შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რომელი ადგილები უკავშირდება აგვისტოს ომის გმირებს სამცხე–ჯავახეთში [ფოტო]

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 08 აგვისტო 2020
რომელი ადგილები უკავშირდება აგვისტოს ომის გმირებს სამცხე–ჯავახეთში [ფოტო] მთავარი → სიახლე, საზოგადოება 08.08.2020 2008 წლის აგვისტოში რუსულ აგრესიას სამცხე–ჯავახეთიდან ექვსი ჯარისკაცი ემსხვერპლა. მათი სახელები საქართველოს უახლესი ისტორიის გარდა, რეგიონში სხვადასხვა ადგილებზე შემორჩა. სამცხე–ჯავახეთში აგვისტოს ომის გმირების სახელები ოთხ ქუჩას, ორ სკოლას, ფეხბურთის მოედანს, ხიდსა და წყაროს ჰქვია. ახალციხეში, აგვისტოს ომის გმირის, ანზორ გელდიაშვილის სახელს ამოიკითხავთ ასპინძისა და თამარაშვილის ქუჩების დამაკავშირებელ ხიდზე. ახალციხელი გმირი, ანზორ გელდიაშვილი 2008 წლის 11 აგვისტოს ბრძოლის ველზე გარდაიცვალა. ხიდს ანზორ გელდიაშვილის სახელი 2016 წლის მაისში მიენიჭა. აგვისტოს ომის კიდევ ერთი გმირის, თამაზ მექიძის სახელი ჰქვია მისი მშობლიური სოფლის, კოთელიის საჯარო სკოლას. 32 წლის უფროსი სერჟანტი, თამაზ მელიქიძე 8 აგვისტოს, გორის სამხედრო ბაზის დაბობვას შეეწირა. მასთან ერთად, რუსულმა ავიაციამ კიდევ 18 ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. კოთელიის სკოლა თამაზ მელიქიძის სახელი 2012 წლიდან მიენიჭა. სამი მებრძოლი ემსხვერპლა რუსულ აგრესიას ადიგენიდან. მათი სახელები დაბა ადიგენის სამ ქუჩას ჰქვია. ალექსანდრე ზაზაშვილი ადიგენის სოფელ უდედან იყო. 33 წლის კაპრალი ცხინვალში შეტაკებისას გარდაიცვალა. ქუჩას აგვისტოს ომის გმირის სახელი 2016 წლიდან მიენიჭა აგვისტოს ომის გმირის, არტემ ბალახაშვილის სახელს ატარებს დაბა ადიგენში კიდევ ერთი ქუჩა. მის სახელს უკავშირდება ასევე მშობლიურ სოფელში, უდეში, საჯარო სკოლის სპორტული მოედანი, სადაც ყოველწლიურად მისი სახელობის ტურნირი ტარდება ფეხბურთში.არტემ ბალახაშვილი ერთ–ერთი ყველაზე ახალგაზრდაა მათ შორის, ვინც აგვისტოში რუსულმა ტყვიამ იმსხვერპლა. 22 წლის გმირი 11 აგვისტოს სოფელ ბროწლეთთან გარდაიცვალა. ადიგენის სოფელ ლელოვნიდანაა რუსული აგრესიის წინააღმდეგ მებრძოლი დევი ჩადუნელი, რომლის სახელიც დაბაში ცენტრალურ ქუჩას ჰქვია. 27 წლის გმირი ცხრა აგვისტოს, ცხინვალში რუსული ავიაციის დაბომბვას ემსხვერპლა. ასპინძის მუნიციპალიტეტში აქაური გმირის, ტარიელ ქამაშიძის სახელს უკავშირდება მშობლიურ სოფელ მირაშხანში საჯარი სკოლა და წყარო, რომელიც რუსეთ–საქართველოს ომის გმირის სახელს 2016 წლიდან ატარებს. 20 წლის მებრძოლი ომის ცხელ წერტილში რუსი სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. 2008 წლის, აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. საომარ მოქმედებებში სამცხე–ჯავახეთიდან სულ 719 ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ადიგენიდან – 191, ახალციხედან – 346, ბორჯომიდან – 63, ასპინძიდან – 85, ახალქალაქიდან – 17 და ნინოწმინდიდან 6 ადამიანი.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აგვისტოს ომში დაიღუპა 170 სამხედრო მოსამსახურე. [რობი ზარიძე]
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია