კახეთი

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

დედასავით მიყვარხართ - შეუდარებელი შეფასება, რაც ნინო ჭანტურიძემ მოსწავლისგან მიიღო

განათლება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 03 აგვისტო 2020
ბავშვობიდან ფიქრობდა, რომ მასწავლებელი ან ექიმი უნდა გამხდარიყო. მასწავლებლობა განსაკუთრებით მოსწონდა და მუდამ თავის პედაგოგს ბაძავდა. ამას ისიც დაემატა, რომ მამამ სახლში ისეთივე დაფა მიუტანა, როგორიც სკოლაში ჰქონდა. პატარა გოგოც კარგად ირგებდა როლს და ხან მეზობელ ბავშვებს ამეცადინებდა, ხანაც თოჯინებს.

მშობლებს სურდათ, რომ ექიმი გამხდარიყო და საბოლოოდ, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ფუნდამენტური მედიცინის ფაკულტეტზე ჩააბარა. 16 წლის უკვე სტუდენტი იყო. როდესაც გაიაზრა, რომ ეს სპეციალობა მოიცავდა მხოლოდ აპარატურასთან მუშაობას, პარალელურად სამედიცინო უნივერსიტეტში სამკურნალო ფაკულტეტზე ჩაირიცხა და გრაფიკის მიხედვით ორივეგან სწავლობდა.

პირველი კურსი რომ დახურა, ოჯახი შექმნა. მეუღლე თელავში სწავლობდა, თვითონ -თბილისში, რაც სირთულეებს უქმნიდათ. არც მისი პროფესია მოსწონდათ ოჯახის წევრებს, რადგან თვლიდნენ, რომ ძალიან შრომატევადი და საპასუხისმგებლო იყო. ამიტომ განსხვავებული საგნები ჩააბარა და ერთი წლის შემდეგ თელავის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მესამე კურსზე ჩაირიცხა. დღეს ფიზიკა-მათემატიკის მაგისტრია.

ასე გახდა მასწავლებელი ნინო ჭანტურიძე, რომელმაც თავისი განვითარებისთვის ძალიან დიდი შრომა გასწია.

პროფესიის შეცვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება არასოდეს უნანია.
„იმდენად მიყვარს ჩემი პროფესია, რომ ვერ წარმომიდგენია, სხვა ვინმე ვყოფილიყავი. თუმცა, ყველაფერში მაქსიმალისტი ვარ, სადილის კეთების დროსაც კი. ამიტომ ექიმიც რომ გავმხდარიყავი, იქაც მაქსიმუმს გავაკეთებდი.“

მუშაობა გურჯაანის მესამე საჯარო სკოლაში დაიწყო. იხსენებს, რომ პირველი ხელფასი 17 ლარი აიღო. ძალიან გაუხარდა, როდესაც სამი ცალი მონობარათი იყიდა და 2 ლარი კიდევ დარჩა. დღეს კი პირველ საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის წამყვანი პედაგოგია. მოსწავლეებს ძალიან უყვართ. როგორც ნინო ამბობს, ბავშვების სიყვარული რომ დაიმსახურო, შენც განსაკუთრებულად უნდა გიყვარდეს ისინი.

„ძალიან მიყვარს ბავშვები, იმათით ვცოცხლობ, როდესაც ისინი ამ დამოკიდებულებას გრძნობენ, თავადაც გიბრუნებენ სიყვარულს. არ ვიცი როგორ, მაგრამ პირველივე შეხვედრიდან განსხვავებული დამოკიდებულება გვიყალიბდება. ბავშვები საოცრებები არიან, ზოგჯერ ისეთ კითხვას დაგისვამენ, ან არ იცი პასუხი, ან არ იცი, როგორ უპასუხო და ბევრჯერ მითქვამს მათთვის გულწრფელად, რომ ბავშვებო, არ ვიცი, მოდი ვიკითხავ და გეტყვით. როგორც კი მათ მოატყუებ, ნდობა ქრება. “

ბავშვები ხშირად ანებივრებენ ბარათებით, ლამაზი სიტყვებით, ჩახუტებით, მაგრამ ყველაზე დიდი კომპლიმენტი, რაც მათგან მიუღია, არის შეფასება: „დედასავით მიყვარხართ.“
„ეს არის ჩემთვის შეუდარებელი შეფასება, რაც ძალიან მაბედნიერებს. არ ვიცი, ალბათ, იმიტომ მიყვარს ასე ძლიერ ბავშვები, რომ ერთი შვილი მყავს და ამ დანაკლისს ისინი მივსებენ. მათგანაც ზღვა სითბო მოდის ჩემ მიმართ.“

ნინო ჭანტურიძეს სამი სასერტიფიკატო გამოცდა აქვს ჩაბარებული. თუმცა, თავად ამბობს, რომ მხოლოდ სერტიფიკატების რაოდენობა არ არის საკმარისი იმის სათქმელად, რომ ის კარგი მასწავლებელია.

„მე არ მიმაჩნია, რომ მასწავლებელი, რომელსაც უამრავი სერტიფიკატი აქვს, აუცილებლად კარგია და ვისაც არ აქვს - ცუდია, რადგან კლასის მართვა და ბავშვებთან ურთიერთობა კიდევ ცალკე უნარია. ბევრი მასწავლებელი ვიცი, რომელიც თავისი საგნის კარგი მცოდნეა, მაგრამ ბავშვები არ უსმენენ გაკვეთილზე, ვერ მართავს კლასს და შედეგიც შესაბამისად დაბალია.
მე მასწავლებლებსაც ვამეცადინებ სახლში და შემიძლია გითხრათ, რომ სამწუხაროდ, ბევრი მხოლოდ ხელფასის გამო მუშაობს. არადა, მასწავლებლობა ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიაა. ყველაფრის საწყისი მასწავლებელია, როგორც ამბობენ, ის არის ე.წ. მოდელი. დაიგვიანებ გაკვეთილზე? - ბავშვიც იფიქრებს, რომ დასაშვებია დაგვიანება, ილაპარაკებ გაკვეთილზე ტელეფონით? - ბავშვიც ჩათვლის, რომ ეს ნორმაა. ანუ როგორც მოიქცევი შენ, პედაგოგი, ისე მოიქცევა შენი მოსწავლეც.“

სახლის საქმეებს ღამით აკეთებს. ხშირად 2 საათზე იძინებს და 4-ზე ან 5-ზე იღვიძებს. იმდენად შეეჩვია ასეთ დატვირთულ რეჟიმს, რომ ახლა დასვენების პერიოდში უმოქმედოდ ყოფნა ვეღარ აუტანია.

როდესაც მიხვდა, რომ სკოლის სივრცე აღარ ყოფნიდა, ტრენერთა სკოლაში ჩააბარა და ჯერ მასწავლებელთა სახლის ტრენერი გახდა ფიზიკაში, შემდეგ უკვე მათემატიკაშიც.
გასულ წელს ტრენერების 10-კაციან ჯგუფში ისიც შეარჩიეს და შვეიცარია-საფრანგეთში, ატომური კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში- ცერნში იმყოფებოდა. ამის შემდეგ ახალი სკოლის პროექტში ჩაერთო და კურიკულუმების, ანუ სასწავლო გეგმების ექსპერტი იყო ვეჯინის სკოლაში.

წელს გაიარა ოთხეტაპიანი კონკურსი და გახდა მათემატიკის სპეციალისტი კახეთის რეგიონში. ამ ეტაპზე არის განათლების სამინისტროს თანამშრომელი ამ მიმართულებით. სურს, დოქტურანტურაში ჩააბაროს. ამბობს, რომ სწორედ ესაა მისი ცხოვრება, ეს არის საკუთარი თავის გამოცდა.

„ძალიან აზარტული ვარ, რა სიახლეც ხდება ჩემს სფეროში, არ შემიძლია, რომ არ მივიღო. ამ რეჟიმში ცხოვრება არ მაძლევს მოდუნების საშუალებას. 2014 წელს ბელგიაში ვიყავი, ითვინინგის პროექტის ფარგლებში და 2 მოსწავლეც მყავდა წაყვანილი. იქ მივხვდი, რომ ინგლისური ენის ცოდნა ძალიან მჭირდებოდა. შემრცხვა და საკუთარ თავზე გავბრაზდი, რომ აქამდე არ ვისწავლე. როცა ჩამოვედი, მასწავლებლეთან მივედი და ენის შესწავლა დავიწყე. მუდმივად ვმუშაობ საკუთარ თავზე და მუდმივად განვითარებაზე ვზრუნავ. სამომავლო გეგმად მაქვს, რომ ფიზიკის გამოცდაც ჩაბარო და რეგიონის სპეციალისტის სტატუსი ამ საგანშიც მივიღო. ასევე მინდა დოქტურანტურა დავამთავრო. არ ვიცი როგორ შევძლებ იმის ფონზე, როცა ჩემი შვილიც უკვე სტუდენტია.“

ნინო ჭანტურიძემ წელს მორიგი დაწყებითი კლასი გაუშვა. ეს პროცესი მისთვის სიხარულთან ერთად სევდაც არის. სურვილი ჰქონდა დიდი ღონისძიება გაეკეთებინა და ბავშვები ისე გაეცილებინა, მაგრამ კორონავირუსის პანდემისთან დაკავშირებული რეგულაციების გამო, ეს ვერ შეძლო, სწავლაც ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამიტომ ბავშვებს გზაც დისტანციურად დაულოცა და საკმაოდ ემოციური ვიდეოც ჩაწერა.




ახლა მორიგი პირველკლასელების მისაღებად ემზადება. ნერვიულობს, არ უნდა სწავლა დისტანციურად დაიწყოს, რადგან აუცილებელია ბავშვებს თვალებში ჩახედოს, შეეხოს, ერთმანეთს სითბო და სიყვარული გაუზიარონ, მიაჩნია, რომ პირველი შეხვედრა შემდგომი ურთიერთობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია