შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბაბუა, ესმა ბებიას გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს, დილით ქალიშვილს ენახა რომ აღარ სუნთქავდა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 06 აგვისტო 2020

ჩემმა დიდმა ბებიამ და ბაბუამ, ზუსტად 80 წელი იცხოვრეს ერთად, ერთმანეთის ერთგულად, უწყენინებლად, შრომაში და დიდ ჯაფაში გალიეს თავიანთი დღე.
ესმა ბებია ას წელს მიტანებული გარდაიცვალა.
მთელი დღე უშრომია, "ბრუი მესხმის რაცხა, უშნოთ მიტრუალობს თავიო" უთქვამს, შუბლი გაუკრავს და მიწოლილა, საღამოს დაულევია სული.
არ შეიცხადეს, ასე ქონია დაბარებული. "არ ვარ სატირალი ნენა, ყოვლიკაცს საღს და ჯანმრთელს ვტიებ, ნურც მიგლოვებთ, არც სხვაი შეაწუხოთ და არც თავი შეიწუხოთო.."
მესამე დღეს დაუკრძალავთ წყნარად. ქელიხის სუფრა ოჯახის წევრებისთვის და სხვა სოფლებიდან მოსული ნათესავებისთვის გაუშლიათ მეზობლებს წყავების ჩრდილში, ეზოში.
ბოლო სტუმარი რომ გაუცილებია, ოდის პარმაღზე, სკამლოგინაზე დამჯდარა ლადიმე ბაბუა, დამჯდარა და დამჯდარა..
ვერც შვილებს, ვერც ბადიშებს და რძლებს უკადრებიათ რამეს ხომ არ ინებებ, ან შინ შემობრძანდიო..
უფროს შვილიშვილს დღეში რამდენჯერმე საცივის წყალი მოქონდა თენჯერით, თავსტუმალს დაუდგამდა და მაშინვე გაეცლებოდაო.
ასე იჯდა გაუხდელად, გაუნძრევლად.
მეჩვიდმეტე დღეს თავისივე ნაბადზე მიწოლილი უნახავთ. წყალს სვამდა თურმე მხოლოდ ისიც იშვიათად.
არც არავისთან საუბარი ისურვა, არც არავის შეხედა და სხვის მზერასაც მოხერხებულად ირიდებდაო. შინაურები ყვებიან, რომ ფეხაკრეფით, უხმაუროდ დავდიოდით, სახლის უკანა შესასვლელით ვსარგებლობდით, თვალში არ ვებლანდებოდით, ვხედავდით გარინდებული იყო, სიკვდილი ქონდა გადაწყვეტილი და უსაშველო რიდი იდგა მის ირგვლივო..
ესმა ბებიას გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს, დილით ქალიშვილს ქეთოს ენახა რომ აღარ სუნთქავდა.
ესმა ბებიას გვერდით დაკრძალეს რათქმაუნდა და როგორც მაშინდელ გურიაში იყო მიღებული, რიყის დიდი ქვით მონიშნეს მისი საფლავიც.
ამ საუკუნე გადაცილებული კაცის, თავის გადადების ამბვის შემსწრე და მომყოლი დღესაც ბევრია ცოცხალი ასკანაში და ბახვში..
დღეს, ესმა ბებიას გარდაცვალების დღეა.

ზურა შევარდნაძე

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია