახული ამოცანა ამოვხსნა: ჩემი სტატია იმ ადამიანს დავამსგავსო, რომელზეც ახლა ვაპირებ, რომ მოგიყვეთ.

ეს ადამიანი ტატო ახალკაციშვილია – როგორც თვითონ ამბობს, მხატვარი, მე კი ალბათ უფრო ქართული ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად მოვიხსენიებდი. და ამ ადამიანს აქვს ზუსტად ისეთი სამუშაო გარემო, სადაც ხელოვნების მოყვარული ნებისმიერი ადამიანი თავს ისე იგრძნობს, როგორც სახლში. თუმცა, ცხადია, ამ შეგრძნების გაჩენაში ყველაზე დიდ როლს თვითონ ტატო თამაშობს, რომელიც ახლადგაცნობილის უხერხულობას არაფრისდიდებით გაგრძნობინებს და აუცილებლად კარგ ხასიათზე დაგაყენებს.

როგორ ვხვდებით, როცა ადამიანებს ბევრი აქვთ მოსაყოლი? როცა ისინი “პირთამდე სავსეები” არიან და შენ ეს ადამიანები უბრალოდ უნდა იპოვო, აღმოაჩინო? ალბათ იმ თვითგამოხატვით, რომელსაც მიმართავენ და იმ გარემოთი, რომელსაც გარშემო იქმნიან. ტატოს სამუშაო სტუდიაში შებიჯებისთანავე ზუსტად ეს განცდა დამეუფლა და მაშინვე დავიწყე რაღაც, ჩემთვის განსაკუთრებულის ძიება, ვიპოვე კიდეც:

“მე ვარ მხატვარი და არ ვნანობ ამ საშიში პროფესიის არჩევას,” – მეუბნება ინტერვიუს დაწყებიდან რამდენიმე წუთში და თან მის ნამუშევრებს ვუყურებ, რომლებიც ამ სიტყვების ზუსტი გამოხატულებები არიან.

ადამიანთა და სამყაროსეული განცდები, ბავშვობიდან ზრდასრულობაში გადმოსული ემოციები, წარსულსა და მომავალს, რეალურსა და ირეალურს შორის გავლებული პირობითი ზღვარის ძიება.. სწორედ ამ ყველაფერს ეხება ტატოს შემოქმედება. მისი ხელოვნება თითქმის არასდროს გამოხატავს კონკრეტულ ადგილებს, არამედ შეგრძნებებს, მდგომარეობებს, რომლებსაც შემოქმედი საკუთარ თავში პოულობს, რასაც სამყაროზე დაკვირვება და ახლო წარსულის ანალიზი განაპირობებს…

“EGO SUM UNICUM EXITUS”, 2020

ბავშვობა

ბავშვობის თემა საკმაოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ფსიქოლოგიით დაინტერესებული ადამიანისათვის, და მგონია, რომ ეს პერიოდი ნებისმიერი ადამიანის პიროვნების ჩამოყალიბებაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. რაც შეეხება ჩემს ბავშვობას, მე დავიბადე საშუალოსტატისტიკურ საბჭოთა ოჯახში, და მოგვიანებით გამოვლენილი „საბჭოური მენტალიტეტისგან“ მიღებული ტრავმების მიუხედავად, ნამდვილად ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ვფიქრობ, ჩემი ცხოვრებისეული არჩევანი, ვყოფილიყავი მხატვარი, დიდწილად იქიდან მომდინარეობდა, რომ ბაბუაჩემიც – ილია გაგოშიძე მხატვარი და საკმაოდ ცნობილი მინამბერი (მინის ოსტატი) იყო. მას ჰქონდა ძალიან დიდი, რამდენიმეოთახიანი სახელოსნო, რომელშიც უამრავ სახატავ ნივთს, მინის გასაბერად გამოყოფილ ოთახს, ბუხარსა და უამრავ საინტერესო ნიუანსს გადააწყდებოდით. ხელოვნების სამყაროს სწორედ ამ სახელოსნოში შევეხე პირველად.

საკუთარი თავი 3 წლის ასაკიდან მახსოვს და სწორედ აქედანვე მახსოვს ჩემი ხატვის პროცესიც. თუმცა, როგორც ცნობიერი არჩევანი, რომ მე უნდა ვიყო მხატვარი და ესაა გზა, რომელზეც ყველა მისთვის დამახასიათებელი წინაღობის მიუხედავად მაინც მინდა სიარული, სადღაც 17 წლის ასაკში გავაკეთე.

ფოტო: დავით ჩიხლაძე

განათლება

ფაქტობრივად, გამოდის, რომ ორი სკოლა მაქვს დამთავრებული: საყოველთაო და სამხატვრო ათწლედი, სადაც არაერთი მეგობარი შევიძინე. ეს მეგობრები დღეს უკვე საკმაოდ ცნობილ ხელოვანებად იწოდებიან. როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე ჩვენი განათლების მიღების პროცესზე, ყველა მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ეს პროცესი საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივი იყო.

თავდაპირველად საბჭოთა სკოლაში მოგვიწია სწავლა, შემდეგ უკვე, მერვე კლასში, როცა საბჭოთა კავშირი ჩამოიშალა, ჩამოიშალა ის სამყაროც, რომელიც ჩვენ ვიცოდით და ვიცნობდით. საქართველოში დაიწყო საკმაოდ რთული მოვლენები (9 აპრილის შემდგომ პერიოდს ვგულისხმობ) და ბუნებრივია, ეს აისახა ყველაფერზე. შესაბამისად, იმ დროში, ნორმალური განათლების მიღების არც ხალისი იყო და არც – საშუალება. თვითგადარჩენის ერთადერთ გზად ის გვქონდა, რომ ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს ნამუშევრებს, ვეხმარებოდით, ვაკრიტიკებდით და ასე ვაგრძელებდით საქმიანობას.

1996 წელს ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში, სადაც იმ პერიოდში არც წყალი იყო და არც ელექტროენერგია. ლექციები მეცხრე სართულზე გვიტარდებოდა და ხშირად იმისთვის, რომ წყლის საღებავებით გვემუშავა, წყლის ამოტანა პირველიდან მეცხრე სართულზე გვიწევდა ხოლმე – დღეში რამდენჯერმეც კი. შესაბამისად, რთულია განათლების ხარისხზე ისაუბრო მაშინ, როცა ამ პირობებში გიწევდა სწავლა.

ამ პერიოდში საქართველოში ძალიან მწირი ინფორმაცია არსებობდა თანამედროვე ხელოვნების შესახებ – მე პირადად, მაგ დროს არც კომპიუტერი მქონდა და არც, მით უმეტეს, ინტერნეტი. ხოლო რაც შეეხება ბიბლიოთეკებს, სამხატვრო ლიტერატურა მოდერნიზმით მთავრდებოდა – ფაქტობრივად, პიკასოს და ბრაკის იქით აღარაფერი მოიძიებოდა. შესაბამისად, თანამედროვე ხელოვნებაზე ამ პერიოდში საუბარი ზედმეტი იყო. მახსოვს, არსებობდა რიგი სტუდენტებისა, ვინც ამ სფეროზე ინფორმაციის მოსაპოვებლად გია ეძგვერაძესთან ამყარებდა კონტაქტს და გერმანიაში მყოფი გიას აზრები/შეხედულებები ერთგვარი სარკმელი იყო ახალგაზრდა სტუდენტებითვის.

“ECHOES”, 2020

ოცნებები 90-იანებში

ჩემს ოცნებას იმ პერიოდში მოგზაურობა წარმოადგენდა, რაც, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი რამ იყო. გაცლოდი 90-იანების თბილისს და დაგეთვალიერებინა სამყარო, გენახა ევროპის მუზეუმები და სახელოვნებო სივრცეები, ვფიქრობ, იმ დროისთვის მართლაც ლოგიკური და ბუნებრივი ოცნება იყო. ასევე ოცნებად მქონდა ელემენტარული რამ – სამხატვრო მასალები ადვილად მოსაძიებელი ყოფილიყო. თუკი რაიმეს მოვიძიებდით ხოლმე მეგობრები, ყოველთვის ერთმანეთს ვუყოფდით. მუდამ რაღაც ისეთის დევნაში ვიყავით, რაც, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელი ჩანდა. თუმცა, მოხდა ისე, რომ საზღვარგარეთ წასვლის ოცნება აგვიხდა.

გერმანია

როგორც კი სამხატვრო აკადემია დავამთავრეთ 2003 წელს, გერმანული გალერეა დაგვიკავშირდა რამდენიმე სტუდენტს. შემდეგ უკვე ამ გალერიის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ თბილისში, ნახეს ჩვენი ნამუშევრები, ახალი ნამუშევრების შესაქმნელად 1 წელი მოგვცეს და დაგვპირდნენ, რომ ერთი წლის შემდეგ გამოფენას გაგვიკეთებდნენ თავიანთ გალერეაში. ყველაფერ ამაში ჩვენი მეგობრის, ირაკლი ბუგიანიშვილის ხელი ერია, რომელიც გერმანიაში 90-იანი წლების ბოლოს წავიდა. სწორედ მან დააკავშირა ეს ადამიანები ჩვენთან და მართლაც ძალიან დიდი სიკეთე გაგვიკეთა.

1 წლის შემდეგ სრულიად არაფრიდან აღმოვჩნდით ევროპის შუაგულში. მოეწყო ჩვენი პირველი გამოფენა საზღვარგარეთ, რომელიც 3 თვის განმავლობაში გაგრძელდა. სწორედ აქ ვხვდებოდით და ვიცნობდით ბევრ საინტერესო ადამიანს. საკმაოდ ბევრი ნამუშევარი გაიყიდა და ეს იყო ჩვენი პირველი სერიოზული ჰონორარი. როცა ბილეთი ნასესხები ფულით გაქვს ნაყიდი და შენი ნამუშევრები მაღალ ფასად იყიდება, ეს მართლაც ძალიან დიდი მოულოდნელობაა. ამ ფინანსურმა მხარდაჭერამ მოგვცა იმის საშუალება, რომ გერმანიიდან სხვა ქვეყნებშიც გვემოგზაურა და ოცნება, რომელზეც წეღან ვსაუბრობდი აი ასე ნაბიჯ-ნაბიჯ აგვესრულებინა.

სწორედ ამ მოგზაურობის პერიოდში ვნახეთ პირველად ის, თუ რა იყო თანამედროვე ხელოვნება. ჩვენთან, საქართველოში, იმ პერიოდში არსებობდა მოსაზრება, რომ ეს სფერო სრული გადახვევა იყო ხელოვნებიდან და სრულ აბსურდს წარმოადგენდა, თუმცა, საზღვარგარეთ ყოფნისას დავრწმუნდით, რომ თანამედროვე ხელოვნება იმაზე სერიოზული სივრცეა, ვიდრე ჩვენ წარმოგვედგინა.

“NEVER SLEEP UPSIDE DOWN”, ERTI Gallery, 2017

შემოქმედება რეტროსპექტივაში

ჩემი ნამუშევრები სულ იცვლებოდა და იცვლება. ვფიქრობ, ჩემი პირველი, ბავშვობისდროინდელი ნამუშევრები არაფრით გამოირჩევა სხვა ბავშვების ნახატებისგან – ვხატავდი სრულიად ჩვეულებრივად, თუმცა, მაინც ყოველთვის ისე ხდებოდა, რომ ჩემს ნახატებს ყურადღებას აქცევდნენ. შემდეგ უკვე, 17-18 წლის ასაკში აქტიურად დავინტერესდი სიურრეალიზმით და ვქმნიდი სიურრეალისტურ ნამუშევრებს. რაც მე მინდოდა და როგორც მინდოდა, რომ გამომეხატა და გადმომეცა იმ პერიოდში, ვფიქრობ, საამისოდ სიურრეალისტური ჟანრი მჭირდებოდა.

სიურრეალიზმის შემდეგ დადგა დრო, როცა აკადემიურ კლასიკურ ხელოვნებას სერიოზულად შევხედე და ძალიან ბევრი წლის განმავლობაში შევისწავლიდი მას – ვცდილობდი, მაქსიმალური ხარისხი დამედო. მუდამ რაღაცას ვცვლიდი და ვცვლი დღესაც – იქნება ეს მედიუმი, მიდგომები.. მაგალითად, ძალიან სერიოზულად ვიყავი ერთი პერიოდი ნატურმორტით გატაცებული, ვიყავი აბსტრაქციით გატაცებული.. იყო პერიოდი, როცა კოლაჟითაც დავინტერესდი და 5-6 წელი ინტენსიურად ვიმუშავე ამ ტექნიკით.

ამჟამად მხოლოდ ტრადიციულ მასალას ვეხები – ზეთს, ტილოს, ხანდახან წყლის საღებავებსაც.

“PSILOCYBIN MUSHROOMS”

ინსპირაცია

არასოდეს არ ვიღებ ინსპირაციას ნანახიდან, ის ყოველთვის ჩემი შინაგანი მდგომარეობებიდან, ახლო წარსულის გაანალიზებიდან ან მომავალზე ფიქრიდან მოდის. მაგალითად, რომ დავინახო ხე, მინდორი, რაიმე ობიექტი, მომეწონოს და მან მომცეს ინსპირაცია, ამგვარი რამ არ არსებობს. უკვე განცდილი და დამუშავებული თემებისა თუ იდეების განხორციელებისათვის მჭირდება ვიზუალური მასალის ძიება. ყველაზე ახლო ჩემს იდეასთან და განცდებთან რა სიუჟეტები თუ ობიექტებიც არის, სწორედ მათ ვირჩევ და ისინი გადმომაქვს ზედაპირზე. რასაკვირველია, ნანახიც ჩვენზე ტოვებს ეფექტს, რომელიც გონებასა და გულში გადამუშავდება და გარკვეულ გავლენას ახდენს…

ხატვის პროცესი

მე სულ ვფიქრობ ხოლმე, იდეალური სამუშაო გარემო ხელოვანისთვის არსად არსებობს. უბრალოდ, რა კონკრეტული მოცემულობაც გვაქვს, მუდმივად მის გაუმჯობესებას ვცდილობთ ხოლმე. ჩემს წარმოდგენაში, შეუძლებელია, შეიქმნა იდეალური გარემო, იქმნება მხოლოდ დამაკმაყოფილებელი გარემო. რაც შეეხება, ჩემს გარემოს – აუცილებელი პირობაა ის, რომ უნდა მქონდეს კარგი ელექტროგანათება, მზის შუქზე არასდროს ვმუშაობ. სტუდიოში ყოველთვის მაქვს შავი ფარდები, რომლითაც ვაბნელებ გარემოს, რადგან დღის ციკლის ცვლილება, ამინდის ცვლილება ჩემზე ყოველთვის ნეგატიურ გავლენას ახდენს. შესაბამისად, არასდროს მაქვს განცდა, რა დროა..

ასევე, ამ პროცესში დიდ როლს ასრულებს მუსიკა, რომლის გარეშეც ისედაც ვერ ვცხოვრობ. ძირითადად, ჩემს სტუდიაში Ambient მუსიკა ჟღერს ხოლმე..

ბოლო ნამუშევარი

მას ჰქვია “სარკე”. ვფიქრობ, ეს ნამუშევარი ახალი სერიის დასაწყისი იქნება. ამ სერიაში კი შევა სარკეები, რომლებიც არაფერს არ ირეკლავენ. კონკრეტულად ამ ნამუშევარზე, სარკეში გამოსახულია სტალინი, რომლის თავიც კომპოზიციურად გადაჭრილია. მინდოდა, ამ ნამუშევარს დაეტოვებინა ასოციაცია, რომ შესაძლოა, ეს არცაა სარკე და უბრალოდ ფოტოა – თუნდაც, სარიტუალო გვირგვინში ჩაკრული ფოტო. სტალინის გამოსახულება, რომელსაც ჰქვია სარკე, უკვე გაძლევს სივრცეს, სადაც შეგიძლია, შენ იფიქრო და შენი ინტერპრეტაციები მოუძებნო მას, ამიტომაც, მგონია, რომ მნახველი კიდევ ბევრნაირად გაიგებს ამ ნამუშევარს.

“THE MIRROR”, 2020

შემოქმედებითი კრიზისი

ძალიან ბევრჯერ მქონია და ხანდახან საერთოდაც ვფიქრობ ხოლმე, შემოქმედება საერთოდ რა არის და რამდენადაა შესაძლებელი, არა რაიმე გააკეთო, არამედ შექმნა. შემოქმედება ზუსტად ეგაა – შენი სამყაროდან რაღაც შენეულს ქმნიდე, რომელიც მხოლოდ შენი პერსონალური სენტიმენტებით არ არის განპირობებული, არამედ მთლიანობაში განიცდიდე და უღრმავდებოდე იმ და ისეთ სამყაროს, რა სამყაროშიც ცხოვრობ დღეს. თუმცა, როგორ უნდა შეძლო, ამხელა ინფორმაციულ სივრცეში, რაღაც ისეთი შექმნა, რაც შენს ე.წ შენს ინდივიდუალურ კუნძულს გააჩენს – ეს ამოუხსნელი ამოცანაა ჩემთვის. საბოლოო ჯამში, ეს აჩენს საკუთარი შემოქმედების ამაოების განცდას. თუმცა, ბოლოს მაინც იმ დასკვნამდე მიდიხარ, რომ არა ამ ინფორმაციულ სივრცეს და მსოფლიოს, არამედ შენ გჭირდება რომ აკეთო ის, რასაც აკეთებ. 

შემოქმედებითი კრიზისი კი ზოგადად მაშინ დგება, როდესაც ძველი აღარ გეხება – ის აღარ გეხება, რასაც აქამდე აკეთებდი და ფიქრობდი. სწორედ ამის საფუძველზე ჩნდება კრიზისი, ანუ – სიცარიელე. და მიუხედავად იმისა, რომ ნეგატიურადაა აღქმული, ვფიქრობ, შემოქმედებითი კრიზისი ძალიან მაგარი რამეა – ახალ სივრცეში გამავალი კარივითაა და რამდენად და როგორ გახვალ, ეს უკვე ხელოვანის უნარებზეა დამოკიდებული.

“Born in..”

რჩევა მათ, ვისაც თანამედროვე ხელოვნებაში ფეხის შედგმა სურს

სასაცილოა, მე ვინმეს რამე ვურჩიო, მაგრამ ზოგადად ვიტყვი – ხელოვანის შემოქმედების ფასეულობას განსაზღვრავს ის, თუ რა კავშირშია თვითონ არტისტი დღევანდელობასთან. ყველა ეპოქაში, რომელშიც მოღვაწეობდნენ არტისტები და აკეთებდნენ ისეთ ხელოვნებას, რომელიც დღემდე ფასეულია, ყოველთვის საკუთარ დროსთან იყვნენ მჭიდრო კავშირში. ჰოდა ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ ხელოვანებმა, რა გვაკავშირებს დღევანდელობასთან. ამის გაცნობიერება და გარკვევა იძლევა ძალიან დიდ ენერგიას და რწმენას იმისას, რასაც ვაკეთებთ.

დღევანდელობაზე დაკვირვებით ნელ-ნელა იზრდება სამყაროს ხედვა და იწყებ ფიქრს, დღეს რანაირია სამყარო? საით შეიძლება, წავიდეს? როგორ ურთიერთობ მასთან? როგორ ზემოქმედებს ის შენზე? საერთოდ რანაირია ის სამყარო, როგორიც ახლა გაქვს? ვფიქრობ, ამ ყველაფრის გააზრებით იწყება თანამედროვე ხელოვნება.

და ასევე, ბოლო თვეების განმავლობაში ხშირად ვუმეორებდი საკუთარ თავს და სხვებსაც
ვეტყოდი: შენს გზაზე თუ გსურს, დადგე, ჯერ დარწმუნდი რომ, საკუთარი კარიდან გადიხარ გზის დასაწყისში.

როგორია სხვისი კარიდან გასვლა?

სხვისი კარიდან გასვლა არის ადვილი, ხოლო გზა, რომელსაც ამ შემთხვევაში გაივლი – ნახევარფაბრიკატია. და ეს ხელოვანს მანამ დატანჯავს, სანამ არ გააცნობიერებს, რომ სხვისი კარიდან გავიდა. ასეთ შემთხვევაში ყოველთვის გაქვს ნაკლოვანების განცდა, რომელსაც ვერ ხსნი, რა არის, სანამ არ მიხვდები, რაშია საქმე.

“GEESE”

თუ არა მხატვარი, მაშინ ვინ?

დიდი ალბათობით, ვიქნებოდი კომპოზიტორი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამის არანაირი უნარი არ გამაჩნია, ვიმედოვნებ, რომ ხატვა რომ არ შემძლებოდა, მუსიკალური უნარები მაინც მექნებოდა.

დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი არქიტექტორიც, თუმცა, ალბათ ძალიან დამანგრევდა ეს პროფესია ემოციურად, რადგან ამ ქვეყანაში ალბათ ბევრს ვერაფერს განვახორციელებდი. არიქიტექტურა ხომ არაა ინჟინერია, რომლითაც თუნდაც ძალიან დიდი გემოვნებით მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსების დაპროექტება შეგიძლია და რომლებიც სოკოებივით იზრდება თბილისში. მე ვფიქრობ, რომ არქიტექტურა ხელოვნების ძალიან რთული და სპეციფიკური დარგია, რომელსაც ალბათ სხვანაირი ძალები და ენერგიები დასჭირდებოდა ჩემგან.

რადგანაც ძალიან მიყვარს გზა და მანქანის მართვა, ასევე დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი შორეული გადაზიდვების მძღოლიც. თუმცა, ამისათვის აუცილებლად დამჭირდებოდა ყავის თერმოსი, კარგი დინამიკები და მუსიკა ამ ჩემს ტრაილერში.. და ხო! აუცილებლად უნდა მყოლოდა საყვარელი ქალი, რომელზეც სულ ვიფიქრებდი და რომელიც სულ დამელოდებოდა.

ა, ანუ არ წაიყვანდით თან?

არა, რა სისულელეა, მთელი მუღამი მარტო სიარულია! ჰოდა, ვიქნებოდი გადაზიდვების მძღოლი და ძალიან მაგრად ვიკაიფებდი ჩემ მიერ შექმნილი მდგომარეობით.

სახელი, რომელიც ავტობიოგრაფიას დაერქმეოდა?

ჯერ არ ვიცი, რადგან ასაკი არ მიწყობს ხელს.

70 წლის რომ გავხდები, მერე დამისვი ეგ კითხვა.

“THEN I FELL ASLEEP, WOKE UP, BUT I FELL ASLEEP AGAIN”, 2017


ჩემი ინტერვიუ ასე და ამგვარად სრულდება. ამოვხსენი თუ არა ამოცანა კი, თქვენთვის, მკითხველისთვის მომინდვია.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

www.marketer.ge

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია