გურია

შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოს მთავრობა ნატოს წევრობის გზაზე არასწორი მიმართულებით მოძრაობს - გენერალი ჰოჯესი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 აგვისტო 2020

ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილი ხელმძღვანელი, გენერალი ბენ ჰოჯესი, CEPA–ს სტრატეგიული კვლევების კათედრის გამგე, გამოცემა The Hill- ში საქართველოსა და ბელარუსის შესახებ სტატიას აქვეყნებს. 

 

ჰოჯესი უკვე წლებია საქართველოს ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მხარდამჭერია, თუმცა გუშინ გამოქვეყნებულ სტატიაში გენერალი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება ნატოს წევრობის გზაზე არასწორი მიმართულებით მოძრაობს. 

ჰოჯესის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელ იმედგამაცრუებელ ქმედებებსა და უკან გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობს. 

იგი ვრცლად მიმოიხილავს მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს პარლამენტის მიერ "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს და ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მიმდინარე მოვლენებს, რომელმაც, მისი თქმით, საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებს მიაყენა ზიანი.

გთავაზობთ სტატიას სრულად: 

"ბელარუსის და საქართველოს მაგალითები ყველაზე უკეთ გვახსენებს რამხელა საფრთხეა, როდესაც უსაფრთხოების ვაკუუმს ქმნი და რუსეთს ჩარევისთვის კარს უღებ. აშშ და ევროკავშირი ყურადღებით უნდა აკვირდებოდნენ საქართველოს. მოსახლეობაში ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების იდეის პოპულარობის მიუხედავად, არც ერთი ქვეყნის ხელისუფლება წევრობის გზაზე სწორი მიმართულებით არ მოძრაობს.

ბოლო წლებში თითქოს საქართველოს აქვს მიზანი, საკუთარი თავი დაასუსტოს. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2017 წლიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობამ 40%-ით იკლო და ამაში მხოლოდ ხელისუფლებაა დამნაშავე. 

საქართველოს ხელისუფლებას უცხოელი ინვესტორების ქვეყნიდან გაძევების გაუგებარი მისია აქვს. ამის საილუსტრაციოდ ორი მთავარი მაგალითი მოგვეპოვება. პირველი ქვეყნის პირველი ღრმაწყლოვანი პორტია ანაკლიაში. პორტს, რომელიც 2.5 მლრდ. დოლარი ჯდებოდა და რომელზეც იკვეხნიდნენ, რომ 16 მეტრის სიღრმე ექნებოდა, მსოფლიოში ნებისმიერი გემის მიღება შეეძლებოდა და ქვეყანას მსოფლიო რუკაზე ევროპასა და აზიას შორის ინტერკონტინენტული ვაჭრობის ჰაბად გადაკეთების შესაძლებლობას მისცემდა. 

პროექტი დასავლეთ ევროპიდან ლოჯისტიკისა და ტრანსპორტირების სფეროში ინვესტიციებს მოიზიდავდა და ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა გერმანია და ნიდერლანდები, საქართველოს სტაბილურობისა და უსაფრთხოების დაცვის ინტერესს გაუჩენდა.

ანაკლიის პორტი ასევე შავი ზღვის საპირისპირო საზღვარზე არსებულ რუმინეთს, რომელსაც დუნაიზე უზარმაზარი გამოუყენებელი კონსტანტას საზღვაო პორტი აქვს, ბევრად უფრო სერიოზულ ეკონომიკურ მოთამაშედ აქცევდა შავი ზღვის რეგიონში. ეს ასევე დამატებით სტიმულს შექმნიდა დუნაის ხელსაყრელი პოტენციალის უფრო ფართომასშტაბიანი ვაჭრობისთვის გამოყენებისთვის და რუმინეთის მყიფე სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესებასაც შეუწყობდა ხელს. 

თუმცა კრემლს ეს არ სურს. საქართველოს ტერიტორიების 20%-ის უკანონო ოკუპაციის მიმართ მეტი ყურადღების მიქცევა და რუმინეთის ეკონომიკის გაჯანსაღება რუსეთის ინტერესებში არ შედის. სწორედ ამიტომ, კრემლმა აქტიურად იმუშავა ანაკლიის პროექტის ჩაშლისთვის.

ასე რომ, საქართველოს ხელისუფლებამ ჩაშალა ეს შეთანხმება, ინვესტორებისთვის და საერთაშორისო სამშენებლო კომპანიებისთვის კრედიტის გაფორმებაზე უარის თქმით, რამაც ინვესტორებს გასულ თვეში არბიტრაჟში დავა აიძულა. სანამ საკითხი არ გადაიჭრება, მანამდე სხვა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლა რთული იქნება.

მეორე შემთხვევა, ბევრად უფრო საგანგაშოა, უსაფრთხოების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. შარშან, აზერბაიჯანულმა კომპანიამ, რომელიც ევროპასა და აზიას შორის ოპტიკური ბოჭკოვანი კაბელის ციფრულ კორიდორს აშენებდა, $61 მილიონად შეიძნა ქართული კომპანიის "კავკასუს ონლაინის" 49%-იანი წილი იმისათვის, რომ საქართველოს ნაწილში მილსადენი დაეზღვია. კომპანიის წარმომადგენლებმა არაერთი შეხვედრა გამართეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საქართველოს კომუნიკაციების კომისიასთან, მათი ინფორმირების მიზნით. 

ეს შეთანხმება მნიშვნელოვნად აწყობდათ საქართველოს, აშშ-სა და ევროპას, რადგან ის რუსეთისგან ქვეყნის ციფრული დამოუკიდებლობის გაზრდას შეუწობდა ხელს. განსაკუთრებით წინა წლის ოქტომბერში საქართველოზე განხორციელებული მასშტაბური კიბერთავდასხმის შემდეგ, რომელზეც რუსეთს დაეკისრა პასუხისმგებლობა, ერთი შეხედვით, ეს შეთანხმება საქართველოსთვის პრიორიტეტული უნდა ყოფილიყო. მათ შორის,  იმის გათვალისწინებითაც, რომ ალტერნატიული ხაზი ირანი და რუსეთია.  

თუმცა, ახლა, როდესაც შეთანხმება მოხერხდა, საქართველოს ხელისუფლება მის გაუქმებას ცდილობს. ამ პროცესში იმდენად შორს წავიდა, რომ ტელეკომუნიკაციების შესახებ კანონმდებლობაში ცვლილებები პარლამენტში გვიან ღამით გამართული შეკრებების შედეგად მიიღო. ამ ახალი კანონმდებლობით, კომუნიკაციების კომისიას უპრეცენდენტო ძალაუფლება მიენიჭა კერძო სექტორზე - თანამედროვე დემოკრატიისთვის აბსოლუტურად გაუგონარი.

ერთ-ერთი ყველაზე შემაშფოთებელი ასპექტი ამ ცვლილებებისა "სპეციალური სამთავრობო მმართველის" შექმნაა, რომელსაც თითქმის შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს სატელეკომუნიკაციო კომპანიებზე. მათ კომპანიის დირექტორების, ისევე როგოც საზედამხედველო ბორდის დანიშვნისა და დათხოვნის უფლებამოსილება მიენიჭათ. ასევე მათ შეეძლებათ გაასაჩივრონ მათ დანიშვნამდე ერთი წლის წინ დადებული კონტრაქტები და მათი გაბათილება მოითხოვონ. მათ ექნებათ უფლება კომპანიას მოგების, წილებისა და ბონუსების დისტრიბუცია შეუზღუდონ, ისევე როგორც ანაზღაურების ზრდა. ეს ქრესტომათიული მაგალითია პოტენციური კორუფციისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, რაც მალე შესაძლოა სხვა ინდუსტრიებზეც გავრცელდეს. თუკი ამას და უცხოური ინვესტიციების ვარდნას ერთობლივად მივიღებთ მხედველობაში, დავინახავთ უკვე ნაცად და გადამოწმებულ ფორმულას, თუ როგორ აქცევს ქვეყანა ზურგს დემოკრატიას და როგორ იქცევა იგი ახალ ბელარუსად

ამ წუთებში ბელარუსში ინტერნეტზე წვდომა შეზღუდულია, პრეზიდენტ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციების ჩახშობის მიზნით, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ თავს იმავეს ერთი ხელის მოსმით გაკეთების უფლებამოსილება მიანიჭა. 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორივე შეთანხმება რუსეთის ინტერესებს ურტყამდა და ორივე მათგანი დაძირვის პროცესშია იმათი მხრიდან, ვინც ყველაზე მეტად უნდა უწყობდნენ ამ შეთანხმებებს ხელს. 

კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენების გზაზე კერძო ინვესტიციები მესამე მნიშვნელოვანი სვეტია, თავდაცვაში თანამშრომლობასა და დიპლომატიასთან ერთად. თუ საქართველოს სურს გახდეს დასავლური ლიბერალური დემოკრატია, გააღრმავოს დასავლური ინტეგრაცია და მიიღოს გაძლიერებული უსაფრთხოებისა და გაუმჯობესებული ცხოვრების ხარისხის სარგებელი, მან თავისი თავი ამ ინვესტიციისთვის მიმზიდველად უნდა წარმოაჩინოს.

უკიდურესად იმედგამაცრუებელია, განსაკუთრებით ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველებისთვის, რომ ხელისუფლებამ სხვა მიმართულებით სვლა გადაწყვიტა", - ვკითხულობთ ჰოჯესის სტატიაში. 

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია